თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: მსოფლიოს სახელბურთო სამყარო აქ არის!

AutoSharing Option
ახალ საოცრებებსა და ქვეყნის იმიჯის ამაღლებაზე დღენიადაგ განუხრელად ორიენტირებული მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა ყატარი, 15 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით, მსოფლიოს, ყოველ შემთხვევაში, სპორტის და უფრო კონკრეტულად, ხელბურთის სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცევა.

15 იანვარს აქ საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს ხელბურთელ ვაჟთა 24-ე ჩემპიონატი ჩვენი პლანეტის 24 საუკეთესო ნაკრების მონაწილეობით. ორი წლის წინათ ამ ჩემპიონატს ესპანეთი მასპინძლობდა და ახლა ამ ქვეყნის გუნდი, ყატარში ასპარეზობის დასრულებამდე, აქ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში ყელყელაობს. თუმცა უალტერნატივო ფავორიტიაო, ვერ ვიტყვით, საფრანგეთს განსაკუთრებით და სხვებსაც, როგორც აქ მსჯელობენ, უდავოდ
ჰყავთ ანგარიშგასაწევი გუნდები.

აქვე ვიტყვით, რომ სპეციალისტების შეფასებით, ჩემპიონობაზე ნამდვილად ექნებათ სერიოზული პრეტენზიები მასპინძლებს. თუმცა, ვნახოთ, ჯერ ჯგუფური ტურნირი მიუჩენს ყველას თავის ადგილს.

ისე, ესპანეთი და ყატარი ერთ ჯგუფში გამოდიან, ოლიმპიური თამაშების და ევროპის ჩემპიონ საფრანგეთს კი შვედეთის, ჩეხეთის, ისლანდიის, ეგვიპტის და ალჟირის ნაკრებებთან მოუწევს უპირატესობის დამტკიცება.

რაღა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებიც გვეხილა რჩეულთა შორის, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ ვრჩებით უკეთესი მომავლის იმედად - ჩვენში უმაღლესი დონის ხელბურთის კვლავ დაბრუნების იმედად.

მანამდე კი ისიც დიდი საქმეა, რომ ჩვენი ფედერაციის აქტიურობით (პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე), ურთიერთობა შთამბეჭდავად მყარდება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან. დოჰაში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების სემინარებიც ტარდება, რომელშიც საქართველოდანაც არის სპეციალისტი მოწვეული -საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი კეკელიძე.

ახლა აქ ოფიციალურ შეხვედრებშია ჩართული ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ზურაბ კაკაბაძე კი მოგვიანებით ჩამოვა დოჰაში საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. თავისთავად დიდი საქმეა ისიც, რომ მსოფლიოს ამ ჩემპიონატში, სადაც არ მონაწილეობს საქართველო, ჟურნალისტებით მაინც არის წარმოდგენილი ჩვენი ქვეყანა.

ჯერჯერობით დოჰაში ჩემპიონატთან დაკავშირებით ბევრი არაფერი გვინახავს, მაგრამ მიღება-დაბინავება, სატრანსპორტო და სხვა მომსახურება იდეალურ დონეზეა.

15 იანვარს ჩემპიონატის საზეიმოდ გახსნის შემდეგ გაიმართა ერთი შეხვედრა - მასპინძლები დაუპირისპირდნენ ბრაზილიელებს და დაამარცხეს - 28:23.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტენგო რას დადიხარ დზმაო მეტი საკმე აგარ გაკვს ხომ აკეტ მიხედე რა ხდება ჰემო კარგო კარტულ სპორტსი
sako
12:18 17-01-2015
0

სიახლეები პოპულარული