"საბურთალო": სტარტი უცვლელი ბირთვით

AutoSharing Option
"საბურთალო" ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა. გუნდი, რომელმაც დაარსებიდან მესამე სეზონში უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, ამ მიღწევაზე გაჩერებას არ აპირებს.

ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს და "ბენდელაზე" პირველი ვარჯიშიც გამართეს. დედაქალაქელები ადგილზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მოემზადებიან, 23 ივლისიდან კი თურქეთში დაგეგმილი შეკრების ნაცვლად, დუშეთში გაემგზავრებიან და იქ 6 აგვისტომდე ივარჯიშებენ.

დუშეთში გამგზავრებამდე "საბურთალო" რამდენიმე სპარინგს გამართავს. გადაწყვეტილია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები "ბენდელაზე" ჯერ ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებენ (9 ივლისი), მერე ბოლნისის "სიონს" (16 ივლისი) და ბოლოს საგურამოში, "ლოკომოტივს" ესტუმრებიან (19 ივლისი).

გუნდის ძირითადი
ბირთვი, ფაქტობრივად, უცვლელია, სიახლე კი მხოლოდ სამია: "საბურთალოში" გამოჩნდა "ცხინვალისა" და "ზესტაფონის" ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია. თუმცა მისთვის ეს ახალი გუნდი არ არის - გიორგი ბავშვობაში "საბურთალო-ოლიმპში" თამაშობდა.

გუნდს დაუბრუნდა გიორგი თევზაძეც, რომელმაც ნახევარი წელიწადი იჯარით "სამტრედიაში" გაატარა. რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, ის რამდენიმე დღის წინათ ბელგიის ჩემპიონ "გენტში" რომ ჩაირიცხა, უკვე იცით.

სიახლეა "საბურთალოს" სამწვრთნელო შტაბში: გია ჭიაბრიშვილის ერთ-ერთი ასისტენტი რევაზ გოცირიძე ამიერიდან დუბლების გუნდის მთავარი მწვრთნელი იქნება, მას კი ბახვა ამბიძე დაეხმარება. 34 წლის სპეციალისტმა დუბლების გუნდი უკვე შეკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. პარალელურად, გოცირიძე ჭიაბრიშვილის სამწვრთნელო შტაბშიც იმუშავებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გია ჩემი უბნელია დიდუბეში მის ხელში გავიზარდე და არამარტო დიდი მწვრთნელი უდიდესი სულისკვეთების ადამიანია. ერთი დიდი სიამოვნებაა მასთან თუნდაც 5 წუთით ლაპარაკი
acho 91
11:21 04-07-2015
0
გია შენი პიროვნული თვისებების და პროფესიონალიზმის გვეიმედება. ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ხარ საქართველოში. დარწმუნებული ვარ სიმპატიურ გუნდს გამოიყვან ჩემპიონატში. წარმატებები ჭიაბრიშვილს და საბურთალოს! მაგრამ თურქეთში დაგეგმილი შეკრების გაუქმება რას ნიშნავს!? ხეჩიკაშვილმა თურქეთს დუშეთი ამჯობინა თუ მაგანაც დაიწყო ქართველი პრეზიდენტებისთვის დამახასიათებელი ფულის "მოჟოშკვები?
georgiano
14:59 03-07-2015
0

სიახლეები პოპულარული