ტურ დე ფრანსი 2013: ყველაფერმა აზრი დაკარგა

AutoSharing Option
საიუბლეო, მე-100 ტურ დე ფრანსის ბედი, შესაძლოა, ეტაპზე გადაწყდა, როცა გაიმართა 33-კილომეტრიანი დროზე განცალკევებითი რბოლა. წინ კიდევ ერთი ასეთი ეტაპია, ასევე რამდენიმე სამთო რბოლა, მაგრამ "თიმ სქაის" ლიდერმა კრისტოფერ ფრუმმა უკვე იმხელა უპირატესობა მოიპოვა გენერალურ კლასიფიკაციაში, რომ მისი დამწევი პრაქტიკულად აღარავინაა.

ეტაპზე ყურადღება, პირველ რიგში, ორი პილოტისკენ იყო მიპყრობილი. ერთის მხრივ, ეს იყო გერმანელი ტონი მარტინი - ინდივიდუალურ რბოლაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო სერიოზული დაზიანება, მაგრამ მოახერხა ტურზე დარჩენა. სწორედ ის მიიჩნეოდა ეტაპის ფავორიტად.

რაც შეეხება საერთო
ჩათვლის ლიდერ კრისტოფერ ფრუმს, მისგან ამ კონკრეტულ რბოლაში გამარჯვებას არ ელოდნენ, რადგან ბრიტანელი სხვა ამოცანებს წყვეტს ტურზე. კარგი გამოსვლით მას შეეძლო რამდენიმე წუთი მოეგო კონკურენტებისთვის გენერალურ კლასიფიკაციაში.

საერთო ჩათვლაში ტონი მარტინს ძალიან დაბალი ადგილი უკავია და შესაბამისად, ის ერთ-ერთი პირველი გავიდა ტრასაზე. გერმანელმა ძალიან მაღალი ტემპი განავითარა (საშუალო სიჩქარე - 54 კმ/სთ) და სერიოზული ორიენტირი დაუწესა მეტოქეებს. საბოლოოდ, ეტაპის ბოლომდე ამ დროს ვერავინ ვერაფერი მოუხერხა. მხოლოდ ფრუმი იყო ერთადერთი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონთან წუთზე ნაკლები წააგო, კერძოდ, 12 წამი. სხვათა შორის, პირველ საშუალედო ფინიშზე, ბრიტანელი ერთ წამსაც კი უგებდა გერმანელს.

თუმცა ფრუმმა მაინც წააგო გუშინდელი ეტაპი, მაგრამ ეს რბოლა მის დიდ გამარჯვებად უნდა აღვიქვათ. საერთო ჩათვლაში მისი ვერც ერთი კონკურენტი ვერ მოხვდა პირველ ათეულში, ამან კი ის გამოიწვია, რომ უკვე 11 ეტაპის შემდეგ, ბრიტანელი ფავორიტი სამწუთნახევარს უგებს მეორე ადგილზე მყოფ ვალვერდეს, არადა, ტურის ყველაზე რთული ნაწილი ჯერ კიდევ წინ არის. ისე ჩანს, რომ ფრანგული ველომარათონის დარჩენილი ეტაპების მთავარი ინტრიგა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რა უპირატესობით მოიგებს ფრუმი ტურ დე ფრანსს.

XI ეტაპი
1. ტონი მარტინი (გერ, Omega Pharma-Quick Step) - 36.29; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - +0.12; 3. ტომას დე გენდტი (ბელ, Vacansoleil) - +1.01; 4. რიჩი პორტი (ავსტრა, Sky) - +1.21; 5. მიხალ კვიატკოვსკი (პოლ, Omega Pharma-Quick Step) - +1.31; 6. სვენ ტაფტი (კან, Orica-GreenEdge) - +1.35...

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 42:29:24; 2. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +3.25; 33. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +3.37; 4. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +3.54; 5. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +3.57; 6. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +4.10...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურ დე ფრანსი 2013: ჩემპიონი უკვე ცნობილია?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული