კახა ცხადაძე: ქინქლაძეს რომ ცოტა ხასიათი შეეცვალა, მესი და მარადონა გახდებოდა

AutoSharing Option
კახა ცხადაძე კიევში იმყოფება, ქართველმა სპეციალისტმა უკრაინულ sport.ua-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ჩვენ ამ ინტერვიუდან იმ ეპიზოდს გთავაზობთ, როცა "ქაირათის" ამჟამინდელი თავკაცი იმ დროს იხსენებს, სადაც "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა.

- რომელი მწვრთნელის სიტყვები დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად, როცა ფეხბურთელი იყავით?
- "მანჩესტერ სიტიში" თამაშისას ძალიან მძიმე ტრავმა მივიღე, მუხლი ლამის ორ ნაწილად გაიყო. 31 წლის ასაკში ცხადი იყო, რომ კარიერის გაგრძელების შანსი ნაკლებად მქონდა. მაშინ მოვიდა საავადმყოფოში ჩემთან "სიტის" თავკაცი ჯო როილი და მითხრა, რომ დარწმუნებული იყო, ჩემგან კარგი მენეჯერი დადგებოდა. არ
ვიცი, ჩემი მხარდაჭერა უნდოდა უბრალოდ თუ მართლა ასე ფიქრობდა, მაგრამ მე მისი სიტყვები ყოველთვის მემახსოვრება.

- დღეს "სიტი" სუპერკლუბია. როგორი იყო ის 90-იან წლებში, როცა თქვენ თამაშობდით?
- მაშინ "სიტიში" მწვრთნელები მალ-მალე იცვლებოდნენ. როცა გადავედი, "სიტის" 45 ფეხბურთელი ჰყავდა. სეზონში სამი მწვრთნელი გამოიცვალეს და თითოეული მათგანი 15 ახალ ფეხბურთელს ექაჩებოდა გუნდში. გუნდი უკვე ჩემპიონშიპში თამაშობდა. დამიძახეს, რადგან მურთაზ შელიამ და გიორგი ქინქლაძემ თავი მოაწონეს იქაურობას. ყველაზე თბილად "სიტის" ფანების დამოკიდებულება მახსოვს გუნდისადმი და ფეხბურთელებისადმი. შედეგების მიუხედავად, ფანები მუდამ მხარს გვიჭერდნენ, ოჯახებით. ბაბუას სტადიონზე შვილიშვილი მოჰყავს და "სიტის" სიყვარულს ასწავლის, ეს ტრადიციაა.

არ მავიწყდება, როცა ქუჩებში მე და ქინქლაძე ვსეირნობდით, როგორ ხვდებოდნენ მას ფანები, ისინი ტიროდნენ, მადლობებს უხდიდნენ მას კარგი თამაშისთვის. უბრალოდ, აღმერთებდნენ ქინქლაძეს. ეს ყველაფერი ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ამიტომაც ის "სიტის" ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

- ქინქლაძე ქართველი მესია?
- ის ჩემი მეგობარია და არ მსურს, ძალიან ვაქო, მაგრამ ობიექტურად ის ფეხბურთის გენიოსი იყო. როცა ახლა ვუყურებ, როგორ ატყუებს მესი 5 მცველს, ეგრევე ქინქლაძე მახსენდება. როგორი სისწრაფე, მარცხენა ფეხი და დრიბლინგი ჰქონდა!

მას რომ ცოტა ხასიათი შეეცვალა, მესის და მარადონას დონემდე მივიდოდა. სამწუხაროდ, ქინქლაძე ზარმაცი იყო. მას მეტი უნდა ემუშავა ვარჯიშებზე. გიო მანჩესტერში ახლაც ახსოვთ და როცა ჩადის, სიხარულით ხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული