მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: როსი ისევ პირველზეა

AutoSharing Option
ორი კვირის წინ, ჩეხეთის გრან-პრის მოგების შემდეგ, "იამაჰას" ესპანელი პილოტი ხორხე ლორენსო საერთო ჩათვლაში ქულებით გაუთანაბრდა თანაგუნდელ ვალენტინო როსის, რითაც კიდევ უფრო დაიძაბა ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის. გასულ უქმეებზე ჩატარებული ბრიტანეთის გრან-პრის შემდეგ, ამ ორთაბრძოლაში ფავორიტი ისევ როსი გახდა. ვალენტინომ შეძლო სილვერსტოუნზე წვიმიან ამინდში სეზონში მეოთხე ეტაპის მოგება და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გენერალურ კლასიფიკაციას.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ბრიტანულ რბოლას სასტარტო ბილიკის მეორე ხაზიდან იწყებდა, მაგრამ უკვე მეორე წრეზე სათავეში ჩაუდგა პელოტონს. მის ზურგს უკან დარჩნენ ლორენსო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარკ
მარკესი, რომელმაც წინა დღეს პოული მოიპოვა. ყოველი წრის შემდეგ, როსი სულ უფრო შორდებოდა კონკურენტებს. მხოლოდ მარკესმა მოახერხა იტალიელს კვალში ჩადგომოდა, მაგრამ ზედმეტად რისკავდა და მე-13 წრეზე ტრასიდან გადავარდა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში დანილო პეტრუჩიმ ანდრეა დოვიციოზოს გაუსწრო, ასე რომ, იმ დღეს პოდიუმი მთლიანად იტალიური იყო.

ხორხე ლორენსომ მეოთხე ადგილი დაიკავა და ახლა, გენერალურ კლასიფიკაციაში მეორე ადგილს იკავებს. ესპანელი როსისთან 12 ქულას აგებს. მესამეზეა 77-ქულიანი ჩამორჩენით მარკესი. ამ სეზონში მეოთხე გამოვარდნის შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა აღიარა, რომ უკვე აღარ აქვს ტიტულის შენარჩუნების იმედი.

"იმედი დავკარგეთ, მაგრამ შევეცდებით მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი რბოლა სეზონის დარჩენილ ნაწილში, - განაცხადა 22 წლის მრბოლელმა. - იქ, სადაც მოგება შეუძლებელი იქნება, თანახმა ვარ მეორე ან მესამე ადგილზე".

მოტოგრანპრის ჩემპიონატში შემდეგი რბოლა სექტემბრის შუაში იტალიაში გაიმართება.

ბრიტანეთის გრან-პრი
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 46.15.617; 2. დანილო პეტრუჩო (იტა, Ducati) - +3,010; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - +4,117; 4. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - +5,726; 5. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +11,132; 6. სკოტ რედინგი (ბრიტ, Honda) - +25,467; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +26,717; 8. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +29,393...

საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 236; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 224; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 159; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 150; 5. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 120; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 115; 7. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 102; 8. დანილო პეტრუჩო (იტა, Ducati) - 83...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული