ქართველი სამბისტები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
21 ნოემბერს იაპონურ ნარიტაში, რომელიც ტოკიოს მოსაზღვრე ქალაქია, სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება. ტურნირს 52, 68 და 90-კილოგრამიანი ვაჟები და 48, 60 და 72-ის ქალები გახსნიან.

ჩვენგან თავდაპირველად გენადი ჩირგაძე (52), ლევან ნახუცრიშვილი (68), დავით კარბელაშვილი (90) და ნინო ოძელაშვილი (72) იჭიდავებენ.

22 ნოემბერს მორიგი სამეულების ჯერი დადგება, ჩვენი გუნდიდან კი მედლების მოპოვებას ვაჟებში ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), ბესარიონ ბერულავა (74) და დავით ლორიაშვილი (100) შეეცდებიან, ხოლო ქალებში კვლავ ერთი მონაწილე გვეყოლება - შორენა შარაძე (64).

მსოფლიოს ჩემპიონატი 23 ნოემბერს დასრულდება, როცა
ჩვენი ვაჟებიდან ასპარეზზე მორიგ ტრიოს ვიხილავთ - შმაგი ლაგაზაურს (62), ნიკო კუციას (82) და ბექა ბერძენიშვილს (+100). ორი მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირში: თეა სუხიტაშვილი (68) და ირინე ლეონიძე (+80).

დასასრულ, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ჩიდრაშვილი და ნახუცრიშვილი ჩემპიონები გახდნენ; ლაშა გურულმა (100), რომელიც ამჯერად საერთოდ ვერ მოხვდა ნაკრებში, მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო; ბრინჯაოს მედლებს კი მამულაშვილი და ასევე გუნდს მიღმა დარჩენილი ნოდარ მეტრეველი (+100) დაეუფლნენ, ვისაც ამჯერად ტრავმამ შეუშალა ხელი. ქალთა ნაკრებში ბრინჯაოს ლეონიძე დაეუფლა.

ჩვენი გუნდი სეზონის ამ უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებისთვის გორში მოემზადა და მწვრთნელები "ამომავალი მზის ქვეყანაში" იმედიანად გაემგზავრნენ.

სასიამოვნო სიახლეა თავად ტურნირთან დაკავშირებითაც - იაპონელებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და ჩემპიონატს თავისი საიტი აქვს, საკმაოდ ტევადი და ინფორმაციული.

არადა, სამბისტთა შეჯიბრებებიდან, თუნდაც ევროპისა და მსოფლიოს პირველობების რანგისა ყოფილიყო, ელემენტარული ცნობების მოძიება ყოველთვის ჭირდა.

იმედია, მასპინძლები საიტზე შედეგებსაც დროულად დადებენ და სამბოს მთელ სამყაროს აჩვენებენ, როგორ უნდა ჩაატარონ შეჯიბრებები ორგანიზებულად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოძელაშვილი მსოფლიოს ვერცხლის მედლის მფლობელია!!!
igive
17:49 21-11-2014
0
ჩირგაძე მსოფლიოს ჩემპიონია!!!ნახუცრიშვილი- 2 ადგილი,კარბელაშვილი-3 ადგილის მფლობელია...შესანიშნავი სტარტია!!!
maxarobeli
17:45 21-11-2014
0

სიახლეები პოპულარული