მოტოგრანპრი: ლორენსოს ზედიზედ მესამე ტრიუმფი

AutoSharing Option
ფანტასტიკურ ფორმაში იმყოფება "იამაჰას" მოტომრბოლელი ხორხე ლორენსო, რომელმაც სეზონის სტარტზე ჩავარდნის შემდეგ ზედიზედ სამი ეტაპი მოიგო და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპზე - იტალიის გრან-პრიზე ლორენსომ მეორე პოზიციიდან აიღო სტარტი და ძალიან მალე გაუსწრო პოულის მფლობელ ანდრეა იანონეს, რის შემდეგაც ეტაპის ბოლომდე არავის შეჰპარვია ეჭვი მის გამარჯვებაში.

იანონე მეორე მივიდა ფინიშთან, ხოლო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერმა ვალენტინო როსიმ ჩვეულ სტილში წარმართა რბოლა. მან კვლავ დაბალი პოზიციიდან (მერვე) აიღო სტარტი, მაგრამ რამდენიმე გასწრების ხარჯზე მესამე ადგილზე გადაინაცვლა და
მორიგი პოდიუმი მოიპოვა, თან საერთო ჩათვლაში ლიდერობა შეინარჩუნა, თუმცა მისი უპირატესობა ლორენსოზე ექვს ქულამდე დავიდა.

გრძელდება ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულის, მარკ მარკესის უიღბლო სეზონი. "ჰონდას" წევრს საშინელი უქმეები ჰქონდა: მან ჯერ კვალიფიკაცია ჩააგდო, როცა მხოლოდ მე-13 დრო აჩვენა, გუშინ კი ფინიშამდე ვერ მიაღწია, რადგან ექვსი წრით ადრე ტრასაზე დაეცა.

მოტოგრანპრიში მომდევნო ეტაპი 14 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.

იტალიის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 41.39,173; 2. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - +5,563; 3. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +6,661; 4. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +9,978; 5. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - +15,284; 6. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - +15,665; 7. მავერიკ ვინალესი (ესპ, Suzuki) - + 23,805; 8. მიკელე პირპო (იტა, Ducati) - +29,152...

საერთო ჩათვლა
1. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 118 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 112; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 83; 4. ანდრეა იანონე (იტა, Ducati) - 81; 5. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 69; 6. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha Tech 3) - 57; 7. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Honda) - 47; 8. პოლ ესპარგარო (ესპ, Yamaha Tech 3) - 45...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული