რიგაში რუსებს ვერ ვძლიეთ

AutoSharing Option
გუშინ რიგაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, რომელიც თავიდანვე "რუსული აქცენტით" წარიმართა - ვაჟებში ოთხი ოქროს მედალი დაისაკუთრეს, თუმცა მედლები ქართველმა სამბისტებმაც მოიპოვეს.

ახალგაზრდებში თორნიკე თათარაშვილი (62) და ლაშა ზურაბიანი (82) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ჭაბუკებში გიორგი ბიწაძე (75) ასევე ფინალში ჭიდაობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საბოლოო შედეგზე ვერაფერს გეტყვით. მიზეზი კვლავაც ადრინდელია - ინფორმაციის სიმწირე.

სამწუხაროდ, როგორც სამბისტთა სხვა ტურნირებზე, ინფორმაციები არც ამ შეჯიბრებიდან მოდის ოპერატიულად. ვიცით მხოლოდ ის, რომ თათარაშვილი ფინალში ვადამდე დამარცხდა რუს ვლადიმირ ბალიკოვთან, ზურაბიანმა
კი ასევე რუს სერგეი გოვიადინთან წააგო ქულებით. ფინალში ბიწაძეც რუსს ხვდებოდა - ივან ნიკულინს.

გუშინ ჩვენებიდან ახალგაზრდებში ლევან ბერძენიშვილიც (48) ჭიდაობდა, ჭაბუკებში - ლერი ბედინაძე (48) და ოთარ გაბუნია (60). სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, მასთ რა ჰქნეს - იქნებ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს კიდეც, მაგრამ როგორც უნდა გამოსულიყვნენ, ახალგაზრდების შედეგები მაინც საყურადღებოა - სამი მოჭიდავიდან ორმა ფინალში იასპარეზა.

დღეს ჭაბუკთა შორის ჩვენებიდან აბესალომ ვაშაყმაძე (52), ბექა ტუღუში (65), რევაზ წულუკიძე (81) და გაგა ჯიხვაძე (+87) იჭიდავებენ, ახალგაზრდებში კი გუნდის მთავარი ლიდერები იასპარეზებენ - გივი ნადარეიშვილი (52), ზვიად კაპანაძე (68), გიორგი ნოზაძე (90) და სლავა რეზესიძე (+100) ანუ ის ოთხეული, რომელსაც სამბოსა თუ ძიუდოში ასაკობრივ ტურნირებში არაერთი მედალი მოუპოვებია.

დღესვე იასპარეზებს გოგონათა ტურნირის ერთადერთი მონაწილე შორენა შარაძეც (64).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული