TimeLine: ბავშვმაც კი იცის, ვინ არის...

AutoSharing Option
თბილისში, ვაკის პარკის მიწისქვეშა გადასასვლელი ქართველი სპორტსმენების სურათებით მოიხატა. მშვენიერი იდეაა. ნამდვილად სასიამოვნოა ერთმანეთის მიყოლებით რომ ჩაუვლი მოჭიდავე ლაშა ტალახაძეს, ფეხბურთელ დიმიტრი ყიფიანს...

ვინ არის დიმიტრი ყიფიანი? - იკითხავთ. ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჟურნალისტი ერთ ახალგაზრდას ეკითხება "დინამოს" მაისურით დახატული ფეხბურთელის ვინაობას.

- დიმიტრი ყიფიანი უნდა იყოსო, - პასუხობს გამვლელი. ლაშა ტალახაძის სურათს დააკვირდა და დაბეჯითებით ვეღარ თქვა - მოჭიდავე უნდა იყოსო.

- დიმიტრი ყიფიანი? - ქართველი ჟურნალისტის რეაქცია გამვლელის პასუხზე [VIDEO]

ლაშა ტალახაძე სპორტის რომელ სახეობაშია და რა შეჯიბრებაში
მოიგო ოქროს მედალი, არ შეგახსენებთ. რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანს, "ვიკიპედიაში" მოკლედ ვკითხულობთ:

"დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი (14 აპრილი/26 აპრილი, 1814, სოფ. მერეთი, გორის მაზრა - 24 ოქტომბერი/5 ნოემბერი, 1887, სტავროპოლი) - ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური."

ეს მათთვის, ვისაც დავით ყიფიანზე არაფერი გაუგია: "დავით ყიფიანი (18 ივნისი, 1951, თბილისი - 17 სექტემბერი, 2001, საქართველო) - ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის "დინამოს" მწვრთნელი."

საუკეთესო ელჩები
იყო დრო, ბავშვმაც კი იცოდა, ვინ იყო კაკო ყაჩაღი. დროება შეიცვალა, დღეს თუ პოპულარულობა გინდა, პოლიტიკოსი უნდა გახდე. თუმცა არიან სპორტსმენები, პოლიტიკოსებს რომ სჯობნიან.

ჩაწერეთ საძიებო სისტემა "გუგლში" ზაზა ფაჩულიას გვარი, შემდეგ რომელი ქართველი პოლიტიკოსისაც გნებავთ, იმისი. სხვაობა თვალში საცემია. ოღონდ, ლათინურად უნდა ჩაწეროთ, რადგან ზაზა მსოფლიოს მასშტაბის სპორტსმენია. იგი 731 ათასჯერაა ნახსენები ინტერნეტსივრცეში...

კარგ სპორტსმენზე უკეთესი ელჩი არ მეგულება. ისინი ხომ დადებითი კუთხით აცნობენ მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას. ამერიკის ქალაქ ოკლენდის მკვიდრმა ბავშვმაც კი იცის, ვინ არის ზაზა ფაჩულია და რომელი ქვეყნის შვილია:

- "გოლდენ სტეიტის" ორგანიზაციაში ჩემს პირველად ჩასვლას საბავშვო კემპი დაემთხვა. ძალიან მიყვარს პატარებთან ურთიერთობა. მათ ჩემი გამოცდილება გავუზიარე, თან მაინტერესებდა, იცოდნენ თუ არა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი. აღმოჩნდა, რომ იცოდნენ. ძალიან გამიხარდა, - მითხრა ზაზამ.

ოკლენდში მეორედ ჩასვლას კი, რამდენიმე დღეში ახალი სეზონის წინ "გოლდენ სტეიტის" პრეზენტაცია მოჰყვა. ხალისიანი გამოვიდა. კალათბურთელებს დაურიგეს "სმაილიკები", საკუთარი კარიკატურები, ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი კი სარკისმაგვარი მოწყობილობა იყო.

გგონიათ, ამავე გვერდზე მოცემულ სურათზე ფაჩულია და ვარეჟაო სარკეში იყურებიან? არა, ეს პატარა "აიპადია", რომლითაც კალათბურთელები "სელფებს" იღებენ.

Sportall.Ge

პლაგიატორი ტეხასელები
საიტ ESPN-ზე ზაზა ფაჩულიას თამაშის დეტალების გასაცნობად შევედი. ვებგვერდის ზედა კუთხეში ერთი ნაცნობი ემბლემა შევნიშნე: რესპუბლიკური პარტიის სიმბოლო - ლურჯ-წითელი ხარის თავი. კარგად დავაკვირდი და საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე - ამერიკის ფეხბურთის გუნდ "ჰიუსტონ ტექსანსს" სწორედ ისეთი ემბლემა ჰქონია, როგორიც ქართველ რესპუბლიკელებს.

Sportall.Ge

რომელმა მოიპარა იდეა? რომელია პლაგიატორი? არ მჯერა, რომ ან ერთმა გადმოიღო მეორის იდეა, ან მეორემ - პირველისა. დედამიწაზე ხომ უამრავი მსგავსი რამაა, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იქმნებოდა.

მაგალითად, ეგვიპტეში და ამერიკაში სხვადასხვა ხალხი ერთნაირ პირამიდებს ქმნიდა. ფიჯურ მითებში ასფურცელას მოტივიცაა: დის საძებნელად წასულ ვაჟკაცს გოლიათის დედა სახლში დამალავს, შინ დაბრუნებული გიგანტი უმალ მიხვდება - ადამიანის სუნი მცემსო...

შორს რად გვინდა წასვლა - "ჯორჯიას" დედამიწაზე უამრავ ადგილას შეხვდებით. ჩემს ფიჯელ "ფეისბუკმეგობარს" დიდი ხნის განმავლობაში ეგონა, რომ სამხრეთ ნახევარსფეროდან ვიყავი - არგენტინასა და ანტარქტიდას შორის კუნძული რომ არის, სამხრეთი ჯორჯია, იქიდან არ ხარო?

ინგლისის ამ კოლონიის სრული სახელწოდებაა სამხრეთი ჯორჯია და სენდვიჩის კუნძულები. სენდვიჩიდან არა... ჯორჯია და ხინკლის კუნძულებიდან!

მესი თუ რონალდო?
სენდვიჩი თუ ხინკალი? შაურმა თუ კახური მწვადი? ხაჭაპური თუ პიცა? რონალდო თუ მესი?

სწორედ მესისა და რონალდოს შესახებ ჰკითხა ილია ბეროშვილმა თავის შოუში რესპუბლიკური პერტიის წევრ ლევან ბერძენიშვილს - რომელი უფრო მაგარია - მესი თუ კრიშტიანო? პასუხი ორიგინალური იყო:

- პელე! ვისაც პელე არ უნახავს, ამბობს - მარადონა სჯობსო, ვისაც მარადონა არ უნახავს - ამბობს მესის, ხოლო, ვინც ჯინაზეა - კრიშტიანო რონალდოს.

- ვინ ჯობია, მესი თუ რონალდო - ლევან ბერძენიშვილის სახალისო პასუხი [VIDEO]

ქართული პლაკატი ანდორაში
ევროპაში არის ჯუჯა ქვეყანა ანდორა, რომელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ ქართველი მორაგბეები და ახლა უკვე კალათბურთელები. საკალათბურთო კლუბ "ანდორაში" რამდენიმე თვის გადასულია ბექა ბურჯანაძე და ქალაქში უკვე გაჩნდა მისი პლაკატი...

Sportall.Ge

ბექას ახალ გუნდში გიორგი შერმადინი დახვდა, რომელიც 216 სმ სიმაღლისაა. ერთ-ერთი ინტერვიუსას გიორგის ვკითხე - ასე პატარა ქვეყანაში როგორ ეტევი-მეთქი.

- რა ვქნა, ჩემ გამო საზღვრებს არავინ გააფართოებსო.

ერთი თავით მაღალიაო, - ასეთი გამოთქმა ხომ გაგიგიათ? ორი თავით? თუმცა სურათს თუ დავაკვირდებით, შერმადინი გრანკანარიელ მეტოქეზე სამი თავით მაღალია...

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული