ეს საინტერესოა: საუკუნის პროცესი - ო ჯეი სიმპსონის საქმე [გაგრძელება]

AutoSharing Option
რამდენიმე წლის წინ ამერიკასა და მთელ მსოფლიოს კვლავ შეახსენა თავი სკანდალურად ცნობილმა ო ჯეი სიმპსონმა.

ერთ დროს ამერიკული ფეხბურთისა და ჰოლივუდის ვარსკვლავმა ლას ვეგასის ერთ-ერთ კაზინოზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. ამჯერად ო ჯეიმ პატიმრობა თავიდან ვერ აიცილა. არადა, ყველას ეგონა, რომ 1995 წელს, საკუთარი მეუღლისა და მისი საყვარლის მკვლელობაში ეჭვმიტანილ სიმპსონს სამუდამო პატიმრობა არ ასცდებოდა.

ამ ისტორიის პირველი ნაწილი გუშინდელ ნომერში გაგაცანით, ახლა კი მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ.

სასამართლო პროცესი
ო ჯეის სიმპსონის საგის მეორე ნაწილი 1995 წლის იანვარში, სასამართლო პროცესთან ერთად დაიწყო.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნაფიცი მსაჯულები ცალკე, დაცულ სასტუმროში დააბინავეს და მათ ეკრძალებოდათ სიმპსონის საქმის გარშემო რაიმე ინფორმაციის მიღება.

იქამდე, სანამ ისინი სასამართლო დარბაზში არ აღმოჩნდებოდნენ, ამ საქმესთან დაკავშირებულ გაუთავებელ მსჯელობებს მათზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. ყველამ იცოდა, რომ ეს არ იქნებოდა ჩვეულებრივი სასამართლო პროცესი, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის ასე დიდხანს, დაახლოებით 9 თვე გაგრძელდებოდა. პრესის მასობრივმა საშუალებებმა იმდენი მოახერხეს, რომ სასამართლო დარბაზში ტელეკამერების დაყენების უფლება მიიღეს და დაიწყო ახალი ტელესერიალი.

მოსამართლე და მსაჯულები
მოსამართლე ლენს იტოსა და ნაფიცი მსაჯულების მიმართ გადამეტებული ყურადღება გამოიჩინეს. თანაც, ეს ყურადღება აშკარად გამოხატულ ნეგატიურ ხასიათს ატარებდა. მოსამართლე პრეზიდენტ ბილ კლინტონსაც კი შეადარეს, რადგან ამ უკანასკნელის მსგავსად, არადამაჯერებელი იყო იმ დროს, როცა მისგან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას ელოდნენ. მოსამართლის ყოყმანი ხშირად გამაღიზიანებელი იყო. ის უაზრო და ყალბი მუქარით გამოდიოდა, როცა ადვოკატები თავიანთ უფლებამოსილებას აჭარბებდნენ, უაზროდ და მოსაწყენად წელავდა გაუთავებელ გამოძიებას და საერთოდაც, უუნარო აღმოჩნდა, წაეყვანა ეს პროცესი.

ამერიკული მართლმსაჯულების წესებით, ბრალდებულის ადვოკატებს უფლება აქვთ, ნაფიც მსაჯულთა ნებისმიერი წევრის გაშვება მოითხოვონ, თუ ჩათვლიან, რომ ამ კანდიდატმა შეიძლება მიკერძოება გამოიჩინოს. ამ წესის გამოყენებით, სიმპსონის დაცვის მხარემ ყველა თეთრი კანდიდატურა დაითხოვა - ხომ შეიძლებოდა, რომ ისინი რასისტები ყოფილიყვნენ. საბოლოოდ, ჟიურის მთელი შემადგენლობა თითქმის მთლიანად შავკანიანებითა და ესპანურენოვანი ამერიკელებით დაკომპლექტდა.

მიუხედავად ამისა, ამ საქმეში რასიზმის როლი დღითიდღე იზრდებოდა.

ბრალდება
თეთრკანიანების უმეტესობას მიაჩნდა, რომ მკვლელობა ო ჯეიმ ჩაიდინა. თანდათანობით, უფრო მეტი აფროამერიკელიც რწმუნდებოდა ამაში, რადგან ფაქტები საკმარისად დამაჯერებლად მეტყველებდა ყველაფერზე: ეს იყო დნმ-ის ტესტი, რომელიც სიმპსონს დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ სისხლთან და თმასთან აკავშირებდა. ფეხბურთელის მანქანის საჭეზე აღმოჩენილი სისხლის კვალი ო ჯეის ცოლის სისხლის ჯგუფისა იყო. რა თქმა უნდა, არსებობდა პრობლემებიც.

ასედაც ვერ იპოვეს მკვლელობის იარაღი. აგრეთვე, გასისხლიანებული ტანსაცმელი. სიკვდილის დრო ძაღლის ყეფით განისაზღვრა - შეიძლება ეს გარემოება საკმარისი ყოფილიყო, რომ არა აღნიშნული საკითხის უკიდურესი მნიშვნელობა. იმ საღამოს, როცა ეს ტრაგედია მოხდა, სიმპსონი თვითმფრინავით ჩიკაგოში გაემგზავრა: დილით, 11 საათზე ის იქ საკუთარ სახლში გააღვიძეს. თუ დანაშაული 10:15-ზე მოხდა, როგორც ამას ბრალდების მხარე ირწმუნებოდა, სიმპსონს შეეძლო ეს დანაშაული ჩაედინა. თუ ეს მოგვიანებით მოხდა, სიმპსონი უდანაშაულო გამოდიოდა.

თავიდან, საგამომძიებლო ორგანოების ცუდი მუშაობა ერთი ნათელი ვარსკვლავით კომპენსირდებოდა. ეს იყო ლოს ანჯელესის პოლიციის დეტექტივი მარკ ფურმანი, რომელმაც დილით ო ჯეი სიმპსონის სახლთან ახლოს სისხლიანი ხელთათმანი აღმოაჩინა. ის ძალიან ჰგავდა დანაშაულის ადგილას აღმოჩენილ ხელთათმანს.

როგორც იქნა, ბრალდების მხარის მიერ მამხილებელი ფაქტების წარმოდგენის პროცესი დასრულდა - ამან 24 კვირა და 58 მოწმის დაკითხვა მოიცვა. და მაშინ გაირკვა, რომ ამ ზღვა ჩვენებებსა თუ მტკიცებულებებში, ღირებულ არგუმენტებად მხოლოდ სისხლი და თმა თუ ჩაითვლებოდა, რომელიც დანაშაულის ადგილას და სიმპსონის სახლში იქნა ნაპოვნი.

ბრალდების მხარე მეტად ემოციური და ენაწყლიანი იყო, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათ ცუდ სამსახურს უწევდა. ერთადერთი ეპიზოდი, როცა ისინი მოსაწყენები და მონოტონურები იყვნენ, დნმ-ის ტესტის განხილვა იყო. და ეს იმ დროს, როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო დამსწრე საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. საგამომძიებლო ბრიგადა მართლაც ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და პროკურორს ბრალდების ფაქტების მოპოვება პოლიციელებთან უწევდა.

თუმცა თავად პროკურორიც ხშირად სცოდავდა, ხშირად მცირე შეცდომებს უშვებდა, დაუკვირვებელი იყო და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბრალდების მხარის პრესტიჟს დაბლა სცემდა.

დაცვა
დაცვის მხარემ თავიდანვე წამოაყენა ვერსია, რომელსაც მთელი პროცესის მსვლელობისას მისდევდა: სიმპსონის წინააღმდეგ საიდუმლო შეთქმულებას ჰქონდა ადგილი, რომელიც რასობრივი მოსაზრებების გამო ლოს ანჯელესის პოლიციის მიერ იყო პროვოცირებული. ამ ქალაქის პოლიციას ეროვნული უმცირესობების მიმართ გრძელი და საგანგაშო ისტორია აქვს. 1992 წელს, შავკანიანი როდნი კინგის ცემის ფაქტმა და შემდეგ ამ ცხოველურ ანგარიშსწორებაში მონაწილე პოლიციელის გამართლებამ საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. შესაძლოა, ამერიკის სხვა რაიონში ო ჯეის ადვოკატების ამ ვერსიისთვის არავის დაეჯერებინა, ოღონდ არა ლოს ანჯელესში.

ადვოკატებს არცერთხელ არ უთქვამთ, რომ პოლიციელებმა მოკლეს ნიკოლ სიმპსონი და რონალდ გოლდმანი. ისინი მხოლოდ იმას ამტკიცებდნენ, რომ პოლიცია ცდილობდა ამ მკვლელობისთვის ო ჯეი დაეკავშირებინა. დაცვა არც იმის დადგენას ცდილობდა, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. მისი ამოცანა იყო მხოლოდ ის, რომ საზოგადოებას ეჭვი შეპარვოდა სიმპსონის ბრალეულობაში.

ყოფილი დეტექტივის, ფურმანის მხილებამდე, დაცვამ კარგად იმუშავა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებების გაქარწყლებაზე. ასე მაგალითად, ბრალდების მხარე იმ ვერსიას ებღაუჭებოდა, რომ მკვლელობა ერთი ადამიანის მიერ იყო ჩადენილი, დაცვამ კი, არაერთი დამამტკიცებელი საბუთი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჩანდა, რომ დანაშაულის ადგილას ორი მკვლელის კვალი იყო აღმოჩენილი.

ამასთან, დაცვის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები გაცილებით დამაჯერებლად ისმოდა. დაცვამ აგრეთვე წარმოადგინა რამდენიმე მოწმე, რომლებიც ადასტურებდნენ ადკოვატების ვერსიას იმის შესახებ, თუ როდის მოხდა ეს დანაშაული. ამ მხრივ, დაცვა ბრალდებაზე გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურებოდა.

ძალიან დიდი ხანი განიხილებოდა საკითხი იმის შესახებ, როდის გაიჭრა ხელი სიმპსონმა. პოლიციამ ჭრილობა მკვლელობიდან მეორე დღეს, პირველი დაკითხვის დროს აღმოაჩინა. დაცვა ამტკიცებდა, რომ ო ჯეიმ ხელი უკვე ჩიკაგოში ჩასვლის შემდეგ გაიჭრა, ბრალდება კი იმაში იყო დარწმუნებული, რომ ჭრილობა მკვლელობის დროს გაჩნდა. დაცვამ ბევრი მოწმე მოიყვანა, რომლებმაც სიმპსონი აეროპორტსა და თვითმფრინავში საღსალამათი ხელით ნახეს, ხოლო უკანა გზაზე, ჩიკაგოდან ლოს ანჯელესში - უკვე შეხვეული ხელით.

ეს არგუმენტები უკვე ბევრს ნიშნავდა, მაგრამ ის ვერ გადაძალავდა დნმ-ის ტესტის შედეგებს. მაგრამ ბოლოს, დაცვა გამოვიდა განცხადებით, რომ ის წარმოადგენდა მასალებს, რომლებიც დნმ-ზე ბრალდების ინფორმაციას ძალიან საკამათოს გახდიდა.

მარკ ფურმანი და ხელთათმანები
თავიდან, დეტექტივი მარკ ფურმანი გმირის სტატუსით გაზეთების ფურცლებიდან არ ჩამოდიოდა: ფოტოგენური პოლიციელი, რომელმაც მთავარი მტკიცებულება, მეორე ხელთათმანი სიმპსონის სახლის ეზოში იპოვა. მაგრამ მდგომარეობა სწრაფად შეიცვალა. ცნობილი გახდა, რომ ფურმანი - თავგადაკლული რასისტი და პოლიციაში მუდმივი პრობლემების წყარო ყოფილა. იმ ძველი ყაიდის პოლიციელთაგან ერთ-ერთი იყო, რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციამ თითქოს თავიდან მოიცილა. ბრალდების მხარე შეეცადა, დეტექტივის იმიჯზე ეზრუნა: ფურმანს სასამართლოზე ჰკითხეს, როდის იხმარა მან უკანასკნელად სიტყვა - "ზანგი". დეტექტივმა დაიფიცა, რომ უკვე ათი წელია ეს სიტყვა არ გამოუყენებია. მართალია, ფურმანის რეპუტაცია ოდნავ შელახული იყო, მაგრამ სიტუაცია ჯერ კონტროლს ექვემდებარებოდა.

ბრალდებას უნდოდა, რომ ყველაფერი ასევე დარჩენილიყო, რადგან ხელთათმანების ისტორია მისთვის დიდ პრობლემად იქცა. იმ ეჭვის გასაქარწყლებლად, რომ ხელთათმანი პოლიციის მიერ არ იყო დაგდებული, ბრალდებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა.

მათ სასამართლო დარბაზში სიმპსონს ხელთათმანის ჩაცმა სთხოვეს და ამით დიდი შეცდომა დაუშვეს, რადგან ო ჯეის ხელთათმანი არ მოერგო. ამ ყველაფრის გამო ბრალდების მხარე არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ამ შეუსაბამობის საიდუმლო მალე გაირკვა: სიმპსონმა ხელთათმანის ჩაცმამდე სხვა, ლატექსის ხელთათმანი მოირგო, რის გამოც მისი ხელის ზომა შეიცვალა, მაგრამ ბრალდებამ დამაჯერებლობა დაკარგა.

შემდეგ კიდევ უარესი მოხდა. საზოგადოებას წარუდგინეს ბოლო ცხრა წლის განმავლობაში დეტექტივ ფურმანის მეგობართან საუბრების ჩანაწერები, რომლებიც სავსე იყო აფრიკელი ამერიკელების მისამართით ნასროლი ბინძური ფრაზებით და აგრეთვე, მინიმუმ 40-ჯერ მაინც იყო ნახსენები სიტყვა - "ზანგი". ეს ყველაფერი სრულიად ეწინააღმდეგებოდა ფურმანის ჩვენებებს, რომელიც მან ფიცით განამტკიცა. ეს ყველაფერი ნაფიცმა მსაჯულებმა მოისმინეს და ისინი დარწმუნდნენ, სასამართლოზე ფურმანი იტყუებოდა.

დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ თუ დეტექტივმა თავის რასისტულ შეხედულებებზე იცრუა, მაშინ მას თავისუფლად შეეძლო, ხელთათმანი დაეგდო ო ჯეის სახლის ეზოში. სიმპსონი ხომ მისთვის საძულველი აფროამერიკელი იყო, რომელიც თეთრ ქალბატონზე იყო დაქორწინებული.

* * *
როცა ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა თავიანთი არგუმენტები ამოწურეს, საზოგადოებრივი აზრი სიმპსონის მხარეს გადავიდა და გამოძიების დროს პოლიციის მიერ დაშვებული გაუგებრობების გამო ო ჯეის გამართლებას ელოდა. საერთოდ, საკითხი - დამნაშავე იყო თუ არა ფეხბურთელი, მეორე პლანზე გდავიდა:

ამერიკელებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ლოს ანჯელესის პოლიციის კორუმპირებულობის დონე. ქვეყანა ასევე შეშფოთებული იყო საზოგადოებაში გამეფებული რასიზმით. ივლისში, როცა ბრალდების მხარის პოზიცია ჯერ კიდევ ძლიერი იყო, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ თეთრების 60 პროცენტი დარწმუნებული იყო სიმპსონის დანაშაულში, იმ დროს, როცა აფროამერიკელებისგან ასეთები მხოლოდ 12 პროცენტი იყო. ბოლოს კი, სულ უფრო და უფრო მეტი ამერიკელი სვამდა კითხვას: თუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შავკანიანი არ არის დაცული რასიზმისგან, მაშინ ვინ არის საერთოდ ამერიკაში დაცული?

ეს ისტორია იმაზე სწრაფად დასრულდა, ვიდრე ელოდნენ: ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: არ არის დამნაშავე. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს საზოგადოებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. საზოგადოებრივი აზრი უკვე დიდი ხანი იხრებოდა სიმპსონის სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, იმ არეულობის გამო, რომელიც პოლიციის გამოძიებამ გამოიწვია.

ბოლოს, რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, რა ბედი ეწია სიმპსონს. მისმა შვილებმა - 8 წლის ანამ და 10 წლის ჯასტინმა მამის ნახვა არ მოისურვეს, რადგან დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მკვლელი ო ჯეი იყო. სიმპსონს მამობის უფლება ჩამოართვეს, ბავშვები კი ინტერნატში წაიყვანეს.

ფეხბურთელი საზოგადოებისგან მოკვეთილი დარჩა. თაყვანისმცემლები, მაღალანაზღაურებადი სამსახური, პოპულარობა წარსულს ჩაბარდა. ის გაკოტრების პირას მივიდა, რადგან მილიონები გადაუხადა ადვოკატებს. მართალია, ყოველი სასამართლო სხდომის წინ ის ამერიკული ღიმილით ამბობდა, ყველაფერი კარგად არისო, მაგრამ ამასთან, ძალიან საცოდავად გამოიყურებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული