ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ივანე ხუბაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში დღეს, 5 აგვისტოს დაწყებულ ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მედლები ვაჟთა შორის 50 და 55 კგ-მდე, ხოლო გოგონათა შორის 40 და 44 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი ივანე ხუბაშვილი (-55) გახდა.

ხუბაშვილმა რუს ხამზატ ახმაროვთან დამარცხების შემდეგ სანუგეშო ტურნირში ჯერ ბრაზილიელ ბრუნო ვატანაბეს აჯობა, მედლისთვის შეხვედრაში კი მისივე თანამემამულე რენან ტორესი დააიპონა.

ბრინჯაოსთვის იბრძოლა გიორგი ნიაზაშვილმაც (50), თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ყაზბეგ ნაგუჩევთან წააგო. მანამდე ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში ყაზახ აიბოლატ ისტიბაისთან წააგო.

ამავე წონაში თავისი
პირველივე პაექრობა დათმო ზურაბ კახნიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ზურაბს მეტოქედ ჩეხი დავიდ ვოპატი ჰყავდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ თბილისში, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა მოუგო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე  საქართველო 17 ძიუდოისტით წარსდგა - 10 ვაჟითა და 7 გოგონათი.

6 აგვისტოს მედლები ვაჟებში 60 და 66-მდე, ხოლო გოგონათა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება და ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს. პლანეტის ჩემპიონობისთვის რობინზონ ბეგლარაშვილი (60), ბაგრატ ნინიაშვილი (66), ნატალია ყიფშიძე (48), მზია ბებოშვილი და  ნინო მგელაძე (ორივე 52) იბრძოლებენ.

ასევე იხილეთ:
ძიუდო. ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველები მძიმედ დაიწყებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული