პრემიერლიგა. XXVIII ტური: თუ კლასი არ გაქვს... [VIDEO]

AutoSharing Option
პრემიერლიგის უქმეებმა "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალის" გარეშე ჩაიარა. ამ ტურის თამაშს ისინი 1-ელ მარტს გამართავენ, მანამდე კი, გუშინ ლიგის თასის ფინალში გაარკვიეს ურთიერთობა...

ხოლო მათ გარეშე ასეთი ამბები მოხდა - "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაიბრუნა მეორე პოზიცია, რომელიც შაბათს "ლივერპულმა" დაიკავა, ხოლო "ჩელსიმ", ბოლოდროინდელი ჩავარდნის გადამკიდე, ჩემპიონთა ლიგის ზონა დატოვა, ოღონდ, დროებით თუ საბოლოოდ, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა...

მანჩესტერ იუნ-ჩელსი
ამ თამაშს იმდენი ინტრიგა ახლდა, ახლა მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ყველაზე ბოლო შტრიხი, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაპირისპირებათა სიმწვავეს შეემატა,
უშუალოდ ჟოზე მოურინიოსა და ანტონიო კონტეს შორის ცნობილი შეხლა-შემოხლა იყო...

თამაშის დაწყებამდე მწვრთნელებმა ერთმანეთს ცივად ჩამოართვეს ხელი, ისევე, როგორც თამაშის ბოლოს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, დიდი ვერაფერი - უფრო მეტი ბრძოლა, ვიდრე კრეატივი.

ასე იყო თუ ისე, "წითელმა ეშმაკებმა" დამსახურებულად გაიმარჯვეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვილიანის გოლით თავიდან "ჩელსი" გაიჭრა წინ. მატჩის გმირად კი იქცა რომელუ ლუკაკუ, რომელმაც პირველად გაუტანა თავის ყოფილ გუნდს.

ამას გარდა, მიმდინარე სეზონში ეს იყო ბელგიელი ფორვარდის პირველი გოლი ზოგადად "დიდი ექვსეულის" გუნდის კარში. და ლუკაკუს კიდევ ერთი გაბრწყინება - საგოლე პასი ჯესი ლინგარდს, ვისმა თავურმაც გამარჯვება მოუტანა "იუნაიტედს".

"ჩვენ დავამარცხეთ ჩემპიონი, რომელიც ფანტასტიკური გუნდია, - თქვა მოურინიომ. - ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს ამ გამარჯვებისთვის. "ჩელსის" ვერ მოუგებ, თუ კლასი არ გაქვს. თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, განსხვავებით მეტოქისგან, მაგრამ მერე ვიპოვეთ ჩვენი თამაში და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა".

"ჩვენ გვქონდა ამ თამაშის მოგების შანსი, მაგრამ საბოლოოდ ხელში შეგვრჩა მარცხი. საუკეთესო გუნდი ხარ მაშინ, როცა ორივე ტაიმს თანაბრად თამაშობ და არა - მხოლოდ პირველ ნახევარს. ახლა ჩვენ უნდა მოვნახოთ ძალა და ვიბრძოლოთ იმისთვის, რათა დავიბრუნოთ ადგილი პირველ ოთხეულში. მჯერა, ჩემს ფეხბურთელებს ეს შეუძლიათ", - ეს კი კონტეს სიტყვებია.


ფაქტები
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" ბოლო 3 ურთიერთდაპირისპირებიდან 2 მოუგო - ერთით მეტი, ვიდრე წინა 14 შეხვედრაში.
  • 2015 წლის ნოემბრის შემდეგ "ჩელსიმ" პირველად წააგო ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი.
  • 2017 წლის აპრილის შემდეგ "ჩელსიმ" პირველად წააგო მატჩი, რომელშიც თავიდან იგებდა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის ბოლო 35 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (20 მოგება, 14 ფრე).

ლივერპული-ვესტ ჰემი
ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა იურგენ კლოპის გუნდმა კითხვის ნიშანი არ დატოვა "ვესტ ჰემთან" საშინაო მატჩში. რა თქმა უნდა, ეფექტური გახლდათ "ლივერპულის" ფრონტის ხაზი, თუმცა აღსანიშნავია ემრე ჯანის გოლიც, რომელიც მე-100 (ყველა ტურნირის ჩათვლით) იყო "წითლების" საამსეზონო დავთარში.

როგორ არ ვთქვათ მოჰამედ სალაჰზეც, ვინც ზედიზედ მე-6 მატჩში გაიტანა გოლი და საერთო ჯამშიც შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს - ეგვიპტელი 31 პრემიერლიგურ გოლში (23 გაიტანა, 8 გაატანინა) მონაწილეობდა, რითიც ამ სეზონში ყველას აღემატება.

აიყვანა თუ არა კლოპმა "ლივერპული" ფორმის პიკზე და სადამდე შეიძლება წავიდეს ეს გუნდი, ამ კითხვაზე პასუხს მყარი არგუმენტები სჭირდება. დღევანდელი გადასახედიდან, სეზონის ბოლოსთვის პერსპექტივა ასეთია - მეორე ადგილი პრემიერლიგაში, რაც იმ ფონზე, რომ "ის ერთი" გუნდი, ობიექტურად, გაცილებით მაღლა დგას დანარჩენებზე, "ლივერპულისთვის" სერიოზული მიღწევა იქნება მოკლე სათადარიგო სკამის გათვალისწინებით.

მაგრამ ეს პერსპექტივა ჯერ დრომ უნდა გამოსცადოს, რადგან ამ სეზონში "ლივერპულმა" ერთი-ორჯერ უკვე "მოატყუა" ერთგული ქომაგი.


ფაქტები
  • 2012-13 წლების შემდეგ "ლივერპულმა" პირველად მოახერხა ერთი კონკრეტული ოპონენტის (ამ შემთხვევაში - "ვესტ ჰემის") კარში 4 (და მეტი) გოლის გატანა. ზემოთ ხსენებულ წლებში "ლივერპულმა" ეს "ნორვიჩის" წინააღმდეგ შეძლო.
  • დევიდ მოიესმა, როგორც მწვრთნელმა, აქამდე ვერ მოახერხა მოგება "ენფილდზე" "ევერტონის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "სანდერლენდის", ხოლო ახლა "ვესტ ჰემის" დამრიგებლის რანგში.
  • მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჩათვლით, "ლივერპულმა" 103 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" (111) ჩამორჩება.
  • მაიკლ ანტონიომ ("ვესტ ჰემი") "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებულ 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

კრ. პალასი-ტოტენჰემი
"ტოტენჰემს" უდიდესი უპირატესობა ჰქონდა თანაქალაქელ "კრისტალ პალასთან" მატჩში, თუმცა მეტოქეს მხოლოდ ბოლო წუთზე გამოსტაცა გამარჯვება... და ვისი გოლით? რა თქმა უნდა, ჰარი კეინის. ალბათ, საგოლე პასის ავტორის გამოცნობაც არ გაგიჭირდებათ - დიახ, კრისტიან ერიქსენი, ვინც "ტოტენჰემის" ისტორიაში ამ მხრივ მხოლოდ დარენ ანდერტონს (67 საგოლე პასი) ჩამორჩება და უტოლდება აარონ ლენონს (45).

რაც შეეხება კეინს, მან კარიერაში 150-ე გოლი გაიტანა (ყველა ტურნირის ჩათვლით), მათ შორის, 134 - "ტოტენჰემის" მაისურით.


ფაქტები
  • "ტოტენჰემი", ყველა ტურნირის მასშტაბით, არ დამარცხებულა ბოლო 15 მატჩში. ეს არის ამ გუნდის უგრძესი სერია1999 წლის მარტის შემდეგ, როცა "დეზებმა" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.
  • "კრისტალ პალასს" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩი, რაც როი ჰოჯსონის მწვრთნელობის პერიოდში (2017 წლის სექტემბრიდან) ყველაზე გრძელი მოუგებელი სერიაა.
  • "ტოტენჰემმა" ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი მოუგო "კრისტალ პალასს", რაც ამ გუნდების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
  • ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • "სტოკმა" პრემიერლიგის ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, ხოლო სეზონის სტარტიდან ყველაზე მეტი, 7 ავტოგოლი გაიტანა.
  • "ბორნმუთმა" 13 ქულა მოაგროვა იმ მატჩებში, რომლებსაც თავიდან აგებდა. მიმდინარე სეზონში ეს არის ყველაზე მაღალი შედეგი "ევერტონის" ანალოგიურ მაჩვენებელთან ერთად.
  • 2012 წლის თებერვლის შემდეგ "ნიუკასლმა" პირველად ვერ შეძლო იმ თამაშის მოგება, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ 2-ბურთიანი სხვაობით იყო დაწინაურებული.
  • "უოტფორდმა" პრემიერლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში პირველად შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.
  • უეინ რუნიმ ("ევერტონი") "უოტფორდთან" მატჩში 17-ჯერ დაკარგა ბურთი მოედნის ცენტრში.
  • "ევერტონმა" წააგო ზედიზედ მე-4 გასვლითი მატჩი, ხოლო უკანასკნელ 15 საგარეო დაპირისპირებაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
  • "ბრაიტონმა" ინგლისის მთავარ ლიგაში პირველად შეძლო ერთ მატჩში 4 გოლის გატანა, ხოლო ზოგადად ინგლისური ლიგების მასშტაბით, პირველად - 2017 წლის თებერვლის შემდეგ (4:1 "ბარტონთან").
  • "ბარნლის" არ მოუგია პრემიერლიგის ბოლო 11 მატჩი (6 ფრე, 5 მარცხი). ეს არის ამ გუნდის უგრძესი წარუმატებელი სერია 2010 წლის იანვრის (12 მატჩში) შემდეგ.
  • "ჰადერსფილდმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ეს არის პირველი შემთხვევა მიმდინარე პრემიერლიგის სასტარტო ორი ტურის შემდეგ.
  • "ვესტ ბრომვიჩმა" ალან პარდიუს ხელმძღვანელობით 14 მატჩში მხოლოდ 8 ქულა (1 მოგება, 5 ფრე, 8 წაგება) მოაგროვა - ოთხით ნაკლები, ვიდრე მის მოსვლამდე.

პრემიერლიგა. XXVIII ტური
ლესტერი-სტოკი 1:1
გოლები: 0:1 შაქირი (23), 1:1 ბატლენდი (70-საკ. კარში)

ბორნმუთი-ნიუკასლი 2:2
გოლები: 0:1 გაილი (17), 0:2 გაილი (45+1), 1:2 სმიტი (80), 2:2 გოსლინგი (89)

ბრაიტონი-სუონსი 4:1
გოლები: 1:0 მიურეი (18-პენ), 2:0 მიურეი (69), 3:0 ნოკერტი (73), 3:1 დანკი (86-საკ. კარში), 4:1 ლოკადია (90)

ბარნლი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 1:0 ბარნსი (67), 1:1 გაბიადინი (90)

ლივერპული-ვესტ ჰემი 4:1
გოლები: 1:0 ემრე ჯანი (29), 2:0 სალაჰი (51), 3:0 ფირმინო (57), 3:1 ანტონიო (59), 4:1 მანე (77)
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - მილნერი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ემრე ჯანი - სალაჰი (87. სოლანკე), მანე (87. მორენო), ფირმინო (82. ლალანა).

ვესტ ბრომვიჩი-ჰადერსფილ. 1:2
გოლები: 0:1 ვან ლა პარა (48), 0:2 მუნი (56), 1:2 დოუსონი (64)

უოტფორდი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 დინი (80)

კრ. პალასი-ტოტენჰემი 0:1
გოლი: 0:1 კეინი (88)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონ სანჩესი, დაიერი, ბ. დევისი - ვანიამა, დემბელე (80. სონი) - ერიქსენი, ალი, ლამელა (66. ლუკას ლეივა) - კეინი.

მანჩესტერ იუნ-ჩელსი 2:1
გოლები: 0:1 ვილიანი (32), 1:1 ლუკაკუ (39), 2:1 ლინგარდი (75)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი - მაკტომინი, მატიჩი, პოგბა - ალექსის სანჩესი (81. ბაილი), მარსიალი (64. ლინგარდი), ლუკაკუ.
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - მოზესი (78. ჟირუ), კანტე, დრინკუოტერი (81. ფაბრეგასი), ალონსო - ვილიანი, აზარი (73. პედრო) - მორატა.

ხუთშაბათი, 1-ლი მარტი
არსენალი-მანჩესტერ სიტი 23:45

ბომბარდირები: 24 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 23 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 21 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 15 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 13 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ).

მომდევნო ტური
3 მარტი: ბარნლი-ევერტონი, ლესტერი-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-სტოკი, სუონსი-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-ჰადერსფილდი, უოტფორდი-ვესტ ბრომვიჩი, ლივერპული-ნიუკასლი
4 მარტი: ბრაიტონი-არსენალი, მანჩესტერ სიტი-ჩელსი
5 მარტი: კრ. პალასი-მანჩესტერ იუნ

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული