ტურ დე ფრანსი: ფრუმი ორგზის ჩემპიონია

AutoSharing Option
ტურ დე ფრანსის ბოლოსწინა ეტაპი ყველაზე მოკლე, მაგრამ, ამასთან, მძიმე იყო და მას უნდა გაერკვია სამკვირიანი გარჩევების ბედი ოთხ ნომინაციაში - გენერალურ კლასიფიკაციაში, ახალგაზრდა ველომბოლისა და გუნდურ ჩათვლაში, ასევე "მთის მეფის" ნომინაციაში.

მთავარი გამოცდა, რა თქმა უნდა, საფინიშო მწვერვალი ალპ-დ'იოზი იყო - 8.1 პროცენტის დახრილობის 13.8 კილომეტრის სიგრძის აღმართი. ეს მთა 29-ედ მოხვდა ტურ დე ფრანსის მარშრუტში, მისი ბოლო დამპყრობი იყო 2013 წელს კრისტოფ რიბლონი გახლდათ.

ეტაპის 30-ე კილომეტრზე აიწყო აღმასვლა უმაღლესი კატეგორიის მთაზე - კოლ დე კრუაზე. პირველი იქ
პიერ როლანი ავიდა. ამ მწვერვალს მოსდევდა დაღმართი და მცირე სწორი მონაკვეთი.

ეტაპის პირველ ნაწილში ოთხი ველომრბოლი გაიქცა - ალექსანდრ ჟენიე, რამუნას ნავარდაუსკასი, ლარს ბაკა და ნიკოლა ედე. მათი უპირატესობა ძირითად ჯგუფთან ექვს წუთს აღწევდა.

კოლ დე კრუას პირველ კილომეტრებზე გააქტიურდა რომენ ბარდე და მისი გუნდი. ისინი "მთის მეფის" მაისურის შენარჩუნებისთვის ზრუნავდნენ და დაიწყეს სხვაობის შემცირება დაწინაურებულებთან. იქვე "მოვისტარმა" ვალვერდესა და კინტანას აქტიურობით ორმაგი იერიში მიიტანეს ფრუმზე. ამ მცდელობამ შედეგი არ მოუტანია. ვალვერდემ მწვერვალამდე ვერ გაძლო და ვერ დაეხმარა კინტანას.

ამასობაში, დაწინაურებული ოთხეულიდან მარტო გააგრძელა შეტევა ალექსანდრ ჟენიემ და პირველი მივიდა ალპ დ'იოზის ძირამდე. მას ფრუმის ჯგუფთან სამწუთიანი უპირატესობა ჰქონდა. ლიდერსა და პელოტონს შორის იყო კიდევ ერთი ჯგუფი, რომელშიც პინო, როლანი, ჰეშედალი, ანაკონა, ნავარდაუსკასი და სხვები შედიოდნენ. ჟენიემ პირველმა დაიწყო ალპ-დ'იოზზე ასვლა, წუთნახევრის შემდეგ მოდიოდა პინოს ჯგუფი, ფრუმი და კომპანია კი თითქმის ოთხი წუთით ჩამორჩებოდა.

ბოლო აღმართის პირველი მეტრებიდან კონტანამ ისევ შეუტია ფრუმს. "მოვისტარმა" კვლავ წინ გაუშვა ვალვერდე, რომელსაც მალე კინტანა შეუერთდა. როცა ვალვედრემ ისევ მოუკლო, კინტანა უკვე ანაკონას მიჰყავდა. მოკლედ, "მოვისტარი" შესანიშნავად მოქმედებდა, მაგრამ ფრუმიც წესრიგში იყო.

ფინიშამდე რვა კილომეტრით ადრე, პინო და ჰეშედალი დაეწიენ ჟენიეს. მალე პინომ ჰეშედალიც ჩამოიცილა, გაუძლო ყველა სირთულეს, მათ შორის, შეტევაზე გადასულ კინტანას და პირველი ავიდა ალპ-დ'იოზზე. მან მთლიანად ჩააგდო წლევანდელი ტური გენერალური კლასიფიკაციის მხრივ, მაგრამ ამ წარუმატებლობის კომპენსირება სამეფო ეტაპის მოგებით შეძლო.

ნაირო კინტანამ დაამტკიცა, რომ კრისტოფერ ფრუმის დამარცხება შეიძლება. ახლა, კოლუმბიელი სინანულით გაიხსენებს მეორე ეტაპს, სადაც "მოვისტარის" კაპიტანი ზედახორაში მოხვდა და დახლოებით წუთნახევარი დაკარგა. სწორედ ეს დრო არ ეყო კინტანას იმისთვის, რომ სრულფასოვანი კონკურენცია გაეწია ფრუმისთვის საერთო ჩათვლაში. მიუხედავად ამისა, "მოვისტარმა" ბრწყინვალე ტური ჩაატარა - კინტანას მეორე ადგილი, ვალვერდეს პოდიუმი და დამაჯერებელი ტრიუმფი გუნდურ ნომინაციაში.

კრისტოფერ ფრუმმა კი გაიმეორა 2013 წლის შედეგი და მეორედ მოიგო ტურ დე ფრანსი. Sky-ის კაპიტანმა კონკურენტები ტურის პირველ ნაწილში, ლა პიერ-სენ-მარტენზე გააოცა, რის შემდეგაც, ალპებში მხოლოდ თავს იცავდა და ეს კარგად გამოუვიდა. სხვათა შორის, ლიდერის ყვითელი მაისურას, ფრუმმა "მთის მეფის" მაისურაც დაუმატა, რითაც გააწბილა ბარდე და როდრიგესი.

საერთო ჩათვლა
1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 81.56,33; 2. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +1,12; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +5,25; 4. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +8,36; 5. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +9,48; 6. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +10,47; 7. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +15,14; 8. მატიას ფრანკი (შვეიც, IAM) - +15,39; 9. რომენ ბარდე (საფ, AG2R) - +16,00; 10. პიერ როლანი (საფ, Europcar) - +17,30...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული