რაგბის ვარსკვლავები ბრუნდებიან

AutoSharing Option
2013 წლის სარაგბო სეზონი საკმაოდ ტრავმიანი გამოდგა და არაერთ სახელოვან მორაგბეს მოუწია უქმობამ. თუმცა, ახალი წლის დადგომასთან ერთად მონატრებული რაგბის ვარსკვლავები ბრუნდებიან მწვანე მინდორზე, რომელთაც ასე ელის ერთგული გულშემატკივარი.

ვიქტორ მეტფილდი (სამხრეთ აფრიკა)
სამხრეთაფრიკელი ლეგენდარული მოთამაშე ვიქტორ მეტფილდი 37 წლის ასაკში ბრუნდება პროფესიონალურ რაგბიში. 200 სმ-ის სიმაღლის მეორეხაზელმა ორიოდე წლის წინ დაასრულა აქტიური მოთამაშის კარიერა და სამწვრთნელო სკამზე გადაინაცვლა. თუმცა, 2014 წლის დადგომასთან ერთად მთელი მსოფლიო დიდი მოლოდინით ელის მის სახელოვან დაბრუნებას ჯერ "ბლუ ბულზის", ხოლო შემდეგ "სპრინგბოქსისის" რიგებში.

შარლ
ბურხერი (სამხრეთ აფრიკა)
2004 წლის საუკეთესო მორაგბე - სამხრეთ აფრიკის და "სტორმერსის" ქერათმიანი მღლეტავი შარლ ბურხერი ორწლიანი უქმობის შემდეგ მწვანე მინდორს უბრუნდება. უკანასკნელი სეზონების განმავლობაში მას სხვადასხვა სახის ტრავმები ტანჯავდა. სავარაუდოდ, უმეტესობა სპორტსმენებისა ასეთი მდგომარეობის შემდეგ "პენსიაზე" გავიდოდა, თუმცა "შალა" არასდროს ნებდება.

დევიდ ფოქოქი (ავსტრალია)
დევიდ ფოქოქი ლეგენდარული რიჩი მაქოას მთავარი კონკურენტია. ახალგაზრდა ავსტრალიელი ტალანტი აოცებს მთელ სარაგბო მსოფლიოს როგორც ფიზიკური მონაცემებით, ასევე სათამაშო ინტელექტით. დევიდი გასული სეზონის სტარტზე "ბრამბიზში" გადავიდა, თუმცა სამი მატჩის ჩატარების შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც მას აღარ მისცა საშუალება, ეასპარეზა ეროვნული გუნდის მაისურით. მან გამოტოვა "ბრიტანელ ლომებთან" დაპირისპირება და ზე რაგბის მთლიანი სეზონი. თუმცა ფოქოქი ბრუნდება 2014 წლის დადგომასთან ერთად.

რიჩი მაქოა (ახალი ზელანდია)
დიდი რიჩი 2013 წელს ისვენებდა. მან საკლუბო დონეზე რამდენიმე მატჩის ჩატარება მოასწრო და მხოლოდ ნოემბრის ტესტებზეღა მიეხმარა ეროვნულ გუნდს. ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაქოას დაბრუნება შედგა "ოლ ბლექსში". ახლა ყველა გაფაციცებით ელოდება მის ასპარეზობას "კრუზეიდერსის" მაისურით.

ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია)
იაპონიის ჩემპიონატში რამდენიმეწლიანი ასპარეზობის შემდეგ მშობლიურ ქვეყანას და კლუბს უბრუნდება კიდევ ერთი ახალზელანდიელი - ჯერომ კაინო, რომელმაც 2011 წელს მსოფლიოს თასი მოიგო.

"ბლუზში" დაბრუნების შემდეგ ოკლენდურ კლუბს სეზონის წინ ვარსკვლავური მესამე ხაზი ეყოლება კაინოსა და სტივ ლუატუას სახით. თუ ეს უკანასკნელი მღლეტავი იქნება, მაშინ ჯერმოს რვა ნომრის პოზიციაზეც მშვენივრად შეუძლია გარჯა.

ლეჩი ტერნერი (ავსტრალია)
ავსტრალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ლეჩი ტერნერი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ვორათაზიდან" "რედსში" გადავიდა, სადაც მას ძირითად შემადგენლობაში ისეთი დონის მოთამაშეებთან ერთად მოუწევს ასპარეზობა, როგორებიც ვილი გენია და ქუადე კუპერი არიან. უკანასკნელი 2 სეზონი ლეჩს მძიმე ტრავმების გამო გაუცდა. 2012 წელს მუხლის მყესები დაიწყვიტა, 2013-ში კი ფეხი მოიტეხა, რამაც რეალურად ძალიან შეაყოვნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გარემარბის კარიერული განვითარება. ვინ იცის, სოლიდურად ჩატარებული სასტარტო მატჩების შემდეგ შესაძლოა ტერნერი კვლავ დააბრუნონ ეროვნულ გუნდში, თუნდაც ევროპაში სათამაშოდ წასული დიგბი იოანეს სანაცვლოდ.

კორი ჯეინი (ახალი ზელანდია)
კიდევ ერთი უსწრაფესი მორაგბის დაბრუნება მოხდება ზე რაგბის 2014 წლის სეზონის სტარტთან ერთად. კორი ჯეინი ველინგტონის "ჰარიქენზის" კვართს თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ მოირგებს. 2013 წლის იანვარში მიღებულმა სერიოზულმა ტრავმამ უნიჭიერესი გარემარბი ზე რაგბის, ოთხი ერის გათამაშებისა და შემოდგომის ტესტმატჩების ბორტს მიღმა დატოვა. ჯეინმა უკვე მოასწრო რეაბილიტაციის სრული კურსის გავლა და IთM ჩUP-ზე იასპარეზა კიდეც, თუმცა მისი ოფიციალური დებიუტი დიდ ინტერესს იწვევს "ჰარიქენზის" რიგებში, სადაც მასთან ერთად უკანა ხაზს აკომპლექტებენ ბოდენ ბარეტი და კონრად სმიტი.

მილს მულიანა (ახალი ზელანდია)
როგორ უნდა გააძლიეროს ზე რაგბის ორგზის გამარჯვებულმა "ჩიფსმა" საკუთარი შემადგენლობა? მოიწვიოს ისეთი გამოცდილი მოთამაშე, რომელსაც კარიერის განმავლობაში ზე რაგბის ტურნირზე 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, ისევე როგორც ახალი ზელანდიის ნაკრებში. დიახ, იაპონიის ლიგაში გატარებული 2 წლის შემდეგ მილს მულიაინა ბრუნდება მშობლიურ კლუბში. უგამოცდილესი მოთამაშე უნივერსალიზმითაც არის დაჯილდოებული, რადგან მას ერთნაირად წარმატებით შეუძლია თამაში გარემარბის, შუამარბისა და ფულბეკის პოზიციებზე.

ლუკ ბარჯესი (ავსტრალია)
ლუკ ბარჯესი უნიჭიერესი მორაგბეა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ფრანგული "ტულუზის" რიგებში ასპარეზობდა და "ჰაინეკენის თასზე" 50 მატჩზე მეტის ჩატარება მოასწრო. 2014 წლის სეზონიდან იგი "მელბურნ რებლზის" უპირობო ლიდერი უნდა გახდეს და წარმატებული თამაშის შემთხვევაში, გამორიცხული არაა, მისი ავსტრალიის ნაკრებში დაბრუნებაც. ლუკ ბურჯესს 2008-2011 წლებში "ვოლაბების" რიგებში 37 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული