ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატზე 15 იანვარს გამოვა

AutoSharing Option
უნგრეთის დედაქალაქში 15 იანვარს დაიწყება ფიგურულად მოციგურავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოდან ელენე გედევანიშვილი (ქალები), ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა (სპორტული ცეკვები) იასპარეზებენ.

დღეს სწორედ ისინი ჩაებმებიან მოკლე პროგრამით პაექრობაში.

ევროპის ჩემპიონატის პროგრამა
15 იანვარი. 12.30 საათიდან (ყველგან თბილისის დროა მითითებული). ქალები (მოკლე პროგრამა), 19.30. მოცეკვავე წყვილები (მოკლე).
16 იანვარი. 13.45. ვაჟები (მოკლე); 20.25. მოცეკვავე წყვილები (თავისუფალი პროგრამა).
17 იანვარი. 15.30. წყვილები (მოკლე); 19.50. ქალები (თავისუფალი).
18 იანვარი. 14.05. ვაჟები (თავისუფალი).
19 იანვარი. 13.00. წყვილები (თავისუფალი).

შეჯიბრებას, როგორც ვთქვით, ქალები გახსნიან.
საციგურაოზე პირველი გავა ლატვიელი ევა გაილე.

სულ ფინალურ 24 საუკეთესოში მოსახვედრად სხვადასხვა ქვეყნის 37 წარმომადგენელი იბრძოლებს. ევროპის ორგზის ბრინჯაოსპრიზიორი (2010, 2012) ელენე გედევანიშვილი მეექვსე ჯგუფის პაექრობებს გახსნის (16.27 სთ).

მის შემდეგ ისრიალებენ ვიქტორია ჰელგენსონი (შვედეთი), ელენა გლებოვა (ესტონეთი), კაროლინა კოსტნერი (იტალია), მაიე ბერენის მეიე (საფრანგეთი) და ადელინა სოტნიკოვა (რუსეთი). შეგახსენებთ, რომ გედევანიშვილმა შარშანდელ კონტინენტის პირველობაზე მე-14 ადგილი დაიკავა.

საღამოს სარბიელი მოცეკვავე წყვილებს დაეთმობა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მოკლე პროგრამით 29 დუეტი ისრიალებს. მათგან 20 საუკეთესო მედლებისთვის ბრძოლას თავისუფალი პროგრამით განაგრძობს. ოთარ ჯაფარიძე და ანგელინა ტელეგინა მე-14 ნომრით არიან განთესილნი და მე-3 ჯგუფში 21.31 საათიდან ჩაებმებიან პაექრობაში.

ოთარმა და ანგელინამ შარშანდელ ჩემპიონატზე დებიუტი მე-20 ადგილით აღნიშნეს. ჯაფარიძე მსგავს შეჯიბრებებზე სხვა დროსაც გამოსულა, ოღონდ სხვა პარტნიორებთან, მათ შორის - ელისონ რიდთან ერთად. ამჟამად რიდი და ვასილ როგოვი ისრაელის სპორტულ ღირსებას დაიცავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული