ციგურებით მოხატული ცხოვრების გზა

AutoSharing Option
მარინე ცერცვაძე
დაიბადა 1959 წლის 13 აპრილს თბილისში. ფიგურულ ციგურაობაში მეცადინეობა დაიწყო 6 წლისამ იური კუკულაძესთან, შემდეგ ლეილა დოლიძე, ვალენტინა რეტივიხი და 1970 წლიდან ირაკლი ჯაფარიძე ავარჯიშებდნენ.

საქართველოს ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულმა 1972 წელს გოგონებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა, საქართველოდან პირველი სპორტის ოსტატია ქალთა შორის. მსოფლიოში პირველმა შეასრულა სამმაგი ბრუნი. სსრკ თასის ორგზის (1975, 1976) მფლობელი საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორია. მეოთხე წელიწადია, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობს. მანამდე ბულგარეთ-ხორვატია-ავსტრიაში ასწავლიდა მოზარდებს ფიგურული ციგურაობის ანაბანას.

ირაკლი ჯაფარძე
დაიბადა 1949 წლის 20
აპრილს თბილისში. საქართველოს რვაგზის ჩემპიონმა (1996-1968) ჭაბუკებში საკავშირო პირველობა მოიგო (1963), იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი (1973-1985), ბულგარეთის (1988-1990) და ხორვატიის (1990-1993, 1996-1997) ნაკრები გუნდების მთავარი მწვრთნელი, ავსტრიის ქალაქ ლინცის კლუბ "ასკოს" უფროსი მწვრთნელი (1993-1996), თბილისის საციგურაო ცენტრის დირექტორი (1997 წლიდან) საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაციის პრეზიდენტიც (2002-2010) გახლდათ, ამჟამად სპორტის ამ სახეობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტია. მისი აღზრდილები არიან: მარინე ცერცვაძე, ლია გაბელაია, მიხეილ სიხარულიძე, გია შანყულაშვილი, ონისე რუხაძე, ნელი დვალიშვილი და სხვები.

* * *
სახელოვანმა მოციგურავეებმა, შემდეგ კი კოლეგებმა, 1977 წელს თავიანთი ბედი ერთმანეთს დაუკავშირეს. ჰყავთ ორი ვაჟი - უფროსი ლაშა ჯაფარიძე ავიაკომპანია "აირზენას" ფინანსური მენეჯერია, უმცროსი ოთარ ჯაფარიძე - ფიგურულად მოციგურავე, ცეკვებში ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

საკავშირო სპორტკომიტეტის 1960 წლის გადაწყვეტილებით, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში უნდა დაწყებულიყო ზამთრის სახეობების განვითარება, რათა 1962 წლის საბჭოთა კავშირის ხალხთა ზამთრის პირველ საკავშირო სპარტაკიადაში ეასპარეზათ.

საქართველოში რუსეთიდან ჩამოიყვანეს სპეციალისტები: ფიგურულ ციგურაობაში - ედუარ პლინერი, ჰოკეიში - ვლადიმირ ზახაროვი და ციგურებით სწრაფრბენაში - ბორის პანიჩევი.

პლინერის ჩამოყალიბებული ქართული საციგურაო სკოლის პიონერები იყვნენ ირინა არხანგელსკაია, მარინე ცინცაბაძე, ლეილა დოლიძე, ნანა მანჯგალაძე, მანანა წივწივაძე, თამარ მჟავანაძე, ირაკლი ჯაფარიძე, იური კუკულაძე, თენგიზ ხანიშვილი, ზურაბ ალავიძე, თემურ ხერხაძე და სხვები. 1961 წელს დაბა ბაკურიანში ბუნებრივად გაყინულ საციგურაოზე საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ ირინე არხანგელსკაია და ირაკლი ჯაფარიძე. 1962 წლის ზამთრის სპარტაკიადაზე ოსტატობის კანდიდატებში ირაკლი ჯაფარიძემ მეორე ადგილი დაიკავა.

21 ივნისს ირაკლი ჯაფარიძე და მისი მეუღლე მარინე ცერცვაძე "ლელოს" სტუმრები იყვნენ.

- დედაჩემმა რომ შეიტყო საქართველოში ფიგურული ციგურაობის სექცია ყალიბდებოდა, ედუარდ პლინერთან მიმიყვანა სანაპიროზე ტანვარჯიშის დარბაზში, სადაც რუსი სპეციალისტი მეცადინეობებს ატარებდა, - გაიხსენა სიჭაბუკის წლები ბატონმა ირაკლიმ. - მაშინ თბილისში ჯერ არ იყო ყინული, ამიტომ ერთრიგიანი გორგოლაჭებით ვემზადებოდით.

პირველად ყინულზე 1960 წლის 4 ნოემბერს დავდექით: მოსკოვური დასი - "ბალეტი ყინულზე" ვერის ბაღში გასტროლებს მართავდა და მათთვის მოაწყვეს ხელოვნურსაფრიანი საციგურაო. დასმა თითქმის ერთი თვე დაჰყო თბილისში და ჩვენც ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენეთ.

ოსტატობის ასამაღლებლად დეკემბერში ბაკურიანს მივაშურეთ და იქ ღია ცის ქვეშ განვაგრძეთ ვარჯიში, იანვარში კი საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა. მას შემდეგ, რაც თბილისის სპორტის სასახლე გაიხსნა, მას სტუმრობდნენ უკრაინის, ჩეხოსლოვაკიისა და უნგრეთის ყინულზე ბალეტის ოსტატები, ხშირად ჩამოდიოდნენ რუსები და ჩვენც მეტი რა გვინდოდა - წვრთნა არ შეგვიწყვეტია.

პლინერთან ერთად მოსკოვშიც მიწევდა გამგზავრება და იქ ცსკა-ს ყინულზე ვარჯიში. ალბათ, ამან განაპირობა, რომ 1963 წელს ჭაბუკებში საკავშირო პირველობა მოვიგე. პლინერის შეგირდების წარმატებების შედეგია ის, რომ 1964 წელს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ფიგურული ციგურაობის სკოლა, სადაც სახელოვანი სპორტსმენები აღიზარდნენ.

- უპირველესად, ალბათ, მარინე ცერცვაძე უნდა დავასახელოთ...
- 1968 წელს ტრავმის გამო აქტიურ სპორტს ჩამოვშორდი და მწვრთნელობა დავიწყე. ორი წლის შემდეგ ჩამოვაყალიბე საკმაოდ კარგი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ მარინე ცერცვაძე, ლია გაბელაია, მიხეილ სიხარულიძე, ონისე რუხაძე და სხვები. ამ სპორტსმენებიდან ყველა სპორტის ოსტატი გახდა და საკავშირო ტურნირებშიც ისახელეს თავი.

მაგალითად, სიხარულიძემ 1975 წელს ჭაბუკებში საკავშირო თასი მოიგო, გაბელაიამ იმავე წელს საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაში მეორე ადგილი დაიკავა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე კი მარინე ცერცვაძე ავიდა.

საგულისხმოა, რომ მესამე საფეხურზეც ქართველი იდგა - მოსკოვის სახელით მოასპარეზე მარინა სანაია, ფეხბურთში ცნობილი ქართველი მეკარის - ვალტერ სანაიას ქალიშვილი.

მარინე ცერცვაძემ მსგავს წარმატებას მომდევნო წელსაც მიაღწია. არადა, მაშინ დიდ სარბიელზე გამოდიოდნენ ისეთი სახელოვანი რუსი სპორტსმენები, როგორებიც იყვნენ ელენა ვოდორეზოვა, მარინა კულბიცკაია, ნატალია სტრელკოვა, ლუდმილა ბაკონინა, ნატალია ბესტემიანოვა, რომლებსაც არაერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოუჩენიათ თავი.

პარალელურად მოზარდებსაც ვავარჯიშებდი. განსაკუთრებით გია შანყულაშვილი, ინგა ბუტიკაშვილი, სესილი ბერძენიშვილი, ნელი დვალიშვილი, ანდრეი ტოროსიანი, დალი სამხარაძე გამოირჩეოდნენ, მათ მრავალ შეჯიბრებაში ისახელეს თავი. უპირველესად, ნელი დვალიშვილის წარმატება მინდა გამოვყო - 1983 წელს ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე მე-4 ადგილი დაიკავა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ლია გაბელაია, მარინე ცერცვაძე და ირაკლი ჯაფარიძე
- მარინე ცერცვაძე შემდეგ გახდა თქვენი კოლეგა და მეუღლე...
- 1976 წელს ტრავმის გამო აქტიურ სპორტს მეც ჩამოვშორდი, - ჩაერია საუბარში ქალბატონი მარინე, - მერე მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. მე და ირაკლი კოლეგები გავხდით და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, სპორტული ოჯახი შევქმენით.

- თქვენი სპორტული გენი უმცროს ვაჟსაც გამოჰყვა...
- ლაშა სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობდა, მაგრამ ბოლომდე ვერაფერს დაუდო გული, სამაგიეროდ, წარმატებული ფინანსისტი გახდა, ოთარმა კი ჩვენი გზა განაგრძო. როგორც იცით, მან ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე იასპარეზა, ასევე, ორ მსოფლიოს და სამ ევროპის ჩემპიონატზეც მოსინჯა ძალები.

ახლა ამერიკაშია და ევგენი პლატოვის ხელმძღვანელობით 2013-2014 წლების სეზონისთვის ემზადება ახალ მეწყვილე ანგელინა ტელეგინასთან ერთად. დუეტი ექვსი თვის შექმნილიც არ იყო, ევროპის ჩემპიონატის ფინალში რომ იასპარეზა.

ვიმედოვნებთ, ისინი სპორტულ ცეკვებში სოჭის ზამთრის ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებენ.

- ოთარი ამერიკაშია... ლაშა თქვენთან ცხოვრობს?
- არა, თავისი ოჯახი აქვს. თუმცა მარტონი არ ვართ, რადგან ჩვენი ხშირი სტუმარია 3 წლის შვილიშვილი ანა-მარია...

- მომავალი მოციგურავე?
მარინე:
- ალბათ, გენები თავისას იზამენ.

ირაკლი:
- ჩემი გუმანითა და გამოცდილებით კი, ვფიქრობ, რომ ის გააგრძელებს ჩვენი ოჯახის სპორტულ ტრადიციას. წლინახევრის იყო, ყინულზე რომ დავაყენეთ.

- ყინულზე გამახსენდა: თქვენი საციგურაოს მდგომარეობა...
ირაკლი:
- ორი წელიწადია, რაც მარინე ცერცვაძის სახელობის საციგურაო ცენტრი არ ფუქციონირებს, რადგან საჭირო გახდა მისი კაპიტალური რემონტი.

გამაგრდა შენობის საძირკველი და თაღი, შეიცვალა სამაცივრო დანადგარები, წყალ და ელექტროგაყვანილობა, კეთილმოეწყო გასახდელები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა. რემონტის გაჭიანურება იმან გამოიწვია, რომ სამუშაოების მსვლელობისას აღმოჩნდა მზიდი კედლების დაზიანება, რომელთა გასამაგრებლად დრო იყო საჭირო.

ახლა სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა, რაც თბილისის მერიის დამსახურებაა. საციგურაოს საზეიმო გახსნას 15 სექტემბერს ვგეგმავთ.

- სამომავლოდ რას აპირებთ?
მარინე:
- ქართველ მოციგურავეთაგან ყველაზე სახელოვანი ელენე გედევანიშვილი ამჟამად ამერიკაში ემზადება სალიცენზიო ტურნირისთვის, რომელიც გერმანიაში სექტემბრის მიწურულს გაიმართება. ამავე შეჯიბრებაში იასპარეზებენ ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა. სამივენი სოჭის ოლიმპიადის საგზურებისთვის იბრძოლებენ.

სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ერთობლივად და კოორდინირებულად ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ქართველმა მოციგურავეებმა წარმატებით დაძლიონ სალიცენზიო ბარიერი.

ახალგაზრდებიდან მინდა გამოვყო არმენ აღაიანი. ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე ბრაშოვში მან მე-9 ადგილი დაიკავა. ახლა აღაიანი და ზუგდიდელი ნია გადელია ბათუმის საციგურაოზე ახალგაზრდების გრან პრის ეტაპებისთვის ემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სახეობა ქართველებს კარგად გამოუვათ, მაგრამ რა ცოტა სპორტსმენი გაუზრდიათ?ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თბილისის ყინული მარტო ამ ოჯახისაა და მაინც რა რეზულტატებით გამოდიოდა მათი ვაჟი იქ სადაც ჩამოთვლილია მისი მონაწილეობა- არ ჩანს . ანდა ეს ციგურებით სრიალი ჯაფარიძეების საოჯახო ბიზნესი ხომ არ იყო?
სულხანი
23:24 24-11-2013
0

სიახლეები პოპულარული