უელსს "ბოკეს" კომპლექსი აქვს

AutoSharing Option
უელსისა და სამხრეთ აფრიკის დაპირისპირებას 107-წლიანი ისტორია აქვს, რომელიც 26 გამართულ მატჩს მოიცავს. აქედან 24-ჯერ გამარჯვება "ბოკემ" იზეიმა. გასულ უქმეებზე "წითელმა ურჩხულებმა" უხერხულ მეტოქეს საკუთარ "მილენიუმზე" უმასპინძლეს
და 15:24 წააგეს.

რიკ პრისტლენდმა დაკიდა ბურთი მეტოქის ნახევარზე და შეხვედრაც დაიწყო. უელსმა მალევე მოიპოვა უპირატესობა და ჯონათან დევისის აქტიური გარჯის შედეგად ორი საჯარიმო ლეიგ ჰალფპენიმ 6 ქულად აქცია - 6:0.

სამხრეთ აფრიკა მალევე გამოფხიზლდა. ჯერ მორნი სტეინმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით სამ ქულამდე შეამცირა მეტოქესთან ჩამორჩენა, ხოლო მეათე წუთზე ბრაიან ჰაბანამ გაჭრა უელსელთა
დაცვის ხაზი და 50 მეტრი ირბინა. გადამწყვეტ მომენტში მან მშვენიერი პასი გადააწოდა ბისმარკ დუ პლესის, რომელმაც თავის მხრივ, იან დეფილიერსი მონახა. ამ უკანასკნელს ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია - 8:6.

უელსელები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სხვადასხვა სახის ტრავმის გამო შესაცვლელნი გახდნენ გუნდის ლიდერები - ლიამ უილიამსი და ჯონათან დევისი.

აფრიკელებმა მეტოქის რიგებში შექმნილი მცირე არეულობით მშვენივრად ისარგებლეს.

მორიგი საჯარიმო მათ აუტში დაარტყეს, საიდანაც მოლი ააგორეს, რომელიც დუ პლესის ლელოთი დასრულდა. სტეინმა მეორე გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და სტუმართა უპირატესობამ 11 ქულას უწია - 17:6.

პირველი ტაიმის დარჩენილ მცირე დროში მასპინძელთა ფეხჩუბინმა გარემარბმა ლეიგ ჰალფპენიმ კიდევ ორი საჯარიმო დარტყმა გაიტანა და პირველი ტაიმიც ასე დასრულდა - 12:17.

მატჩის მეორე ნახევრის სტარტი კვლავ მასპინძელთა აქტიურობით აღინიშნა, რაც მორიგ 3 ქულად დაუფასდათ უელსელებს. ჰალფპენი ამჯერადაც ზუსტი გახლდათ - 15:17.

"მილენიუმზე" შეკრებილ გულშემატკივარს გამარჯვების მოპოვების იმედი ჩაესახა. 63-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა რაკში არასწორი თამაშისთვის გეთინ ჯენკინსი გაასინბინა, რითაც მშვენივრად ისარგებლა სამხრეთ აფრიკამ.

ფური დუ პრიმ საკუთარი ნახევრიდან შეუტია და გადამწყვეტ მომენტში ბურთი ფეხით შეაცურა მეტოქის ზურგში, რომელსაც 22-მეტრიან ზონასთან ჟაკ ფური დაეუფლა და ერთი შეხებით კვლავ დუ პრის უპასა. ამას მორიგი ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია.

შეცვლაზე შესულმა პატრიკ ლამბიემ იოლად გარდასახა და როგორც აღმოჩნდა, შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 24:15.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ახალი ზელანდიის ნაკრები საფრანგეთს ეწვია და გადაჭედილ "სტად დე ფრანსზე" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა მასპინძლები - 26:19. "ოლ ბლექსმა" მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეთორმეტე გამარჯვება იზეიმა. აქედან ოთხ შემთხვევაში მათ სწორედ ფრანგები "დაჩაგრეს".

მატჩის პირველმა ნახევარმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას. მორგან პარამ და დენ კარტერმა სამ-სამი საჯარიმო დარტყმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ტაიმიც ფრედ დასრულდა - 9:9.

მატჩის მეორე ნახევრის სტარტზე სტუმრებმა სათამაშო ტემპს საგრძნობლად უმატეს, რამაც შედეგი მალევე მოიტანა.

46-ე წუთზე ბენ სმიტის მიერ დაკიდებულ ბურთს კარგად შეჰყვა ჩარლი პუიტაუ და პირველი ლელოც გაიტანა. კარტერმა იოლად გარდასახა, რის შემდეგაც მან მგეზავის ფუნქციები აარონ კრადენს გადააბარა - 16:9.

ფრანგები გააქტიურდნენ. მათ ანგარიშის გათანაბრების რამდენიმე მშვენიერი შანსი გაანიავეს, რისთვისაც დაისაჯნენ კიდეც. სტუმრებმა უსწრაფესი კონტრშეტევა წამოიწყეს. პუიტაუმ გაჭრა მეტოქის დაცვის ხაზი და ორიგინალური გადაცემით კირან რიდს ლელო გაატანინა. კრადენმა გარდასახა - 26:12.

მასპინძლებმა ძალიან მოინდომეს, თავგანწირულ შეტევებზე გადავიდნენ და ბრის დულინის გატანილი ლელოთი 7 ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა - 16:23. უკანასკნელ 10 წუთში ფრანგებმა მეტოქე საკუთარ 22-მეტრიან ზონაში გამოკეტეს. ფილიპ სენტ-ანდრეს შეგირდებს მშვენიერი შანსი ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების, თუმცა ვიდეორეფერიმ ლელოს გატანა არ დააფიქსირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული