"ბორჯღალოსნების" მეტოქეები: უძლეველი "ოლ ბლექსი"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძლიერი მეტოქე ინგლისში გასამართ მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიის ნაკრებია. ის მსოფლიოს უძლიერესი გუნდია. "ოლ ბლექსი" დიდი ხანია საერთაშორისო კლასიფიკაციაში პირველ ადგილზეა და თითქმის უძლეველი გუნდის სახელი დაიგდო.

"ოლ ბლექსთან" თამაში ნებისმიერი მორაგბისთვის დიდი პატივია. ვეცდებით, ჩვენი სტილით, თავისუფლად ვითამაშოთ, მაქსიმუმი ვაჩვენოთ, თუმცა ეს ძალიან ძნელი იქნება" - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

ცხადია, ვინ, თუ არა მან, ყველაზე კარგად უწყის თანამემამულეთა რეალური ძალა. "ოლ ბლექსი" ის გუნდია, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დიდი ანგარიშით ძლევა შეუძლია.
გამორიცხული არ არის, ახალზელანდიელებმა ჩვენი გუნდიც სოლიდური სხვაობით დაამარცხონ, თუმცა თითოეული მათგანისთვის, განსაკუთრებით კი, "ბორჯღალოსანთა" ახალი თაობისთვის, ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, ყველაზე ნაყოფიერი გაკვეთილი, რაც კი სპორტული ცხოვრების განმავლობაში მიუღიათ.

ჩვენი მიზანი მატჩში, რომელიც 2 ოქტომბერს კარდიფის მილენიუმზე გაიმართება, პლანეტის უძლიერეს გუნდთან ღირსეული ბრძოლაა. მსოფლიოს თასის ორგზის მფლობელთან სხვა რამეზე ოცნება სისულელეა.

ისე, "ოლ ბელქსს" საკმაოდ უცნაური რამ სჭირს. წლების მანძილზე ყველას უგებს, ვერავინ ამარცხებს, მაგრამ მსოფლიოს თასზე საბოლოოდ არაფერი გამოსდის. უკვე ვთქვით, რომ ის ორგზის გამარჯვებულია, მაგრამ ორივეჯერ ახალზელანდიელებმა პირველობა საკუთარ კედლებში მოიპოვეს 1987 და 2011 წლებში.

უკანასკნელ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე პირადად გახლდით. ეს წმინდა წყლის სარაგბო ქვეყანაა, სადაც დიდს თუ პატარას, კაცს თუ ქალს, მხოლოდ რაგბიზე "აბოდებს". ერთადერთი განხილვის თემა ყოველდღიურ ცხოვრებაში მხოლოდ ოვალური ბურთით თამაშია (პოლიტიკურად იქ ყველაფერი დალაგებულია. დემოკრატიის ხარისხით მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა).

ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას მასპინძელს საუბარში ისიც კი წამოსცდა, რაგბის სამშობლო ახალი ზელანდიააო. მაშინ იმ კეთილ ადამიანს არ ჩავძიებივარ, არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში ჩამეყენებინა. წლების მერე ეს ამბავი მილტონ ჰეიგთან საუბრისას გავიხსენე, რომელმაც ამაზე გულიანად იცინა.

რა გასაკვირია, ახალზელანდიელებს, ალბათ, უმრავლესობას, რაგბი მშობლიურ სპორტის სახეობად რომ მიაჩნია. ამ მცირერიცხოვანმა, შრომისმოყვარე ერმა ოვალური ბურთით თამაში ისე შეიყვარა და შეისისხლხორცა, რომ მის გამოგონებაზეც კი პრეტენზია უჩნდება.

ახალზელანდიური რაგბი საოცრებაა. ერთი წუთით... არა, ძალიან ბევრია. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ქვეყანაში რაგბის არ თამაშობენ. რა იქნებოდა მათ გარეშე მსოფლიოს რაგბი?! ცხადია, ეს წარმოსადგენადაც ძნელია. ეს პატარა ერი დიდი სარაგბო ერია.

ძალიან გაგვიხარდა, მასტერტონში ახალი ზელანდიის რაგბის ლეგენდამ, ბრაიან ლოჰორმა, რომელიც 1987 წლის მსოფლიოს თასზე "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელი იყო, პატარა, მაგრამ დიდი სარაგბო ერების სიაში ჩვენც რომ შეგვიყვანა.

ასეთი მსოფლიოში სამიაო - თქვა: ახალი ზელანდია, უელსი და საქართველო.

ოთხი წლის წინათ ლოჰორის მიერ გამოცხადებულ ნდობას გამართლება უნდა. ინგლისში, თუნდაც ახალ ზელანდიასთან თამაშისას, უნდა დავამტკიცოთ, რომ მართალია, მცირერიცხოვანი, მაგრამ სულ ცოტა, ღირსეული სარაგბო ერი ვართ.

ცოტა რამ ახალი ზელანდიის რაგბის ისტორიიდან. პირველი საერთაშორისო მატჩი ახალი ზელანდიის ნაკრებმა 1903 წელს გამართა ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან და 22:3 გაიმარჯვა. ყველაზე დიდი ანგარიშით "ოლ ბლექსმა" 1995 წლის ივნისში იაპონიის ნაკრებს სძლია - 145:17. ყველაზე დიდი სხვაობით კი, 1999 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა - 7:28.

ოვალური ბურთით თამაში ახალ ზელანდიაში ჩარლზ მონრომ 1870 წელს შეიტანა. ის ინგლისში, ფინჩლის კოლეჯში სწავლობდა და სამშობლოში დაბრუნებულმა სპორტის ამ სახეობის დანერგვას მიჰყო ხელი. პირველი სარაგბო ფედერაცია კი 1879 წელს, კენტერბერიში შეიქმნა.

ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში ძალიან ბევრი სახელოვანი მოთამაშეა. ერთ-ერთი მათგანი გუნდის ამჟამინდელი კაპიტანი რიჩი მაქოაა, რომელიც სამშობლოში ყველაზე პოპულარული და ყველასთვის საყვარელი პიროვნებაა.

ცხადია, მას პოპულარობაში ვერ შეედრება მგეზავი დენ კარტერი, მაგრამ სწორედ ამ ორი მორაგბის თამაშზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული "ოლ ბლექსის" ბედი. ორივე მათგანს ტრავმების გამო ბევრი გაუცდა. თუმცა ნელ-ნელა ფორმაში შედიან და ოდინდელ სიძლიერეს თუ მიაღწიეს, "ოლ ბლექსის" შემჩერებელი არავინაა.

* * *
ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა იმ 34 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს თასისთვის მოემზადებიან. აქედან ინგლისში 31 მორაგბე გაემგზავრება.

შერკინება: ბენ ფრენქსი, ბროდი რეტალიკი, ჩარლი ფაუმუნია, დენ კოლი, ჯეიმზ პერსონსი, ჯერემი ტრუში, ჯერომ კაინო, ჯო მუდი, კევინ მეალამუ, კირან რიდი, ლიამ მესამი, ნათან ჰარისი, ოუენ ფრენქსი, პატრიკ ტუიპოლოტუ, რიჩი მაქოა, სემ კენი, სამუელ ვაითლოქი, ვიქტორ ვიტო, ვუაით კროკეტი.
უკანა ხაზი: აარონ კრადენი, აარონ სმითი, ავგუსტინ პულუ, ბოდენ ბარეტი, ბენ სმითი, ჩარლი პიუტაუ, კონრად სმითი, კორი ჯეინი, დენ კარტერი, იასრაელ დაგი, ჯულიან სავეა, მალაკაი ფეკიტოა, რაიან კროტი, სონი ბილ ვილიამსი, თი ჯეი პერენარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მცდარი ინფორმაციაა
Tornike
22:09 04-07-2015
0
არასწორი ინფორმაციაა
Tornike
21:46 04-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული