გოგონებმა ავსტრიული კემპი ჩააბარეს - ინტერვიუ გია თენაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტი გოგონების გუნდმა დაასრულა ერთკვირიანი საწვრთნელი კემპი ავსტრიულ მიტერშილში, სადაც ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძეს 6 შეგირდი ჰყავდა წაყვანილი: ოლიკო ალადოშვილი (48), მზია ბებოშვილი, მარიამ ჯანაშვილი, სალომე მარგიანი (სამივე - 52), ხატია ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი (ორივე - 57).

ავსტრიული შეკრება ეროვნული ნაკრებებისთვის იყო განკუთვნილი, ჩვენ კი უმცროსებით წავედით, რადგან დღესდღეობით ესენი შეადგენენ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. ამათგან, ლიპარტელიანის გარდა, უკლებლივ ყველა ჯერ კიდევ ახალგაზრდული ნაკრების წევრია, ხოლო თავად ლიპარტელიანი - სულაც ჭაბუკებისა.

სამომავლო გეგმებისა და ავსტრიული შეკრების შესახებ
გია თენაძეს მოვუსმინოთ.

- რამდენად ნაყოფიერად გაიარეთ ავსტრიული შეკრება, რამდენად წაადგათ ის გოგონებს?
- ასეთი ერთობლივი ვარჯიშები ჩვენი გოგონებისთვის აუცილებელია, თორემ სხვანაირად, მხოლოდ ადგილზე ვარჯიშით ვეღარ ვვითარდებით. აქ დიდი კონკურენცია რომ არაა, ერთ ადგილზე ვბუქსაობთ. ამიტომ ჩვენი წარმატებების გასაღები ასეთი გასვლითი შეკრებებია.

ერთი სიტყვით, ამ კემპით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი მონაწილე იყო თითქმის ყველა ქვეყნიდან - 200-მდე გოგო ვარჯიშობდა და 300 - ვაჟი. ბუნებრივია, ყველა ლიდერი არ იყო, მაგრამ მაინც ბევრი ვარსკვლავი იყო. მაგალითად, ვარჯიშობდა კოსოვოელი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მაილინდა კელმენდი, ფრანგები პირველი ნაკრებით იყვნენ, გერმანელები, რუსები, ავსტრიელები. რაოდენობრივადაც ბევრნი იყვნენ და მონაწილეთა დონეც მაღალი იყო.

სასიხარულოა, რომ ჩვენი გოგონები არავის ტოლს არ უდებენ და ვინც გვყავდა, ექვსივე მათგანი ყველას თანაბრად ეჭიდავებოდა.

- გადატანილი ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ ბებოშვილი რამდენად დაიტვირთა და როგორ გაუძლო ამ დატვირთვებს, ხომ არ შექმნია რაიმე პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ?
- ჯანმრთელობის მხრივ არანაირი პრობლემა არა აქვს, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ ტრავმების შემდეგ წონა აუვარდა. თუმცა ესეც ბუნებრივად მომატებული წონაა, ანუ ცხიმების ხარჯზე, რომელიც სწორი კვებისა და სწორად ვარჯიშის შედეგად შეიძლება უმტკივნეულოდ დაიკლოს თავის საშუალო წონაზე, რაც 52 კილოგრამია.

თავისი სიმაღლის, აღნაგობის, ძვლის ფაქტორიდან გამომდინარე, მისი საშუალო წონა 50-52 კილოგრამია. თუ საკუთარ თავს მოერია და გააკონტროლა, მაშინ ნამდვილად შეძლებს ამას, ჩვენ კი ყველანაირად შევუწყობთ ხელს. ოღონდ თუ ნებისყოფა ვერ გამოიჩინა, მაშინ კი გაუჭირდება. 57 კილოგრამი ახლაც მოსინჯა და ვეუბნებოდი კიდეც მასაც და ჯანაშვილსაც, 52-იც მოსინჯეთ და 57-იც, ახლა კი თქვენ შეაფასეთ-მეთქი. თუმცა ჯანაშვილი მაგრად ეჭიდავა ბულგარელ იველინა ილიევას, ვისთანაც შარშან ბაქოს "დიდ მუზარადზე" დამარცხდა 57-ში. მაშინაც თვითონ ითხოვა იქ ჭიდაობა, მოვსინჯავო და არც მე გავუწიე წინააღმდეგობა, მივეცი საშუალება, რომ გამოეცადა საკუთარი თავი. ახლა გდების გარეშე იჭიდავეს ბოლო წუთამდე, მერე კი იმას ფეხი ეტკინა და ვეღარ გააგრძელა. სხვათა შორის, ბულგარელს არც მომდევნო დღეებში უვარჯიშია - ეტყობა, მართლა იტკინა ფეხი და არ ისიმულანტა.

- ჯანაშვილს რამდენად წაადგა ეს ვარჯიშები?
- კი ვიცოდი, რომ სპარინგების ნაკლებობა იყო იმის მიზეზი, რის გამოც "გაუხეშებულია" და ვერ აკეთებს ილეთებს. ახლა პრაქტიკულად ვმუშაობთ ამის აღმოფხვრაზე და, ალბათ, ერთ-ორ თვეში უკვე უნდა გამოჩნდეს შედეგი. როცა ფიზიკური ძალა ჯობნის ტექნიკურ არსენალს, შეუსაბამობაში მოდის, თანმიმდევრულად უნდა მიჰყვებოდნენ ერთმანეთს. ამ ხარვეზს ერთ შეკრებაზე ვერ გამოასწორებ, მომდევნო ეტაპებია საჭირო.

ჯანაშვილი როცა ჭაბუკებში ჭიდაობდა და ფიზიკურადაც სჯობდა მოწინააღმდეგეებს, თან კონკურენტიც აქვე ჰყავდა, იმ დროს ილეთების არსენალიც ჰქონდა - აკეთებდა ამოსმულებს, ბრუნებს, კაურებს, სხვა ილეთებსაც, ახლა კი მხოლოდ ბრუნზე ჩაიციკლა, რომელიც ძალისმიერი ილეთია. მას ვარჯიში არ ეზარება და კვლავაც გულმოდგინედ მუშაობს, მაგრამ ფიზიკურად ვარჯიშობს, ასეთი შეკრება კი 2-3 კიდევ რომ გაიაროს, ჩვეულ ფორმას დაიბრუნებს.

- მისთვის წონის შეცვლა ისევ იმაზეა დამოკიდებული, დაუშვებენ თუ არა შერეულ გუნდურს ოლიმპიადაზე?
- დიახ, ამაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა, მანამ კი არ იქნება გამართლებული, ხელოვნურად ავწიოთ 57-ში, რადგან მისი წონა 52-ია. მარტო ოლიმპიადა ხომ არაა საქმე, მანამ სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონატი და ამდენჯერვე ევროპის პირველობაა.

ამ ეტაზე ჯანაშვილი 52 კილოგრამში რჩება, თუმცა მათ დრო მივეცი მოსაფიქრებლად, ჯერ არ მითხრათ საბოლოო პასუხი-მეთქი. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ზამთარია და ამ დროს ორგანიზმი ცოტას ისედაც იმატებს წონაში. ახლა ბაკურიანში გავივლით შეკრებას, იმის მერე კი თბილისში ან გორში გავივლით მომდევნო შეკრებას და იქ უკვე მითხარით თქვენი პასუხი, რომ ჩვენ ჩვენი პროგრამით წავიდეთ-მეთქი. მწვრთნელებსაც ხომ გვინდა ჩამოყალიბება, გეგმების დაწყობა, ორიენტაცია საით ავიღოთ.

- ლიპარტელიანს ხომ არ გაუჭირდა ეს ვარჯიშები, რადგან ჯერ კიდევ ჭაბუკთა ნაკრების წევრი ავსტრიაში უფროსებს ესპარინგებოდა?
- აბსოლუტურად არ გასჭირვებია. ერთადერთი, თბილისიდანვე ტრავმით წავიდა - ვარჯიშზე ბიჭებთან სპარინგისას ლავიწის ძვალი დაიზიანა, მაგრამ ამ ტკივილის მიუხედავად, მაინც ჭიდაობდა. თუმცა ძალიანაც არ სტკიოდა, ცოტა შესიებული ჰქონდა, მაგრამ ხანდახან ცუდად რომ დაჰყვებოდა, მაშინ აწუხებდა. ამის მიუხედავად, კარგად ივარჯიშა. ის იმ კატეგორიას ეკუთვნის, ვინც აზროვნებს ტატამზე. მარიამ ჯანაშვილი თუ მიდის და ძალით ანგრევს ყველას, არ უყურებს არავის და არაფერს, პირდაპირ უტევს, ეს უტევს კიდეც, კონტრზეც ჭიდაობს, უფრო დაფიქრებულად და დალაგებულად ირჯება ტატამზე.

- დაბოლოს, გუნდის უახლოესი გეგმები როგორია, რა ეტაპებს გაივლით?
- ახლა ბაკურიანში დავიწყებთ საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას, მერე კი ტატამის შეკრება გვექნება გორში ან თბილისში. თებერვლის დასაწყისში ბელგიაში ვგეგმავდით ისევ ერთობლივ კემპზე წასვლას, მაგრამ ცოტა აქაური შეკრება გადაგვეწია და ბელგია ამოვარდა განრიგიდან.

სამაგიეროდ, დიუსელდორფში წავალთ "დიდ პრიზზე", ამ ერთი გასვლით კი გერმანიაშიც ვიჭიდავებთ 24-26 თებერვალს და მომდევნო შაბათ-კვირას - ჩეხეთშიც, "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე", რომელიც მხოლოდ ქალებისთვის ტარდება. ამასთან, გერმანიაში ტურნირის შემდეგ დავრჩებით ერთობლივ ვარჯიშებზე, რომელიც ოთხი დღე გრძელდება და მისი დასრულებისთანავე გადავალთ ჩეხეთში. შეჯიბრების დასრულების შემდეგ იქაც იქნება ერთობლივი წვრთნები, რომელიც ერთი კვირა გაგრძელდება.

ერთი სიტყვით, ორი კვირის განმავლობაში სულ ტურნირებსა და შეკრებებზე ვიქნებით, რაც მაგრად წაგვადგება. თბილისის ტურნირისთვის კარგად ვიქნებით მომზადებულნი, თუმცა ჩვენი მიზანია, ევროპის ჩემპიონატისთვის ვიყოთ ფორმაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული