ვიტი ლეგენდა გახდა

AutoSharing Option
სახელოვან გერმანელ მოციგურავეს კატარინა ვიტს სამშობლოში "სპორტის ლეგენდის" ტიტული მიანიჭეს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია სპორტული პრესის რიგით 30-ე მეჯლისზე შედგება. ეს ღონისძიება 5 ნოემბერს ფრანქფურტის ოპერის დარბაზში გაიმართება.

მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის ექვსგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი პირველი ქალი სპორტსმენია, ვისაც "სპორტის ლეგენდად" აღიარებენ. ადრე ასეთ ჯილდოებს მხოლოდ მამაკაც სპორტსმენებს გადასცემდნენ. მანამდე მსგავსი პატივი წილად ხვდათ მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილ მეკარეს ოლივერ კანს, უიმბლდონის სამგზის ტრიუმფატორს, "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონს ბორიკ ბეკერს, ხელბურთში
გერმანიის ნაკრების მწვრთნელს ჰაინერ ბრანდტსა და ლეგენდარულ გერმანელ ფეხბურთელს ფრანც ბეკენბაუერს.

"სპორტის ლეგენდა" - ეროვნული პრემიაა, რომელიც მიენიჭებათ გერმანიაში მცხოვრებ ან მოღვაწე სპორტსმენებს. ის სპორტული გამოცემების გაერთიანებამ დააწესა და სწორედ ეს ორგანიზაცია აწესებს აღნიშნულ ჯილდოს. პრემია ყოველწლიურია და ის გერმანული სპორტული პრესის მეჯლისისას გადაეცემა ლაურეატს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული