ქართული სატრანსფერო ზაფხული: ვაკო, აბუ და სხვები

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და ახლა მხოლოდ უგუნდო ფეხბურთელებს შეუძლიათ კლუბების შეცვლა. საინტერესოა, როგორ წარიმართა ზაფხული ჩვენი ფეხბურთელებისთვის, რომელიც უჩვეულოდ აქტიური გამოდგა.

სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს საუკეთესო ტრანსფერს ველოდით - თორნიკე ოქრიაშვილს მარსელის "ოლიმპიკამდე" სულ ცოტა დააკლდა, თუმცა შემდგარ ტრანსფერებშიც ყველაზე ხმაურიანი ბოლო დღეს შედგა.

ტრანსფერი არსაიდან
ვაკო ყაზაიშვილი
ვიტესი-ლეგია
იჯარა
ასე დაარქვეს ვაკო ყაზაიშვილის ტრანსფერს "ვიტესიდან" "ლეგიაში". 29 აგვისტოს პოლონური კლუბი ჰოლანდიურს დაუკავშირდა და ყველაფერზე მალე მოილაპარაკეს. 30-ში ვაკომ დატოვა ნაკრების ბაზა და ვარშავაში სამედიცინო შემოწმება გაიარა, 31-ში კი საიჯარო ხელშეკრულება
გაფორმდა.

სეზონის ბოლოს იმედი გვქონდა, რომ "ვიტესის" საუკეთესო ბომბარდირი "აიაქსში" გადავიდოდა (ამის შესახებ ჰოლანდიურ პრესაშიც იწერებოდა), მაგრამ ახალი სეზონი დაიწყო და ვაკოს ახალ მწვრთნელ ჰენკ ფრეიზერთან პრობლემები გაუჩნდა, ბოლოს ის სათადარიგო ფეხბურთელად იქცა. ამ სიტუაციიდან ლიგაზე მოთამაშე "ლეგიაში" დროებით გადასვლა ურიგო ვარიანტად არ მიგვაჩნია. ბოლოს და ბოლოს, 4 წელიწადია ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე არ უთამაშია.

დიდი პერსპექტივა
გიორგი აბურჯანია
ხიმნასტიკი-სევილია
4-წლიანი, 1,8 მლნ ევრო
გიორგი აბურჯანიას ნახევარი სეზონი ეყო ესპანეთში თავის გამოსაჩენად და იგი "სევილიამ" სეგუნდა დივიზიონის "ხიმნასტიკიდან" გადაიყვანა. ქართველში 1,8 მილიონი ევრო (ზოგი ცნობით, 1,5 მლნ) გადაიხადეს. ქართველი ნახევარმცველი ისევ სეგუნდაში ითამაშებს, "სევილია ატლეტიკოში", თუმცა, ცხადია, მის წინაშე დიდი პერსპექტივა გადაიშალა. აბურჯანიას ტრანსფერი ოფიციალურად საუკეთესოა სეგუნდა დივიზიონის ტრანსფერებში, სულ კი ამ დივიზიონში დაახლოებით 10 მილიონი ევრო დახარჯეს კლუბებმა. ასე რომ, აბურჯანია "სევილია ატლეტიკოში", წესით, ერთ სეზონზე მეტხანს არ უნდა გაჩერდეს.

ევროშანსი
გიორგი ქვილითაია
დინამო-რაპიდი
4-წლიანი, 0,8 მლნ ევრო
საქართველოს ჩემპიონატიდან ავსტრიის ერთ-ერთ მოწინავე კლუბში, ჩვენი პირველობის ბომბარდირისთვის კარგი პერსპექტივა გამოჩნდა. ჩვენ ჯერ კიდევ ველით გიორგის დებიუტს ვენის "რაპიდში". "რაპიდში" სტაბილური თამაში კი მას ეროვნულ ნაკრებშიც დაუმკვიდრებს ადგილს.

მოულოდნელი ვექტორი
გიორგი ჭანტურია
დუისბურგი-ურალი
3-წლიანი, თავისუფალი აგენტი
II ბუნდესლიგის "დუისბურგს" გიორგი ჭანტურიამ ვეღარ უშველა, თუმცა კი აშკარად საუკეთესო იყო გუნდში. წესით, მისით გერმანიაში უნდა დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ ჭანტურია მოულოდნელად "ურალში" აღმოჩნდა. რუსული პრემიერლიგა ხელწამოსაკრავი სულაც არ არის, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენებურს ჯერ სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევა.

აბურჯანიას ნაკვალევზე
ოთარ კაკაბაძე
დინამო-ხიმნასტიკი
3-წლიანი, თავისუფალი აგენტი
გიორგი აბურჯანიას კარგმა თამაშმა კატალონიურ კლუბში "ხიმნასტიკი" სხვა ქართველით დააინტერესა. ასე აღმოჩნდა ოთარ კაკაბაძე ესპანეთში. აღსანიშნავია, რომ კაკაბაძე ეროვნული ნაკრებისთვის საკმაოდ პრობლემურ პოზიციაზე თამაშობს და ევროპაში თამაში მას უთუოდ გაზრდის, როგორც ფეხბურთელს.

ქართული ლეგიონის სხვა ტრანსფერები

სანდრო კობახიძე. დნიპრო-ვორსკლა
ვაკო გვილია. მინსკი-ბატე
გიორგი ნავალოვსკი. სკა-ენერგია - ვერია
ბუბა დაუშვილი. კარპატი-დიოშდიორი
გოგიტა გოგუა. ირტიში-ორდაბასი
ოთარ მარცვალაძე. დილა-ორდაბასი
გიორგი მერებაშვილი. ლევადიაკოსი-პლოცკი
ნიკა კაჭარავა. როსტოვი-ეთნიკოსი
გიორგი ილურიძე. სკა-ენერგია - ეთნიკოსი
რომან ჭანტურია. ემპოლი-ჰონვედი
ირაკლი კვეკვესკირი. გურია-ალაშკერტი
დავით ჯანელიძე. უგუნდო-აზალ-ი
გია გრიგალავა. უგუნდო-ეთნიკოსი
ირაკლი მაისურაძე. ანორთოსისი-ერმისი
შოთა გრიგალაშვილი. ეთნიკოსი-ირტიში
გიორგი მაკარიძე. ფეირენშე-მორეირენშე
მამუკა კობახიძე. რუბინი-ნეფტეხიმიკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული