NHL-ის ისტორიიდან: 10 ათასი მას, ვინც ჰერბერტს გაათეთრებს

AutoSharing Option
ამერიკელებს უყვართ ისტორიების მოყოლა ბარიერებზე, რომელსაც მათი საზოგადოება გადალახავს ხოლმე:

MLB-ის პირველ შავკანიან ბეისბოლისტზე, ჯეკი რობინსონზე შესანიშნავი ფილმია გადაღებული; კონგრესში პირველ ქალს ჯანეტ რენკინს ძეგლი დაუდგეს და პიესა მიუძღვნეს; ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველ შავკანიან კალათბურთელ ერლ ლოიდს თითქმის ცხოვრების ბოლომდე სხვადასხვა ღონისძიებაზე დაატარებდნენ, როგორც ცოცხალ მონუმენტს...

მაგრამ, თუ ბარიერები იმსხვრეოდა, მათ ეწირებოდა ბევრი არანაკლებ ღირსეული ადამიანი....

ჰერბი 1919 წელს ტორონტოში დაიბადა, იამაიაკიდან ჩამოსული იმიგრანტების ოჯახში. ჰოკეისტის კარიერა მან 19 წლის ასაკში, საუნივერსიტეტო გუნდ "ტორონტო იანგ რეინჯერმენში" დაიწყო და მაშინვე გადაეყარა
რასისტულ გამოხტომებს. კარნეგის სიტყვებით, ტრიბუნებიდან და მეტოქეთა მხრიდან ყველანაირად შეურაცხმყოფელი ყოველი მატჩის შემდეგ, სკოლის მწვრთნელი ეუბნებოდა:

"მათ სიტყვებს კარის უკან წითელი შუქის ანთებით უპასუხე". მამამისი არ იყო შვილივით მტკიცე ხასიათით გამორჩეული და უნდოდა ვაჟს ჰოკეისტის კარიერისთვის თავი დაენებებინა: "მან იცოდა, რომ პროფესიული ჰოკეის თამაში მინდოდა, მაგრამ ხალხი სამსახურში ეუბნებოდა:

"შენი შვილი ვერასოდეს მოხვდება NHL-ში, არავინ მოისურვებს მასთან ერთად თამაშს". ამ აზრების მიმართულებას ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში მივხვდი, მაგრამ ყოველთვის ერთი ყურიდან მეორეში ვატარებდი. მოგვიანებით, ჩემი მიზანი გახდა - მე თქვენ გიჩვენებთ..." - იხსენებდა ჰერბერტი.

პირველად კარნეგი 22 წლის ასაკში ახმაურდა, როცა ძმასთან ოსისთან და მეგობარ მენი მაკინტაირთან ერთად, სამოყვარულო ლიგის კლუბ "ბაფალო ბიზონსში" პირველად ისტორიაში ჩამოაყალიბა შავკანიანი მოთამაშეებისგან შემდგარი შემტევი სამეული. საკუთარი ფანების ნაწილი ტრიბუნებიდან უსტვენდა, მათ ტრიოს მეტსახელები მოუგონეს სიმპატიებზე ან ანტიპატიებზე დამოკიდებულებით, თუმცა, თითქმის ყველა სახელში იყო სიტყვა - "შავი".

კარიერის ყველაზე დატვირთული წლები კარნეგის კვებეკის პროვინციულ ლიგაში ჰქონდა - "შერბრუკ სენტ ფრენსისისა" და "კვებეკ ეისესის" შემადგენლობებში. 1947-48 წლების სეზონში, ჰერბმა 48 შაიბა გაიტანა და 79 შედეგიანი პასი შეასრულა 56 მატჩში. ამის შემდეგ, ის ზედიზედ სამი წელი სეზონის უძვირფასესი მოთამაშე ხდებოდა.

ჰერბს ჰქონდა ყველა შანსი იმისთვის, რომ მას შეამჩნევდნენ და NHL-ში მიიწვევდნენ, მით უმეტეს, რომ 1946 წელს, მონრეალიდან სულ რაღაც 200 კილომეტრში, MLB-ში თავისი ტრიუმფალური აღმასვლა დაიწყო ჯეკი რობინსონმა. "სიმართლე გითხრათ, მოხარული ვიყავი, რომ ასე მოხდა, რადგან შეიქმნა პრეცედენტი, რომელიც წარმოშობდა ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობას", - ამბობდა კარნეგი.

ამავდროულად, "მონრეალ კანადიენსის" მომავალი ლეგენდა ჟან ბელივო სპეციალურად მოგზაურობდა "კვებეკ ეისესის" მატჩებზე, რათა ჰერბერტის თამაში ენახა. ოდნავ მოგვიანებით, მათი სპორტული გზები "კვებეკ ეისესში" გადაიკვეთა და ამ ორმა წელმა ღრმა კვალი დატოვა ბელივოს მეხსიერებაში - ჟანი კარნეგის ერთ-ერთ უდიადეს მოთამაშეს უწოდებდა მათ შორის, ვინც კი ოდესმე უნახავს.

1953 წელს, ბელივო "მონრეალ კანადიენსის" დასაპყრობად გაემგზავრა, ჰერბერტის სხვა პარტნიორებიც წავიდნენ NHL-ში დასაწინაურებლად, მაგრამ თავად კარნეგი მხოლოდ "შოუინიგან კატარაკტესში" გადავიდა - კვებეკის მთავარი ლიგის გუნდში.

ჰერბს NHL-ში მოხვედრის ორი შანსი ჰქონდა. პირველი - ნახევრადმითიური, 1938 წელს: "ტორონტო მეიპლ ლივზში" გასინჯვის შემდეგ, კლუბის მფლობელს კონ სმაიტს ასე უთქვამს - 10 ათას დოლარს მივცემ იმას, ვინც ჰერბერტს თეთრ მამაკაცად გადააქცევსო. მეორე შემთხვევა 1948 წელს, კიდევ უფრო დამამცირებელი იყო. "ნიუ იორკ რეინჯერსის" გენერალურმა მენეჯერმა ფრენკ ბუშემ კარნეგი შეკრებაზე მიიწვია. ჰერბერტმა გუნდთან ერთად რამდენიმე კვირა იმუშავა, მაგრამ კონტრაქტის ნაცვლად, ბუშემ თქვა:

"შესანიშნავი ჰოკეისტი ხარ, მაგრამ მინდა, რომ "ნიუ ჰევენში" ითამაშო". ეს იყო "რეინჯერების" ფარმ-კლუბი, სადაც გროშებს იხდიდნენ, 29 წლის კარნეგის კი ცოლი და შვილები ჰყავდა, კვებეკის ლიგაში მეტი ფული იყო, ამიტომაც, უარი განაცხადა.

"ყველაზე მეტად დასანანი ის იყო, რომ ჩემი გუნდის სხვა მოთამაშეებმა მიიღეს შანსი, თუმცა თავადაც კარგად იცოდნენ, რომ ისეთივე ძლიერები არ იყვნენ, როგორც მე. ეს იყო სუფთა წყლის დისკრიმინაცია და რასიზმი. ძალიან იოლი იყო ამ სამყაროში რწმენის დაკარგვა", - ამბობდა კარნეგი. 34 წლის ასაკში, ჰერბმა მოთამაშის კარიერა დაასრულა. ოთხი წლის შემდეგ, NHL-ში პირველად ითამაშა შავკანიანმა - ვილი ო'რიმ, რომელსაც მაშინვე უწოდეს ჰოკეის ჯეკი რობინსონი.

"ჩემი აზრით, ნამდვილი ჰოკეის თამაშის საშუალება არ მომცეს. მაგრამ მე მეტის მიღწევა მინდოდა, ამიტომაც, ასეთი იდეა დამებადა: თუ ჩვენ გვაქვს ჰოკეის სწორად თამაშის საფუძვლები, რატომ არ შეიძლება სწორად ცხოვრების საფუძველი გაგვაჩნდეს? როგორი უნდა იყოს ის?" - ამ აზრმა კარნეგი ფონდ Future Aces Foundation-ის შექმნამდე მიიყვანა, რომელიც სტუდენტებს სტიპენდიებით უჭერს მხარს.

ამის შემდეგ, კარნეგი ბევრს მოგზაურობდა სკოლებში და კითხულობდა ლექციებს, დაკავებული იყო ინვესტიციებით და წარმატებული გოლფისტიც გახდა: მოიგო კანადის ჩემპიონატი 1977 და 1978 წლებში. 1996 და 2003 წლებში დააჯილდოვეს ონტარიოსა და კანადის ორდენებით - ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოთი, 2006 წელს გახდა იორკის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა საპატიო დოქტორი.

ჰერბერტ კარნეგიმ ვერ მიაღწია მთავარ მიზანს და ვერ მოხვდა NHL-ში, მაგრამ სხვა მიზანს მიაღწია - ოცნების თანახმად, მან უჩვენა ადამიანებს, რომ შეუძლია წარმატებული იყო ყველაფერში, რასაც ხელს მოჰკიდებს. გარდა ჰოკეისა.

NHL-ის ფარმ-კლუბში ითამაშა ჰერბერტის ერთ-ერთმა შვილიშვილმა რეინ კარნეგიმ - 2005-06 წლების სეზონში "მილუოკი ედმირალსში". თავად ჰერბმა 92 წელი იცოცხლა, 60 წელი დაქორწინებული იყო ოდრი კარნეგიზე, ჰყავდა ოთხი შვილი, ცხრა შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი.

სიცოცხლის ბოლო წლებში დაბრმავდა და მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, მაგრამ მისი ძალა და სიმტკიცე დღემდე მაგალითია მათთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი იმედი აქვს, აღწევს ნებისმიერ მიზანს ნებისმიერი ცრურწმენის მიუხედავად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა 100? 1960-70-იან წლებში შავკანიანებისთვის ცალკე იყო ადგილები საზოგადოებრივ ტრანსპორტში... დემოკრატია არა....
musenbezi
23:12 13-01-2017
0
ჯერ კიდევ 100 წლის უკან თვით დემოკრატია და ნათელი მომავლის მამა ამერიკა ავიწროვებდა ფერადკანიანებს და ეხლა ესენი გვიკითხავენ ნოტებს ჰუმანიზმზე ადამიანობაზე და განვითარებაზე ვაი მაგათ მსმენელს კიდევ
fexburteli
22:44 13-01-2017
0

სიახლეები პოპულარული