გერმანიამ შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო, ლიოვი კი მაინც უკმაყოფილოა

AutoSharing Option
პრაღაში პირთამდე სავსე 20-ათასიან "ედენ არენაზე" მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩში ჩეხეთმა გერმანიას უმასპინძლა და მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. სლავთა ეროვნული გუნდი თაობათა ცვლის პროცესშია, სერიოზულად გაახალგაზრდავდა და გადახალისდა.

სტუმრებმა დებიუტშივე მოახერხეს ანგარიშის გახსნა - ოზილმა გამოზომილი პასით "ლეიპციგის" 21 წლის თავდამსხმელი ვერნერი მეკარე ვაცლიკს პირისპირ შეჰყარა და 0:1. ამის შემდეგ ბუნდესგუნდი დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და 78-ე წუთზე დარიდამ შორიდან ბრწყინვალე დარტყმით დალაშქრა ტერ შტეგენის კარი.

ჩეხებმა ანგარიშის შენარჩუნება მოინდომეს, მთელი გუნდით უკან დაიხიეს და დაისაჯნენ კიდეც.
შეხვედრის დასასრულს კროოსის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს დიდებულად დაჰკრა თავი ჰუმელსმა, გერმანიის ნაკრებს მორიგი 3 ქულა მოუპოვა და თუ ორშაბათს სახლში ნორვეგიას სძლიეს, ვადამდე ადრე გაინაღდებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს, ჩეხებმა კი რუსეთში ასპარეზობის შანსი დაკარგეს.

მიუხედავად იმისა, რომ შვიდიდან შვიდივე შეხვედრა მოიგეს, ბუნდესგუნდის მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მაინც უკმაყოფილო იყო:

"კმაყოფილების საბაბს ვერ ვხედავ. ბურთს კი ვფლობდით, მაგრამ მწვავედ ვერ ვუტევდით. გაგვიმართლა. მეტოქე თავს კარგად იცავდა, თუმცა თავად გავირთულეთ საქმე. ვფიქრობ, შტუტგარტში ნორვეგიასთან მატჩში 2-3 ცვლილებას განვახორციელებ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული