სამსუნის გრან-პრის პირველ დღეს ბრინჯაო ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა

AutoSharing Option
27 მარტს დაწყებულ სამსუნის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ბრინჯაოს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე გასული ჩვენი გუნდის ოთხი წარმომადგენლიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ტრისტან ფეიქრიშვილსაც (66) ჰქონდა, თუმცა გადამაწყვეტი პაექრობა დათმო.

ჩხვიმიანმა პირველი ორთაბრძოლა ალჟირელ მოჰამედ რებაის ვაზარით მოუგო, მეორე წრეში კი ავსტრიელ ევროპის ორგზის ჩემპიონს, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტს, 33 წლის ლუდვიგ პაიშერს გაფრთხილებებით აჯობა. ამის შემდეგ ქართველმა ძიუდოსტმა ისრაელის წარმომადგენელ ალონ რაჰიმას სძლია, მეოთხედფინალში კი თბილისის წლევანდელი გრან-პრის მომგებ უზბეკ შარაფუდინ
ლუტფილაევთან დამარცხდა.

ჩხვიმიანმა სანუგეშო ტურნირში ჯერ მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაას მოუგო, მედლისთვის ბრძოლაში კი უზბეკ დიორბეკ უროზბოევს აჯობა.

ამავე წონით კატეგორიაში პირველივე ორთაბრძოლა დათმო გიორგი ბროლაშვილმა, რომელსაც მეტოქედ ესპანელი ხოაკინ გომესი ჰყავდა.

რაც შეეხება 66 კგ-მდე წონით კატეგორიას, აქ ტრისტან ფეიქრიშვილთან ერთად ვაჟა მარგველაშვილიც გამოდიოდა. საწყისი სამი ორთაბრძოლის მომგებ ფეიქრიშვილს ნახევარფინალისკენ გზა უზბეკმა რიშოდ სობიროვმა გადაუჭრა. სანუგეშოში ტრისტანმა პირველი ბრძოლა კი მოიგო, მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის რუს აბდულა აბდულჟალილოვს ვეღარ აჯობა.

მარგველაშვილმა ტურნირზე საწყის პაექრობაში იმარჯვა, თუმცა შემდეგ ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვს ვეღარ გასცდა.

დღეს, 28 მარტს, სამსუნის გრან-პრიზე მედლები 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ტატამზე  ნუგზარ ტატალაშვილი, ზვიად კაპანაძე (ორივე 73), უშანგი მარგიანი და ზებედა რეხვიაშვილი (81) გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული