რეიტინგები: კარიერის პიკი 33 წლის ასაკში

AutoSharing Option
გასულ კვირას ჩატარებული ტურნირების შემდეგ, გარკვეული ცვლილებები მოხდა ქალთა კლასიფიკაციის ზედა საფეხურებზე. მთავარი მოვლენა იყო ტოპ-ათეულში რობერტა ვინჩის მოხვედრა.

33 წლის იტალიელი კარიერაში პირველად შევიდა ქალთა ჩოგბურთის ელიტაში. ადრე, ასეთ ასაკში არავის ჰქონია დებიუტი WTA-ის კლასიფიკაციის TOP10-ში. აქამდე რეკორდის მფლობელი იყო ბეტი სტოვე. ჰოლანდიელი საუკეთესო შედეგებს წყვილებში აჩვენებდა, მაგრამ ბოლოს ერთეულებშიც მოუმატა და 31 წლის ასაკში შეძლო ტოპ-ათეულში შესვლა. ეს მოხდა 1976 წლის ოქტომბერში. მომდევნო სეზონში, სტოვემ უიმბლდონის ფინალამდე მიაღწია და TOP5-შიც აღმოჩნდა.

აღვნიშნავთ, რომ დღეის მონაცემებით, რეიტინგის საუკეთესო ოცეულში
მხოლოდ ერთი ჩოგბურთელი დარჩა, ვინც პირველ ათეულში არასოდეს ყოფილა - ეს არის უკრაინელი ელინა სვიტოლინა.

საინტერესოა, რომ ვინჩიმ გასულ კვირას პირველივე წრეში წააგო დუბაის ტურნირი, მაგრამ მის კონკურენტებს ბევრი ქულა ჰქონდათ დასაცავი, რაც ვერ შეძლეს.

ახალ რეიტინგში წინსვლა აქვს ბელინდა ბენჩიჩს. დუბაიში მანაც პირველ რაუნდში წააგო, მაგრამ მაინც გაუსწრო ფლავია პენეტასა და პეტრა კვიტოვას და მეშვიდე ჩოგანი გახდა. მომავალ ორშაბათს, შვეიცარიელი შეიძლება კიდევ უფრო ზემოთ ავიდეს, რადგან მეექვსეადგილოსანი მარია შარაპოვა დოჰაში არ თამაშობს.

დუბაიში შარშან მოპოვებული 900 ქულა დაკარგა სიმონა ჰალეპმა და ამით მესამე ადგილი დაუთმო აგნიეშკა რადვანსკას. გარდა ამისა, რუმინელს კვალში უდგას გარბინ მუგურუსა, ასე რომ, ჯერჯერობით, ჰალეპს რთული სეზონი აქვს, ისევე, როგორც კაროლინ ვოზნიაცკის, რომელმაც დუბაიში ვერ ითამაშა და საერთოდ გავარდა TOP20-დან.

სამაგიეროდ, ტოპ-ოცეულში დაბრუნდა დუბაის ტრიუმფატორი სარა ერანი, რომელიც, ახლა, მე-17 პოზიციაზე იმყოფება.

უფრო მოკრძალებული ტურნირი გაიმართა რიო-და-ჟანეიროში, სადაც TOP100-ის არც ერთი წარმომადგენელი არ თამაშობდა. ასეთ შემადგენლობაში პირველი გახდა 35 წლის ფრანჩესკა სკიავონე, რომელმაც კარიერაში მეშვიდე ტიტული მოიგო. ამით იტალიელი პირველ ასეულში დაბრუნდა.

* * *
მამაკაცებს შორის ყველაზე მსხვილი ტურნირი იყო რიოში. აქ ტიტულის დაცვა ვერ შეძლო დავიდ ფერერმა, რომელმაც მეოთხედფინალში წააგო დომინიკ ტიმთან. ესპანელი მეექვსედან მერვე ადგილამდე დაეშვა და წინ გაუშვა ტომაშ ბერდიხი და კეი ნიშიკორი.

რიოში გამარჯვებული გახდა პაბლო კუევასი, რამაც მას 17-საფეხურიანი ნახტომი და 28-ე ადგილი მოუტანა. სხვათა შორის, თავის საუკეთესო წლებში ურუგვაელი ტოპ-ოცეულშიც ყოფილა. ნახევარფინალში თამაშმა პირადი რეკორდი - მე-15 ადგილი მოუტანა დომინიკ ტიმს. ავსტრიელი TOP20-ის ყველაზე ახალგაზრდა წევრია.

დელრეი-ბიჩში მოიგო სემ კუერიმ და ამერიკელი TOP50-ში დაბრუნდა, მარსელში კი მთავარი პრიზი ნიკ კირგიოსმა მოიპოვა, თუმცა ავსტრალიელი მხოლოდ ორი საფეხურით ამაღლდა და 31-ე ჩოგანია.

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 245
2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 700
3(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 210
4(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 745
5(5). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 642
6(6). მარია შარაპოვა (რუს) 3 672
7(9). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 505
8(8). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 582
9(7). ფლავია პენეტა (იტა) 3 422
10(13). რობერტა ვინჩი (იტა) 3 481

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 790
2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 855
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 795
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 870
5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 880
6(7). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 235
7(8). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 990
8(6). დავიდ ფერერი (ესპ) 3 915
9(9). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 950
10(10). რიშარ გასკე (საფ) 2 760

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული