ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური: "რეალმა" "ბერნაბეუზე" "ტოტენჰემს" ვერ სძლია

AutoSharing Option
17 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის პირველ სათამაშო დღეს მართლაც თვალსასეირო მატჩები გაიმართა.

E ჯგუფში "ლივერპულმა“ გასვლაზე აბუჩად აიგდო სლოვენიური "მარიბორი“ (7:0), ხოლო ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე დარჩენილმა მოსკოვის "სპარტაკმა“ სენსაცია მოახდინა და სახლში "სევილია“ 5:1-ზე გაანადგურა.

3 ტურის შემდეგ "ლივერპულს“ და "სპარტაკს“ 5-5 ქულა აქვთ, "სევილიას“ 4, ხოლო "მარიბორს“ – 1.

F ჯგუფში "მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირების წინ "ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ნამეტანი აქეს მეტოქე და მართლაც, "ქალაქელები“ უდიდეს ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და იტალიის ჩემპიონატზე რვავე შეხვედრის მომგებ გუნდს მე-13
წუთზე 2 ბურთი შეუგდეს (რახიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟეზუშმა. სტერლინგმა მიჯრით მე-5 საშინაო შეხვედრაში გაიტანა გოლი) და თითქოს მოუთავეს საქმე. თუმცა, სტუმრები არ დანებდნენ, შესვენებამდე შეეძლოთ ანგარიშის შემცირება, მაგრამ დრის მერტენსის მიერ პენალტიდან დარტყმული ბურთი მეკარე ედერსონმა მოიგერია. სხვათა შორის, მან ამ ტურნირზე უკვე 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია. მაინც მოახერხეს მაურიციო სარის შეგირდებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა-უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში ამადუ დიავარამ მოიყვანა და ეს ერთობ ლამაზი პაექრობა 2:1 დასრულდა.

დონეცკის "შახტარი“ როტერდამში“ თავიდან 0:1-ს აგებდა "ფეიენოორდთან", მერე ბრაზილიელმა ლეგიონერმა ბერნარდმა ჰოლანდიელებს დუბლი შეუსრულა, 75-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბურთი უჩვენა დონბასელ იაროსლავ რაკიცკის, "მეშახტეთა“ მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მაშინვე გაიყვანა თავდამსხმელი ფაკუნდო ფერეირა ,მის ნაცვლად ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა შეუშვა შეცვლაზე და უკრაინულმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა.

ამ კვარტეტს  9 ქულით "მანჩესტერ სიტი“ ლიდერობს, "შახტარს“ 6 ქულა აქვს, "ნაპოლის“ 3, "ფეიენოორდი“ კი უქულოდაა.


G ჯგუფში "მონაკო“ შინ რადამელ ფალკაოს გოლით 1:0-ს უგებდა "ბეშიქთაშს“ (კოლუმბიელმა ევროტურნირებზე 55 მატჩში 44 გოლი გაიტანა), მაგრამ მერე გენკ თოსუნმა ორჯერ დაამწუხრა მონეგასკები და 1:2. "ლაიპციგმა“ დაძაბულ ორთაბრძოლაში „პორტუს“ 3:2 სძლია.

მოკლედ, მოულოდნელად ამ ჯგუფს 9 ქულით "ბეშიქთაში“ ლიდერობს, 4 ქულით მეორე პოზიციაზე "ლაიპციგია“, მესამეზე 3 ქულით "პორტუ“, მეოთხეზე კი ერთქულიანი "მონაკო“.


H ჯგუფში "სანტიაგო ბერნაბეუზე“ "ტოტენჰემმა“ ნამდვილი ბრძოლა გაუმართა "რეალს“ და დებიუტში მასპინძელთა მიერ გაცუდებული მომენტების შემდეგ, ანგარიშიც გახსნა, როდესაც განივი გადაცემის ჩაჭრისას რაფაელ ვარანმა ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, ზედ შესვენების წინ კრიშტიანო რონალდომ თერთმეტმეტრიანით თანაფარდობა აღადგინა.

ნაანტრაქტევს ეს მართლაც საინტერესო თამაში კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართა. ორივე გუნდი უტევდა, უტევდა ლამაზად და სწრაფად, ყველაზე გასაკვირი კი "დეზების“ ჩინებული ასპარეზობა გახლდათ. მიუხედავად არაერთი მომენტისა, 1:1 და ალბათ, ეს ამ მატჩის ლოგიკური შედეგია.

"აპოელი“-დორტმუნდის "ბორუსია“ 1:1 დასრულდა.

ამ კვარტეტში 7-7 ქულით "რეალი“ და "ტოტენჰემი“ ლიდერობენ, ხოლო "ბორუსიასა“ და "აპოელს“ თითო-თითო ქულა აქვთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული