აშშ-ის ღია პირველობა: პენეტამ მოიგო და... წავიდა

AutoSharing Option
ამერიკელმა სერენა უილიამსმა მაინც ვერ შეძლო კარიერაში პირველად კალენდარული "დიდი სლემის"შესრულება. მსოფლიოს პირველ ჩოგანმა სამ სეტში წააგო იტალიელ რობერტა ვინჩისთან - 6:2, 4:6, 4:6.

ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. "დიდი სლემის" ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა წელს მხოლოდ ორი შეხვედრა დათმო. ის ეთამაშებოდა მსოფლიოს 43-ე ჩოგანს, რომელიც პირველად იყო გასული ასეთი დონის ტურნირის ფინალში, თან გზად არც ერთი განთესილი ჩოგბურთელი არ შეხვედრია და ამერიკელთან წინა ექვსი მატჩი ისე ჰქონდა წაგებული, რომ ერთი სეტიც არ მოუგია. და სერენა სწორედ ასეთ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა პარასკევს "ფლეშინგ
მედოუს" ცენტრალურ კორტზე.

რობერტა ვინჩიმ პირველმა შეასრულა ბრეიკი და დაწინაურდა - 2:1, მაგრამ პირველ სეტში ინტრიგა დიდი ხანი არ შენარჩუნებულა. მალე სერენა უილიამსმა სრული უპირატესობა მოიპოვა და პარტია ზედიზედ ხუთი მოგებული გეიმით დაასრულა.

თუმცა იტალიელს დანებება არც უფიქრია. უილიამსის მძლავრ თამაშს მან თავისი კოზირები დაუპირისპირა - კარგი თამაში დაცვაში, ღრმა საპასუხო დარტყმები და ბადესთან გასვლა. მეორე სეტზე ჩაწოდებისას, ვინჩიმ ბრეიკ-პოინტი მოიგერია და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. ამერიკელმა ჯავრი საკუთარ ჩოგანზე იყარა.

ამან თითქოს დადებითად იმოქმედა: მესამე სეტში სერენა თავიდანვე ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ მალე ანგარიში ისევ თანაბარი გახდა. მეშვიდე გეიმში ვინჩიმ ბრეიკ-პოინტი მიიღო, გამოიყენა და წინ გავიდა - 4:3. ორი გეიმის შემდეგ, მან "მშრალი" ანგარიშით მოიგო საკუთარი მოწოდება, ჰაერიდან დარტყმით გამოიყენა მატჩბოლი და ეჭვგარეშეა, თავის კარიერაში საუკეთესო გამარჯვება მოიპოვა.

ასევე სენსაციად შეიძლება ჩაითვლოს მსოფლიოს მეორე ჩოგანის, რუმინელი სიმონა ჰალეპის მარცხი ფლავია პენეტასთან, თუმცა იტალიელისთვის აშშ-ის ღია ყოველთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო - ბოლო სამი წლის განმავლობაში, ის აქ მეორე გავიდა ნახევარფინალში, ჰალეპი კი ამ ეტაპზე პირველად თამაშობდა. გასაოცარია ანგარიში, რომლითაც 33 წლის აპენინელმა გაიმარჯვა - 6:1, 6:3. ამისთვის მას 59 წუთი დასჭირდა.

სუფთად წაგებული პირველი სეტის შემდეგ, მეორეში ჰალეპმა თითქოს იპოვნა თამაში და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ პენეტამ ზედიზედ 15 (!) ქულა მოიგო და ოთხი გეიმი აიღო, რის შემდეგაც, დამაჯერებლად დაასრულა მატჩი თავის სასარგებლოდ.

* * *
აქამდე, "ღია ერაში" არც ერთ იტალიელს არ მიუღწევია ამერიკის ღია პირველობის ფინალამდე, ამჯერად კი, იქ ამ ქვეყნის ერთბაშად ორი წარმომადგენელი აღმოჩნდა. ეს იყო პირველი იტალიური ფინალი "დიდი სლემის" ტურნირებზე და ასევე, პირველი 30 წელს გადაცილებულ ჩოგბურთელებს შორის.

პენეტასა და ვინჩის შორის ურთიერთშეხვედრათა ისტორია ჯერ კიდევ 2003 წლიდან იღებს სათავეს. იქედან მოყოლებული, მათ ცხრა შეხვედრა ჩაატარეს და პენეტა წინ იყო - 5:4. მანვე მოიგო ბოლო შეხვედრა 2013 წელს, ამერიკის ღიას მეოთხედფინალში.

ფლავიამ პირველ სეტში წაიყვანა ანგარიში - 4:2, მაგრამ ვინჩიმ შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება. პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე ირკვეოდა, სადაც უფრო ძლიერი პენეტა აღმოჩნდა: ფორჰენდზე ზედიზედ ორი შეცდომით, რობერტამ მეტოქეს ორმაგი სეტბოლი აჩუქა და 26-ე ნომრად განთესილმა პირველივე ცდა გამოიყენა კარგი მოწოდების წყალობით.

მეორე სეტში პენეტა თავიდანვე გაიქცა: 4:0 დაწინაურდა. ვინჩიმ ერთი ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. 2:5-ზე საკუთარი მოწოდებისას, რობერტა 0:40 ჩამორჩა და პენეტამ პირველივე მატჩბოლი გამოიყენა - 7:6(4), 6:2.

33 წლის ასაკში, ფლავია გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც "დიდ სლემზე" პირველ გამარჯვებას მიაღწია. ამასთან, მას "მეიჯორების" სარეკორდო რაოდენობის - 49 ტურნირის ჩატარება დასჭირა სადებიუტო ტრიუმფისთვის.

* * *
"ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს გონებაში ბევრი აზრი ტრიალებდა. თან ოდნავ დაღლილი ვიყავი, - განაცხადა ვინჩიმ. - მაგრამ მე ხომ ფინალში დავმარცხდი, ასე რომ, ძალიან კმაყოფილი ვარ. და უზომოდ ბედნიერი ფლავიას გამო".

როცა პენეტას ჯერი დადგა, მან თქვა: "არარეალურად ბედნიერი ვარ. უნდა ვაღიარო - ტურნირის წინ ვერ გავიფიქრებდი, რომ აქ ჩემპიონობას მოვიპოვებდი. დაუჯერებელია, რომ ასეთი სახის სიურპრიზები ხდება. ეს ოცნებაა, რომელიც რეალობად იქცა. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი იმის შესახებ, რომ პირველი ჩოგანი გავხდებოდი და "დიდი სლემის" ტურნირს მოვიგებდი. კარგია ფინალში მეგობრის წინააღმდეგ თამაში. რობერტამ ფანტასტიკურად ჩაატარა ეს ტურნირი".

და როცა მიკროფონი უნდა დაებრუნებინა, ფლავიამ დაამატა: "მინდა კიდევ რაღაც ვთქვა. ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე, დაახლოებით ერთი თვის წინ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. სწორედ ამ ტურნირის შემდეგ ვემშვიდობები დიდ ჩოგბურთს".

მოგვიანებით, თავის საჩემპიონო პრესკონფერენციაზე პენეტამ ახსნა, რომ კარიერას პირდაპირ ახლა არ ასრულებს და წლის ბოლომდე კიდევ ორ ტურნირში ითამაშებს, როგორც ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი - უჰანში და პეკინში. გარდა ამისა, აშშ-ის ღიაზე გამარჯვების შემდეგ, იტალიელი მეექვსე ადგილზე გადაინაცვლებს WTA-ის საჩემპიონო რბოლაში და თავისუფლად შეუძლია მოხვდეს სინგაპურში წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

"თუ გამომივა, რა თქმა უნდა, სინგაპურში აუცილებლად ვითამაშებ", - განაცხადა პენეტამ.

ასე რომ, პენეტამ პრაქტიკულად გაიმეორა ფრანგი მარიონ ბარტოლის სვლა, რომელმაც ასევე ძალიან მალე დაასრულა კარიერა უიმბლდონის მოგების შემდეგ.

ქალები
1/2 ფინალი
რობერტა ვინჩი (იტა)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) 2:6, 6:4, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 26)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 2) 6:1, 6:3.

ფინალი
ფლავია პენეტა (იტა, 26)-რობერტა ვინჩი (იტა) 7:6(4), 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული