ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ორმა მოიგო, სამი ყაიმს დასჯერდა

AutoSharing Option
ირანის დედაქალაქში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნოკაუტსისტემით. პირველი რაუნდის შემდეგ მედლებისთვის ბრძოლას რვიდან ხუთი ქართველი დიდოსტატი (შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში ასპარეზობას გამოეთიშნენ სოფიო გვეტაძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი) განაგრძობს.

გუშინ მეორე რაუნდის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით სძლია იტალიის სახელით მოასპარეზე ოლგა ზიმინას, რომელმაც სტარტზე ბელა ხოტენაშვილს აჯობა.

წარმატებით ითამაშა სოფიკო გურამიშვილმა - თეთრი ფიგურებით 48-ე სვლაზე უკრაინელ ნატალია ბუკსას გააჩერებინა საათი.

დაძაბული ორთაბრძოლის შემდეგ სალომე მელია ყაიმზე შეუთანხმდა მსოფლიოს და ევროპის ექსჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვას
(ბულგარეთი). ასევე დაზავდნენ ნინო ბაციაშვილი და ნინო ხურციძე.

ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 64 წარმომადგენელი ჩაება. პირველი რაუნდის შემდეგ 32-მა მოჭადრაკემ თეირანი დატოვა. სულ ექვსი ეტაპი გაიმართება. ფინალამდე თითოეულ წრეში ორ-ორი კლასიკური პარტია გათამაშდება. შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში წყვილში უძლიერესს რაპიდი (25 და 10-წუთიანი პარტიები) და, საჭიროების შემთხვევაში, ბლიცი (5-წუთიანები) გამოავლენს.

ჩემპიონატის საპრიზო ფონდია 450.000 დოლარი, რომელიც მოთამაშეებზე ასე განაწილდება: პირველ წრეში დამარცხებულებს 3.750 დოლარი შეხვდათ. მომდევნო რაუნდებში გასულთათვის ფულადი ჯილდო იმატებს: II რაუნდი - 5500, III - 8.000, IV - 12.000, ნახევარფინალისტები - 20-20 ათასი, მეორეადგილოსანი - 30.000 და მსოფლიოს ჩემპიონი - 60.000 დოლარი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული