10 237 ეისი - ხორვატმა ხორვატს გადაასწრო

AutoSharing Option
პეკინის "მასტერსზე" გუშინ, მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. მართალია, ივო კარლოვიჩმა ურუგვაელ პაბლო კუევასთან წააგო (6:7, 6:7), მაგრამ ხორვატი ვეტერანისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო.

საქმე ისაა, რომ მან შეხვედრაში 27 ეისი ჩააწოდა და ასეთი მოწოდებების საერთო რაოდენობით გაუსწრო აწ უკვე ყოფილ რეკორდსმენს, ლეგენდარულ თანამემამულეს გორან ივანიშევიჩს. ახლა, კარლოვიჩის ანგარიშზეა 10 237 ეისი.

"შესანიშნავი გრძნობაა. ვიცოდი, რომ ეს შესაძლებელი იყო და იმედი მქონდა, რომ რეკორდი წელს დამყარდებოდა. კარგია, რომ ეს აქ, პეკინში მოხდა.

მოწოდება - ჩემი ყველაზე მძლავრი იარაღია. და ყოველთვის ვცდილობ მის
გამოყენებას. მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია. წინ კიდევ ბევრი წელი მაქვს, შესაბამისად, ეისების რიცხვი გაიზრდება", - განაცხადა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 36 წლის კარლოვიჩმა.

2015 წლის სეზონშიც ერთ მატჩში ეისების რეკორდი კარლოვიჩს ეკუთვნის. მან ჰალეს ტურნირის მეოთხედფინალში, ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ 45 ეისი ჩააწოდა.

* * *
გუშინ, ასევე კორტზე ვიხილეთ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. სერბმა ორ პარტიაში გაანადგურა ჩინელი ჟიე ჟანგი - 6:2, 6:1 და მეოთხედფინალში გავიდა. ახლა, ჯოკოვიჩს ჩინეთის დედაქალაქში 26 მოგება დაუგროვდა. ამასთან, ნოვაკს არასოდეს წაუგია მატჩი პეკინში.

უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ რაფაელ ნადალს აქვს, რომელმაც როლან გაროსზე საწყისი 31 მატჩი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული