გედევანიშვილმა თავისუფალი პროგრამა ჩინებულად შეასრულა

AutoSharing Option
21 წლის ელენე გედევანიშვილმა ISU-ს გრან პრის მეორე ეტაპზე იასპარეზა. ქართველისთვის პირველი სერიოზული სტარტი სეზონში წარმატებული ვერ გამოდგა - ონტარიოში, "სკეიტ ამერიკაზე" ელენემ 10 მონაწილეს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. არადა, რომ არა მოკლე პროგრამაში ჩავარდნა, მას მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეეძლო.

პირველი დღის შემდეგ ქართველი მოციგურავე უკანასკნელ ადგილზე იყო, ლიდერებს გვარიანად ჩამორჩებოდა და წინსვლის პერსპექტივაც არ ჰქონდა, თუმცა თავისუფალი პროგრამა ჩვენებურმა ჩინებულად შეასრულა - 97,61 ქულა დაიმსახურა. ეს მესამე შედეგი იყო დისციპლინაში, მასზე უკეთ მხოლოდ ამერიკელმა ალისა შჩისნიმ და იტალიელმა კაროლინა
კოსტნერმა ისრიალეს.

საბოლოოდ, "სკეიტ ამერიკა" შჩისნიმ მოიგო 177,48 ქულით, კოსტნერი მეორე ადგილზე გავიდა (177,35 ქულა). პოდიუმს შესწვდა შვედი ვიქტორია ჰელგესონიც (145,75).

ქართველმა სპორტსმენმა 140,12 ქულა მოაგროვა. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, გედევანიშვილს იაპონელმა ჰარუკა იმაიმ, რუსმა ქსენია მაკაროვამ და ამერიკელმა კაროლინ ჟანგმა გაუსწრეს. ქართველმა მხოლოდ ამერიკელი ჟოელ ფორტე, იტალიელი ვალენტინა მარკეი და შვედი იოში ჰელგესონი ჩამოიტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული