საქართველო - ფინეთი | მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მესამე მატჩი

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდის მესამე მატჩს 7 ოქტომბერს გამართავს. თბილისის სპორტის სასახლეში ავთანდილ ასათიანის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდებმა თამაშის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. მოახლოებული თამაშის შესახებ მედიასთან საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა გიორგი ღავთაძემ ისაუბრა.

ავთანდილ ასათიანია (ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, რაც თამაშიდან თამაშამდე დასტურდება. ფინეთის სიძლიერეს ისიც ადასტურებს, რომ სომხეთის ნაკრებს სძლია ერევანში. მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები შესწავლილი გვაქვს. სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისი, თუმცა
ვეცდებით, რომ ეს გუნდს არ დაეტყოს. მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. სომხეთის ნაკრები ერთად დავამარცხეთ, გულშემატკივარი მართლაც მრავლად იყო მოსული. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და დაგვეხმარებიან გამარჯვების მოპოვებაში".

გიორგი ღავთაძე (ფუტსალის ნაკრების წევრი): "ვფიქრობ, ფორმაში ვართ და მიუხედავად დანაკლისისა მზად ვართ თამაშისთვის. ვეცდებით, ფინეთთან ორივე მატჩში მოვიპოვოთ გამარჯვება. ეს 6 ქულა გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის. მინდა, მოვუწოდო გულშემატკივარს მოვიდეს თამაშზე და მხარი დაგვიჭიროს. თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი კომფორტია სავსე ტრიბუნების წინ თამაში".

საქართველო - ფინეთის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორაჟს Livestream.com-ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხზე შემოგთავაზებთ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი) ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო)

წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, საქართველო), სიმი საიოტი (ელეკტრიკო, პორტუგალია), ბინიო (ვინია ალბალი, ესპანეთი), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი) ელისანდრო (მაგნუსი, ბრაზილია), შაგინია (პალმა, ესპანეთი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ბრუნო პეტრი (კოზენცა, იტალია), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი საქართველო)

მატჩების განრიგი
7 ოქტომბერი | საქართველო - ფინეთი | 19:00

11 ოქტომბერი | ფინეთი - საქართველო | 19:10

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული