უნდა გავუგრძელოთ თუ არა იგორ კოკოშკოვს კონტრაქტი? [ნაწილი I]

AutoSharing Option
საკალათბურთო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ბევრი არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ჩრდილქვეშ მოექცა.

მაგალითად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმე - იგორ კოკოშკოვს კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მაგრამ ველოდებით არჩევნებს, რომ ახალმა პრეზიდენტმა გაარკვიოს, სჭირდება თუ არა ნაკრებს კოკოშკოვი და პირიქით, გაიგოს, თავად იგორი რას ფიქრობს საქართველოში დაბრუნებაზე.

ერთს დავაზუსტებთ, ფედერაციის პრეზიდენტმა კი არა, მწვრთნელთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი ტიპის სპეციალისტი მიესადაგება დღევანდელ სანაკრებო ყოფას.

ჰოდა, ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, გადავხედოთ იგორ კოკოშკოვისა და საქართველოს ნაკრების ურთიერთობას, შემდეგ დასკვნები გამოვიტანოთ და
ამის მერე იოლი იქნება იმის თქმა, გვჭირდება თუ არა კოკოშკოვი ან მისი ტიპის სპეციალისტი 2015 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე.

დღეს სერბი მწვრთნელისა და ჩვენი ნაკრების პირველ ნაბიჯებზე წაიკითხავთ, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან 2007 წლამდე გრძელდება. 2008 წლისა და მის შემდგომ ამბებს ამ ციკლის მომდევნო პუბლიკაციაში იხილავთ.

ჩვენ და იგორი
პირველი ნაბიჯები
იგორ კოკოშკოვი 1995 წელს 24 წლის იყო. ბევრ მის თანატოლს ბალკანეთის ომი ჰქონდა მოვლილი, იგორი კი კალათბურთს... არა, არ თამაშობდა: "ბელგრადის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

24 წლის ასაკში იგი იუგოსლავიური უმაღლესი ლიგის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა.

შემდეგ "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა და ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა.

- მოთამაშის კარიერა ავტოავარიის გამო ნაადრევად დავასრულე. ამიტომ დიდი არჩევანი არ მქონია, სწავლა ბელგრადის უნივერსიტეტში განვაგრძე და პროფესიად საკალათბურთო მწვრთნელობა ავირჩიე, - მოგვითხრობს სერბი სპეციალისტი.

* * *

საქართველოს ნაკრების პროფესიული კარიერაც 1995 წელს დაიწყო - 24 მაისს პირველ ოფიციალურ მატჩში (ინგლისის ქალაქ ბირმინგემში) პოლონეთს დაუპირისპირდა და 68:91 დათმო. სხვათა შორის, იუგოსლავიის მსგავსად, საქართველოსაც ახალი "მოხდილი" ჰქონდა ომი.

1999, კარგი და ცუდი
იგორი საკუთარი ხარჯებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ამერიკაში ორჯერ ჩავიდა. მეორე ვიზიტისას, კოლეჯების ლიგის გუნდ "მისურის" უფროსობამ ახალგაზრდა სერბში სათანადო ცოდნა შენიშნა და გუნდში სამუშაოდ დატოვა. 1999 წელს კოკოშკოვი კოლეჯების ლიგის პირველი ევროპელი მწვრთნელი გახდა.

- მართალია, იუგოსლავია, სხვა კომუნისტურ ქვეყნებთან შედარებით, თავისუფალი იყო და ამერიკელებთან ცოდნის გაცვლის საშუალებაც გვქონდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ პროფესიული წინსვლისთვის აუცილებელი იყო სწავლის ამერიკაში გაგრძელება. თუმცა, თავიდან ოკეანის გაღმა დასარჩენად არ წავსულვარ - კონექტიკუტის კოლეჯში მწვრთნელებთან კონსულტაციებს გავდიოდი და მათ მუშაობას ვაკვირდებოდი. დიდი გამოცდილება მივიღე.

როცა ბელგრადულ კლუბში შვებულების ვადა გამივიდა, ისევ სერბეთში დავბრუნდი. მეორედ მისურის უნივერსიტეტში წავედი, სადაც დარჩენა შემომთავაზეს და სიამოვნებით დავთანხმდი, - როგორც მიხვდით, ეს ამბავიც იგორ კოკოშკოვის მონაყოლია.

* * *

1999 წელი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იყო - გუნდმა შვეიცარიაში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. ყველაზე ნაკლები, 5 მატჩი სწორედ 1999 წლის ციკლში მოუგროვდა.

NBA-ში
კოლეჯების ლიგაში კოკოშკოვის პროგრესი შენიშნა ელვინ ჯენტრიმ, რომელიც 2000 წელს "კლიპერსის" მწვრთნელად მუშაობდა. ლოს ანჯელესში გადასული იგორი NBA-ს პირველი არაამერიკელი ასისტენტი აღმოჩნდა.

სამი წლის შემდეგ იგი ლარი ბრაუნმა "დეტროიტ პისტონსში" მიიწვია. კოკოშკოვი ამერიკულ კალათბურთზე ზოგად მოსაზრებას გვაცნობს:

- NBA-ში მოხვედრის შემდეგ უამრავ ნიუანსს განსხვავებულად შევხედე. ამერიკაში პროფესიონალიზმის დონე წარმოუდგენლად მაღალია. ამიტომაცაა NBA ბევრი კალათბურთელისთვის მიუღწეველი ოცნება.

საქმის პროფესიონალურად მართვას ემატება სათანადო ფინანსური რესურსი და კალათბურთი კარგად დაზეთილ მექანიზმს ემსგავსება, რომელსაც შესაბამისი მძღოლი ჰყავს - დევიდ სტერნი.

შეიძლება მან კალათბურთი იმდენად კარგად არ იცის, რამდენადაც ბიზნესი და ეკონომიკა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სპორტი სხვა არაფერია, თუ არა ბიზნესი.

ხალხის გართობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ დღის ბოლოს გაცემულ-მიღებული თანხის ბალანსი ითვლება. ამერიკაში სპორტი ბიზნესის თვალსაზრისითაც ამართლებს. ამიტომაც იხარჯება დიდი ფული.

ეს ევროპელებმაც უნდა გაითავისონ. ჩვენთვის სასიამოვნოა ერთი დეტალი: ბიზნესისთვის მნიშვნელობა არ აქვს, შემოსავალს რა ეროვნების ადამიანი მოგცემს. სწორედ ამიტომ ბოლო დროს NBA-ს საზღვრები გაიხსნა და მასში არაერთი ეროვნების კალათბურთელს შეხვდებით. შორს წასვლა არ გვჭირდება: რამდენიმე წლის განმავლობაში NBA-ს საუკეთესო ცენტრი ჩინელი იაო მინი იყო.

* * *
2003 წელს საქართველოს ნაკრებსაც დაეტყო გამოფხიზლება - ფედერაციამ მთავარ მწვრთნელად ხორვატი დრაჟენ ბრაიკოვიჩი დანიშნა და გადაწყდა ერთი ამერიკელის ნატურალიზაცია. რამდენად გაამართლა მწვრთნელმა და რამდენად - ამერიკელმა შემონდ უილიამსმა, ეს უკვე სხვა თემაა.

სანაკრებო დებიუტი

NBA-ში ოთხწლიანი გამოცდილების მქონე იგორ კოკოშკოვი იუგოსლავიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა მიიწვია. კოკოშკოვის სანაკრებო დებიუტი წარუმატებლად დასრულდა - იუგებმა 12 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავეს.

* * *

2004 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელ დრაჟენ ბრაიკოვიჩს დასკვნების გამოტანა არ დასცალდა - მაკედონიასთან წაგება არ აპატიეს და სამი მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს. მან სკოპიეში ჭაბუკი ცინცაძე და მარკოიშვილი 40 წუთი ათამაშა. ასევე არ შეუცვლია შემონდ უილიამსი. დაღლილ კალათბურთელებს გადამწყვეტი მომენტისთვის ენერგია აღარ შერჩათ და ბოლო წუთებზე წავაგეთ.

ისევ წარუმატებლად

იუგოსლავიის კალათბურთის ფედერაციამ ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჟელკო ობრადოვიჩს ერთი შანსიც მისცა და 2005 წლის ევრობასკეტზე ნაკრების გაძღოლა დაავალა. იგორ კოკოშკოვიც სამწვრთნელო შტაბში იყო. იუგები საშინაო არენაზეც შერცხვნენ - მე-11 ადგილს დასჯერდნენ, რის შემდეგაც ობრადოვიჩი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა, ხოლო კოკოშკოვი მთლიანად ამერიკაზე გადაერთო.

- იუგოსლავიელები ჭკვიანი კალათბურთელები არიან. ამიტომ ისინი თამაშისას იმპროვიზაციის უნარს ამჟღავნებენ. ეს ისტორიული ტრადიციაა. თუმცა, მხოლოდ ინტელექტს და ინდივიდუალურ უპირატესობას შედეგი არ მოაქვს. წარმატებისთვის საჭიროა კარგი მონაცემების მქონე კალათბურთელთა ერთ ანსამბლში ჩასმა, რათა ყველამ გუნდისთვის იშრომოს. თუმცა ეს ინდივიდუალიზმის გამოვლენას არ ზღუდავს.

მაგალითად, ჯაზის ორკესტრში შეიძლება რომელიმემ თავისი იმპროვიზაცია გამოამჟღავნოს, მაგრამ ეს მუსიკას კი არ დაამახინჯებს, მრავალფეროვნებას შესძენს... - როგორც ჩანს, იგორ კოკოშკოვი მუსიკაშიც ერკვევა.

* * *

ამასობაში, საქართველოს ნაკრებს ახალი მწვრთნელი მოევლინა - 2005 წელს გუნდს კანადელი გორდონ ჰერბერტი გაუძღვა. ქართველებს ვერც მან გაუგო: ჩვენებს ისე უდგებოდა, როგორც ფინელებს და კანადელებს, თუმცა დისციპლინის დამყარებისთვის ქართველებს (მით უმეტეს, რომ მაშინ გუნდის ბირთვი ძალიან ახალგაზრდა იყო) მეტი ყურადღება სჭირდებოდათ. ან კალათბურთელებისთვის რა უნდა მოეთხოვა, როცა საკლუბო საქმეების გამო შეკრება (დროებით) თავად ჰერბერტმაც მიატოვა.

გავიდა ორი წელიწადი და გორდონი კენ შილდსმა შეცვალა. ისლანდიური ფიასკოს შემდეგ მეორედ ჩავრჩით B ლიგაში. მაშინ ვატო ნაცვლიშვილმა თქვა: ნაკრებში დისციპლინა ნულის ტოლი იყო, ასეთ დროს შედეგი ციდან არ ჩამოფრინდებაო...

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კოკოშკოვმა ამოწურა,ამაზე მეტს ვერ მიაღწევს.გადაუხადეთ მადლობა და დაემშვიდობეთ.საშუალება თუ არის, უფრო ძვირიანი მწვრთნელია საჭირო(უჩემოდაც მოგეხსენებათ).
vaxvax
17:41 27-11-2013
0
ჩემო კარგებო,კოკოშკოვი კარგი კაცია,მან დიდი საქმე გაუკეთა ქართულ კალათბურთს,მაგრამ სამწუხაროდ ის უკვე ჩვენი გუნდის წარსულია,დღეს საქართველოსჭირდება უფრო მაღალი დონის მწვრთნელი,განვითარებისთვის და წინსვლისთვის,გაიხსენეთ,როგორ ვერ ირჩევს უკვე რამდენიმე წელია კოკოშკოვი ნატურალიზებულ კალათბურთელს,ვერცერთი ნატურალიზებული კალათბურთელი ვერ ერგება გუნდს,ეს იმის ნიშანია,რომ მას ამისთვის კვალიფიკაცია აღარ ყოფნის.
roma
17:35 27-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული