თენგიზ გაჩეჩილაძე ყატარიდან: საქომაგო გუნდი ჩვენც გამოგვიჩნდა

AutoSharing Option
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ვაჟ ხელბურთელთა მსოფლიოს 24-ე ჩემპიონატიდან მატჩებისა და საერთოდ, ტურნირის მიმოხილვას არ ვაპირებდი, მაგრამ ახლა, როგორც იტყვიან, სულმა წამძლია, მიზეზი კი ყატარი-ესპანეთის მატჩი გახდა.

ეს სულაც არ იყო ცდუნების უბრალო მიზეზი იმის გათვალისწინებით, რომ ორივე მეტოქე მოქმედი ჩემპიონია - ყატარი აზიის, ესპანეთი - მსოფლიოსი. ამასთან, შევეცდები გადმოვცე ამ მატჩით ჩემპიონატის სულისკვეთებაც, რასაც ასეთ ასპარეზობებზე, ყველგან და ყოველთვის, გარკვეულწილად, მაყურებელთა განწყობა ამაღლებს.

მაყურებლებში კი, საერთოდ, ბუნებრივია, სტუმარი გუნდების ქომაგებზე მეტი ადგილობრივი არის ხოლმე. მაგრამ აქ მათ მხოლოდ იმ
თამაშებზე ვხედავთ, როცა ვინმეს მეტოქე ესპანეთის გუნდია.

ასეთ დროს ტრიბუნები გადათეთრებულია ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გულშემატკივრებით.

მათი აბსოლუტური უმრავლესობა მთავრობის ან სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. ჩემპიონატის მთავარ, "ლუსაილ არენაზე" ხალხი ალბათ იმიტომაც ვერ დადის, რომ ქალაქიდან შორს წასვლას შინ ტელევიზორით ტკბობას ამჯობინებს.

"ლუსაილ არენა" უდაბნოშია აგებული. აქვე იგეგმება ახალი ობიექტების მშენებლობა ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.

ხსენებულ დარბაზში ტრიბუნებს, რომლებიც ბოლომდე არასდროს შევსებულა, მესამე იარუსის 20-დან 10 სექტორს შავი სუდარა გადააფარეს, ცარიელი სავარძლებით გამოწვეული არასასიამოვნო სატელევიზიო ეფექტის შესანიღბად.

მეტოქეთა ქომაგების ენერგიული მხარდაჭერის წყალობით, ესპანეთი-ყატარის შეხვედრა ნამდვილ სპორტულ ზეიმად იქცა.

ეს პრინციპული შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონების კარნახით დაიწყო. ანგარიში პირველ პერიოდში აზიის რჩეულებმა მხოლოდ 27-ე წუთზე გაათანაბრეს (8:8) ტაიმის მიწურულს კი ორი ბურთითაც დაწინაურდნენ.

ამ სტრიქონების წერისას, ჩემ გვერდით პრესის ლოჟაში მჯდომმა კოლეგამ - მამუკა ჩიხლაძემ მესამე იარუსისკენ გამახედა - იქ ერთ სექტორს სუდარა ჩამოაშორეს - დარბაზს გვარიანად დაგვიანებული მაყურებელი შემოემატა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან მონაცვლეობით, 1,2,3 ბურთის სხვაობით ყატარი ინარჩუნებდა უპირატესობას, მაგრამ საბოლოოდ, ესპანელებმა თამაშის კლასითაც და ტრიბუნებიდან ხმაურიანი ქომაგობითაც აჯობეს ჩემპიონატის მასპინძლებს.

საბოლოოდ - 28:25 აპენინელთა სასარგებლოდ. ჩვენ ვგულშემატკივრობდით ესპანელებს და ახლავე გეტყვით, თუ რატომ: მსოფლიოს უძლიერეს გუნდში - ესპანეთის ნაკრებში რამდენიმე ბასკი ხელბურთელი თამაშობს.

ბასკები კი, როგორც ამას მკვლევარები მიუთითებენ, გვენათესავებიან ისტორიულად. ხოლო ბურთის გატანას ბასკეთშიც, ჩვენი რაგბისა არ იყოს, "ლელო, ლელოს" შეძახილით აღნიშნავენ.

ესპანეთი-ყატარის მატჩში გამარჯვებული გუნდიდან სწორედ ბასკი ჯულენ აგუიანაგელდე იყო (N13).

მს. ჩემპიონატი
კაცები
შვედეთი-ეგვიპტე 25:25
ალჟირი-საფრანგეთი 26:32
ისლანდია-ჩეხეთი 25:36
პოლონეთი-ს. არაბეთი 32:13
გერმანია-არგენტინა 28:23
რუსეთი-დანია 28:31

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული