ბაიერნი VS რეალი - ანჩელოტი ზიდანის წინააღმდეგ "ალიანც არენაზე"

AutoSharing Option
* "ბაიერნის" ამჟამინდელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ 2014 წელს სანატრელი "დესიმა" (ჩემპიონთა თასი მეათედ) მოაგებინა მადრიდის "რეალს".

* 2014 წელს "რეალთან" წაგებული 0:4 "ბაიერნის" ანტირეკორდია ევროთასებზე შინ გამართულ მატჩებში.

* "რეალმა" გერმანიაში დღემდე მხოლოდ 4 მატჩი მოიგო, არადა, 30-ჯერ ითამაშა.

ფეხბურთში ყველაფერი კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება, დღეს შენი გმირი, ხვალ მტერია - 2014 წელს, როცა "ბაიერნს" სარეკორდო მარცხი აგემეს შინაურ არენაზე, ბავარიელი ფანების საძულველი პერსონა კარლო ანჩელოტი იყო. იმავე წლის მაისში ანჩელოტი სანატრელი "დესიმას" მოგებით სრულიად კასტილიის გმირი გახდა, დღეიდან კი მისი
სახით "სამეფო კლუბის" ფანებმა მტრის ხატი შეიძლება შექმნან...

დღეს კარლო ანჩელოტი "ბაიერნს" ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიყვანს, რომელსაც მისი ყოფილი ასისტენტი ზინედინ ზიდანი წვრთნის. ზიდანი ვალში არ დარჩენია ოსტატს და "დესიმას" მე-11 ტიტული დაუმატა. ეს იყო შარშან. ახლა მოქმედი ჩემპიონის წინ ბარიერად "ბაიერნია".

0:4-ზე კი ვთქვით, მაგრამ საერთო ჯამში, 22-მატჩიანი დაპირისპირებების ისტორიაში მცირე უპირატესობა ბავარიულ გიგანტს აქვს.

მოწინააღმდეგე ბანაკებში
უცნაურად დააკლდა გუნდს ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი, რომელმაც გერმანული კლასიკოს ბოლოს ითხოვა შეცვლა, მან მეორე დღეს ვარჯიშზე გაიმიზეზა ტრავმა და ახლა პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს. ასე რომ, დაცვის ცენტრში ხავი მარტინესისა და ჟერომ ბოატენგის დუეტს ვიხილავთ. "დერ კლასიკერი" საერთოდ არ უთამაშია თომას მიულერს, თუმცა მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია და ალბათ, ითამაშებს კიდევაც.

მადრიდულ დერბიში "რეალმა" გოლის ავტორი პეპე დაკარგა, პორტუგალიელმა ვეტერანმა ორი ნეკნი გაიტეხა და ერთი თვე ბურთი უნდა დაივიწყოს. ტრავმირებულია ფრანგი რაფაელ ვარანიც. სხვა მხრივ, "რეალი" საბრძოლო შემადგენლობით წარდგება "ალიანც არენაზე".

პრესკონფერენცია
კარლო ანჩელოტი (ბაიერნი): "ჩემთვის სპეციალური მატჩია, რადგან ახლო ურთიერთობა მაქვს "რეალთან", მის მოთამაშეებთან და მწვრთნელთან. მე და ზიზუ კარგი მეგობრები ვართ. მოხარული ვარ მის გამო, ის წარმატებით ხელმძღვანელობს გუნდს და ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა მას. ამასთან, ის, რომ კარგად ვიცნობ "რეალის" ფეხბურთელებსა და ზიზუს, არანაირი უპირატესობა არ არის ჩვენთვის.

ჩვენ კარგად ვიცით, რა შეუძლია "რეალს" მოედანზე, ჩვენ მას დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ძირითადად, საკუთარ შესაძლებლობებზე ვართ კონცენტრირებულნი. ძალიან მძიმე მატჩი გველის, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "მე ვიცნონ კარლოს და კარლო მიცნობს მე, მაგრამ ხვალ ორი დიდი გუნდის დაპირისპირებაა და არა ჩემი და ანჩელოტის დუელი. ამ სეზონში ძალიან კარგად ვასპარეზობთ და კიდევ უფრო შორს გვსურს გაღწევა ჩემპიონთა ლიგაზე. ხვალ გავალთ და მოსაგებად ვითამაშებთ.

ჩემი აზრით, "რეალი" ახლა კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე ეს 2014 წელს "ბაიერნთან" დაპირისპირებისას იყო, მაგრამ ეს უნდა დავამტკიცოთ ჯერ. სამი წლის წინ რაც მოხდა, საოცარი იყო, მაგრამ ხვალ სულ სხვა დაპირისპირება გველის".

გასულ უქმეებზე
მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანული კლასიკა ერთი ამოსუნთქვით მოიგო - "დორტმუნდს" "გამარჯობის თქმა" არ აცალა, პირველივე წუთებიდან "დაბომბა" და საბოლოოდ, 4:1 მოუგო. საქმეში ისევ ვიხილეთ "ძველი გვარდია" ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, რომელთაც საოცრად ითამაშეს და თითო გოლიც მიითვალეს. ბუნებრივია, ვალში არავის დარჩენია "დორტმუნდის" ყოფილი გოლეადორი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ყოფილ გუნდს ორი გოლი გაუტანა.

"რეალს" არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა (თუ მეტი არა), მადრიდულ დერბიში "ატლეტიკოს" ხვდებოდა და ზედიზედ მეოთხედ (რაც ანტირეკორდია) ვერ მოუგო მშობლიურ "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ატლეტიკოს" - 1:1. "ლოს მერენგესი" პეპეს გოლით იგებდა, მაგრამ საყოველთაო სიხარული მასპინძლებს ანტუან გრიზმანმა ჩაუშალა.

ოთხშაბათი. 12 აპრილი
ბაიერნი-რეალი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰუმელსი, მიულერი (?) - ვარანი, პეპე
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-3-3): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ბოატენგი, ალაბა - ვიდალი, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა - რიბერი, ლევანდოვსკი, რობენი
რეალი (4-3-3): ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა რონალდო
ურთიერთშეხვედრები: 22 თამაში: +11 =2 -9 (33:31)
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული