დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:0 - დამსახურებული ბრინჯაო და საფიქრალი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამო" გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორია! ამას გარდა, ლევან ხომერიკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ევროპალიგის საგზურიც მოიპოვა და ისღა დაგვრჩენია, მივულოცოთ აჭარულ კლუბს ეს მართლაც დიდი წარმატება!

იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ბათუმის "დინამომ" დაუმსახურებლად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში თავისი მეოთხე მედალი: გუნდმა სტაბილურად ჩაატარა გარდამავალი ჩემპიონატიც (თავის ჯგუფში მხოლოდ "სამტრედიას" ჩამორჩა), მერე პლეი ოფის ნახევარფინალში იყოჩაღა და შემდეგ უკვე ბრინჯაოს პლეი ოფშიც მიაღწია, ჩვენი აზრით, დამსახურებულ გამარჯვებას.

აი, თბილისის "დინამოზე" კი რა უნდა ვთქვათ: უკვე 28 ჩემპიონატი ჩავატარეთ და მხოლოდ მეორედ მოხდა,
ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა სეზონი პირველ სამეულს მიღმა რომ დაასრულა; ასევე, მეორედ მოხდა (1993 წლიდან მოყოლებული), როცა თბილისის "დინამო" ევროტურნირებზე ვერ იასპარეზებს და ისიც უნდა ითქვას, რომ ისევე, როგორც პირველი შემთხვევის დროს (2011/12 წლების სეზონი), "დინამოში" ამჯერადაც სამჯერ შეიცვალა მწვრთნელი სეზონის განმავლობაში.

თუმცა, მაშინ თუ 36 ტურის განმავლობაში მოხდა მწვრთნელთა გადაადგილებები, ამჯერად 10 ტურიც "საკმარისი" გამოდგა ამისთვის. თუმცა, "დინამოს" ეს ფიასკო მხოლოდ ვიაჩესლავ გროზნის არ უნდა დაბრალდეს. მთელი გარდამავალი ჩემპიონატის (გნებავთ - თასის გათამაშების) განმავლობაში, აშკარად ჩანდა, რომ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი ბევრად კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებას საჭიროებდა.

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება და "ბრინჯაოს პლეი ოფშიც" (ისე, როგორც წინა მატჩებში) აშკარად გამორჩეულნი გახლდნენ მეკარე ნუკრი რევიშვილი და შემტევი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, კვლავაც აქტიური თამაშით გამოირჩეოდა 19 წლის გიორგი ზარია; აი, დანარჩენებზე (ერთი-ორი ახალგაზრდის გარდა) ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ცალკე საუბრის თემაა საკადრო პრობლემებიც: ამ ზაფხულს ჩამოყვანილ მართლაც გაურკვეველი კვალიფიკაციის ლეგიონერებს "დინამო" მალევე გამოემშვიდობა, მერე ტრავმებისა თუ სხვა მიზეზის გამო გუნდს ეტაპობრივად აკლდებოდნენ წამყვანი ფეხბურთელები - ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლადო დვალიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი...

კიდევ ერთი დანაკლისი დაემატა (თანაც, ძალიან სერიოზული) "დინამოს" ამ მატჩის წინაც: მოთელვაზე დაშავდა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი რენე ფერეირა და ვიაჩესლავ გროზნისაც გარკვეული გადაადგილებების გაკეთება მოუწია - ბრაზილიელის ნაცვლად, დაცვის ცენტრში 18 წლის ლუკა ლოჩოშვილი გადმოსწია მარცხენა ფლანგიდან. ისე, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ამ მატჩში დინამოელთაგან 14-მა ფეხბურთელმა ითამაშა და ამათგან მხოლოდ რამდენიმე თუ იყო 20 წელს გადაცილებული! ეგ კი არა, 7 ფეხბურთელი სულაც 17-18 წლის იყო...

თუმცა, ყოველივე ზემოთქმული ნამდვილად ვერ დააკნინებს ბათუმელთა წარმატებას: გუნდმა უფრო მეტი მომენტიც შექმნა და საერთოდაც, თამაშის ორგანიზებითაც აჯობა ტიტულიან მეტოქეს! აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 78-ე წუთზე მომხდარი ერთობ საკამათო ეპიზოდიც: შეცვლაზე აქტიურად შემოსული გიორგი ჩაკვეტაძე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ტრიბუნიდან ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ 17 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი ბათუმელთა მცველმა წესების დარღვევით შეაჩერა.

მაგრამ ფიფას არბიტრი (და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი მსაჯი) გიორგი ვადაჭკორია მოვლენების ეპიცენტრის სიახლოვეს იმყოფებოდა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილ მცირერიცხოვან გულშემატკივრებს რომ პენალტი ეგონათ, არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და სიმულაციისათვის ჩაკვეტაძე გააფრთხილა.

ამ ეპიზოდის გარდა, "დინამოს" კიდევ ორი საგოლე შანსი ჰქონდა მეორე ტაიმში: შესვენების შემდეგ მარჯვენა ფლანგზე გადმოსულმა ოთარ კიტეიშვილმა მოხდენილი პასით ბურთი თავზე დაასვა გიორგი ჩაკვეტაძეს, მაგრამ ბათუმელთა უკრაინელმა მეკარემ, ანატოლი ტიმოფეევმა პოზიცია სწორად შეარჩია და ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთს ადგილზე დახვდა.

აი, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ეს იყო კიდეც ამ საინტერესო მატჩის კულმინაცია: არბიტრის მიერ კომპენსირებული დრო იწურებოდა, თბილისელებმა კუთხურის უფლება რომ მოიპოვეს; ეს იყო, ფაქტობრივად, ბოლო შანსი, თამაში დამატებით დროში რომ გაგრძელებულიყო და თბილისელთა მეკარის ხილვაც მეტოქის საჯარიმოში არავის გაჰკვირვებია.

თუმცა, ისე მოხდა, რომ სწორედ ნუკრი რევიშვილი აღმოჩნდა ყურადღების ეპიცენტრში: კუთხურის მერე ანატოლი ტიმოფეევი გამოსვლაზე შეცდა, საქართველოს ნაკრების მეკარე კი მახვილი კუთხიდან თავით გზავნიდა ბურთს სტუმართა დაუცველი კარისკენ, მაგრამ ბათუმელთა შემადგენლობაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა თორნიკე თარხნიშვილმა იყოჩაღა და ცარიელი კარიდან ბურთი თავით გამოიტანა.

რაც შეეხება ბათუმელთა შეტევებს (მეორე ტაიმში - კონტრშეტევებს), უფრო მწვავეც იყო და, რაც მთავარია, უფრო ბევრიც! ანუ ბათუმელებს თავისუფლად შეეძლოთ, ბოლო წუთებზე აღარც ენერვიულათ: თეიმურაზ შონიამ პირველ ტაიმში ბურთი ხარიხას გაარტყა, იმავე პირველ ტაიმში ელგუჯა ლობჯანიძეს თანაგუნდელთა მართლაც მშვენიერი კომბინაციის ზუსტად დაგვირგვინება მართებდა, მერე ისევ ლობჯანიძე ურტყამდა ურთულესი მდგომარეობიდან, მეორე ტაიმში პაპუნა ფონიავას და თეიმურაზ შონიას შეეძლოთ, თავიანთი გუნდის უპირატესობა გაემტკიცებინათ.

მაგრამ, როგორც გაირკვა, პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლიც საკმარისი აღმოჩნდა დამსახურებული გამარჯვებისათვის, თანაც, გოლი ხომ მრავალსვლიანი და ეფექტური კომბინაციის შემდეგ გავიდა - საკუთარი ნახევრიდან შეტევა გელა გოგიტიძემ წამოიწყო, ფონიავამ მარჯვნივ გაუგრძელა მოუღლელ გიორგი ქავთარაძეს და ამ უკანასკნელის გამჭოლი გადაცემის შემდეგ თეიმურაზ შონიამ ოსტატურად, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი თბილისელთა კარში.

ბათუმელთა კაპიტანმა, საერთოდაც, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და ბრინჯაოს მედლების (და ევროტურნირების საგზურის) მომტანი გოლის გარდა, იმითაც გამოირჩა, რომ მეტოქის არაერთი შეტევა ჩაჭრა და თორნიკე თარხნიშვილთან ერთად, მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონიც გახლდათ!..

უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი
10.12. თბილისი. "მიხეილ მესხი"
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 შონია (16. ქავთარაძის პასით)
ბათუმი (4-2-3-1): ტიმოფეევი - ტვილდიანი (89. ვარშანიძე), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი - თარხნიშვილი, შონია - ქავთარაძე (56. გორელიშვილი), ფონიავა, გეგეჭკორი (86. ვ. თევდორაძე) - ე. ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ქორიძე, ჭკუასელი, მარიანოვიჩი, შოვნაძე
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
თბილისი (4-1-4-1): რევიშვილი - ზ. ჭელიძე (46. კობოური), ხუბუტია, ლოჩოშვილი, გ. თევზაძე (57. ნინუა) - ცინცაძე - ჯიღაური (46. ჩაკვეტაძე), პაპუნაშვილი, ზარია, კიტეიშვილი - მიქელთაძე.
სათადარიგოები: ქაფიანიძე, კუცია, ლომაია
მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
გაფრთხილება: გოგიტიძე (67), ცინცაძე (73), ჩაკვეტაძე (78), თევდორაძე (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
gio–ს უკეთესი იქნებოდა ქართული კლუბები მოდიან...)) თქვენ ეხუმრებით ჩიხურას?! აქ "სწორხაზოვანი გულშემატკივრის" დაწერილით ჩიხურას ტექნიკას და თავბრუდამხვევ შეტევებს რომელი გუნდი გაუძლებს?! მაგრამ ეს იღბალი არასდროსაა ჩვენ მხარეს თორემ ხომ მოვუგებდით ზიმბრუს, ნეფთჩის და სხვა სახელოვან გუნდებს...)))
svan
14:56 12-12-2016
0
არიქა ევოპავ გადამალე გუნდები ბათუმის დინამო მოდის :)))
0

სიახლეები პოპულარული