საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა ძიუდოს გუნდი იუარა

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ უარი უთხრა სპორტის რამდენიმე ოლიმპიური სახეობის საერთაშორისო ფედერაციას, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის თამაშების პროგრამაში ამ სახეობებში გარკვეული დისციპლინები დაემატებინა.

კალათბურთის (სტრი-ბოლი), ველოსპორტის (სამი დისტანციის დამატება სურდათ), ტრიატლონის გვერდით სოკ-ს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამაც მიმართა თხოვნით, ოლიმპიადაში გუნდური ტურნირიც დაემატებინა, თუმცა ამ ეტაპზე სოკ-მა თავი შეიკავა.

აღმასრულებელმა კომიტეტმა მიზეზად ფინანსური მომენტი დაასახელა, ეს ცვლილება ორგანიზატორებს ხარჯებს გაუზრდისო.

უცხოური სააგენტოები არ გამორიცხავენ, რომ ამ დისციპლინათაგან რომელიმე 2020 წლის თამაშების პროგრამაში მაინც იხილონ, მაგრამ ამ ეტაპზე
ეს გამოირიცხა.

არადა, რომ დაუშვან, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, რადგან ძიუდოს გუნდურ პირველობებში ყოველთვის კარგად გამოვდივართ და პირადის წარმატებებს ესეც დაემატებოდა.

ვიდრე ძიუდო ოლიმპიური თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავს, მათი მონათესავე საჭიდაო სამყარო - "თავისუფალი", ბერნულ-რომაული და ქალთა ჭიდაობა 10 სექტემბრის მოლოდინშია, როცა ბუენოს-აირესში გამართულ სოკ-ის კონგრესზე უნდა გადაწყდეს ოლიმპიადის პროგრამაში მათი დატოვება-ამოღების საკითხი.

რაც უფრო ახლოვდება ეს თარიღი, მით უფრო ძლიერდება მოძრაობა - "შევინარჩუნოთ ჭიდაობა ოლიმპიადის პროგრამაში", რომელიც სულ უფრო მეტად იკრებს თანამოაზრეებს მთელი სპორტული სამყაროდან.

ცოტა ხნის წინათ ამ მოძრაობას მხარი დაუჭირეს ლეგენდარულმა კუბელმა ფრენბურთელებმა, ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა ეუხენიო ლაფიტამ, რომელიც ერთ-ერთია მწვრთნელთა იმ სამეულიდან, ვინც სამჯერ გააჩემპიონა თავისი გუნდი ოლიმპიადაზე; იმავე ორგანიზაციის მიერ ასევე გასული საუკუნის საუკეთესო ფრენბურთელად შერაცხილმა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა რეგლა ტორესმა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალთა ნაკრების საყოველთაოდ ცნობილმა დამრიგებელმა ანატოლი კარპოლმა, ვინც ორჯერ აიყვანა თავისი გუნდი ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

რამდენიმე დღის წინათ ამ მოძრაობას ძიუდოში ლონდონის ოლიმპიადის რუსი ჩემპიონები - არსენ გალსტიანი, მანსურ ისაევი და ტაგირ ხაიბულაევიც შეუერთდნენ. იმედია, ამდენი წარმატებული სპორტსმენის მხარდაჭერა შედეგს გამოიღებს და ჭიდაობას 2020 წლის თამაშების პროგრამაში დატოვებენ.

მით უფრო, კონკურენტებიც არ ჰყავს ძლიერები - სოკ-ის წევრებმა არჩევანი ჭიდაობას, ბეისბოლსა და სქვოშს შორის უნდა გააკეთონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული