ჟოზე მოურინიოს იმედიანი დასაწყისი

AutoSharing Option
17 ივლისს "ჩელსიმ" მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა "ტაილანდელი ვარსკვლავების" წინააღმდეგ და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი საუკეთესო ფორმისგან შორს არის, 1:0 მოიგო.

ჟოზე მოურინიომ ფეხბურთელების თამაშში ბევრი დადებითი მომენტი დაინახა, რომელთა შესახებაც პორტუგალიელმა საკლუბო ვებგვერდთან ვრცლად ისაუბრა. გამორჩეული შეგირდები მან ცალ-ცალკე დაახასიათა.

- კმაყოფილი ვარ. ძალიან რთული იყო კარგი ფეხბურთის ჩვენება ორი მიზეზის გამო. უპირველესად იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ჩემი ფეხბურთელები დიდ დატვირთვებს იღებენ და ამას გარდა, მეტოქე მთელი შეხვედრის განმავლობაში დაცვიდან თამაშობდა, თუმცა ამის გამო მათ კრიტიკას არ
ვაპირებ.

ისინი მხოლოდ შედეგზე მუშაობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ მეტი ნიჭიერი მოთამაშე გვყავდა შემადგენლობაში. მართალია, მატჩს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ჩვენს მეკარეებს არაერთხელ მოუხდათ გუნდის გადარჩენა. ვფიქრობდით, რომ თუკი გოლს გავიტანდით, ამის მერე უფრო გაიხსნებოდნენ, მაგრამ მათ ტაქტიკაში არაფერი შეცვლილა. კარგი გამოცდილება მივიღეთ, რადგან წინააღმდეგობა საკმაოდ ორგანიზებული გახლდათ, თანაც უკანა ხაზში ხუთი ფეხბურთელი თამაშობდა. ჩვენ კომბინაციური ფეხბურთის წყალობით მაინც ვახერხებდით მომენტების შექმნას. ფორმაში ჯერ კიდევ არ ვართ. ასე რომ, ვიცით, რა მხრივ უნდა ვიმუშაოთ.

ფრენკ ლე
მპარდის მოედანზე გაყვანა ცოტა სარისკო იყო. ამიტომ თავი დავიზღვიეთ. ფეხბურთელს უნდა ეყოს ჭკუა, რომ არ ითამაშოს მაშინ, როდესაც რაღაც აწუხებს. ამ ნაბიჯზე შეიძლება ხანდახან წახვიდე, მაგრამ მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებში. მოსამზადებელ ეტაპზე მიღებული ტრავმა კი ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოთამაშეს შეემთხვეს. ფრენკს კოჭზე მყესი აწუხებს. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ არ უნდა ეთამაშა. მეც ამ აზრზე ვიყავი. ამის გამო რამირესს 90 წუთის განმავლობაში მოუხდა მოედანზე დარჩენა. მისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა, რადგან ყოველთვის ძალიან ამტანი იყო. ორი დღის შემდეგ ლემპარდი ვარჯიშს უკვე სრული დატვირთვით შეუდგება.

უოლასი (19 წლის ბრაზილიელი ახალწვეული "ფლუმინენსედან". რედ) ასევე ძალიან კარგი ფეხბურთელია, ასაკის გათვალისწინებით კი უჩვეულოდ დაღვინებულია. ის ტექნიკური, საკუთარ თავში დარწმუნებული მცველია, რომელსაც ძალიან უყვარს შეტევებში ჩართვა. ჯერჯერობით ის ჩვენთან არ დარჩება, რადგან მარჯვენა მცველის პოზიციაზე ასპილიკუეტა და ივანოვიჩი გვყავს. თანაც უოლასი არ არის ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქე და შრომითი ვიზა ჯერ კიდევ მისაღები აქვს. ერთი სეზონით მას ევროპის რომელიმე ქვეყანაში იჯარით გავუშვებთ. თუმცა ერთი რამ თვალშისაცემია - ის ძალიან ნიჭიერია და კლუბმა მასში კარგი ინვესტიცია განახორციელა.

გოლი გოლია. მთავარია, რომ რომელუ ლუკაკუც და დემბა ბაც თავაუღებლად მუშაობდნენ. მათთვის რთული იყო სამი ცენტრალური მცველის წინააღმდეგ თამაში. ლუკაკუს თვითრწმენისთვის ამ ბურთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მით უმეტეს, რომ მისთვის ეს პირველი თამაში იყო "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ.
დანარჩენებმაც კარგად იმუშავეს.

განსაკუთრებით, ისეთებს ვაკვირდებოდი, რომელთაც ჩემს დროს გუნდში არ უთამაშიათ და შესაბამისად, ნაკლებად ვიცნობ. ასეთები იყვნენ: უოლასი, ვან გინკელი, დე ბრუინი, ჩალობა, ბერტრანი და ტრაორე. უკანასკნელი ძალიან მომეწონა. ის ჩვენი ფეხბურთელი არ არის, მხოლოდ სინჯებზეა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ 17 წლის არის. მომეწონა მისი მოძრაობა ბურთთან ერთად. ვფიქრობ, ის ასაკობრივი გუნდისთვის გამოგვადგება
.

სინგჰის ვარსკვლავები-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 ლუკაკუ (34-პენ)
ჩელსი ( 4-2-3-1), I ტაიმი: ჩეხი, უოლასი, კალაში, ტერი, კოული, რამირესი, ესიენი, დე ბრუინი, პიაზონი, შიურლე, ლუკაკუ
II ტაიმი: ბლექმენი, ივანოვიჩი, კეჰილი, ჩალობა, ბერტრანი, ვან გინკელი, რამირესი, მოზესი (78. ტრაორე), აზარი, ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "ჩელსის" ძველი გვარდია მხეცივითაა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული