თბილისი 2015. ძიუდო: პირველი ოქრო საქართველოს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტებმა 29 ივლისს მორიგ წარმატებას მიაღწიეს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

ქართულ დელეგაციას პირველი ოქრო რობინზონ ბეგლარაშვილმა (60) მოუტანა, ბაგრატ ნინიაშვილი (66) და ნატალია ყიფშიძე (48) კი მესამეზე გავიდნენ.

სასიხარულოა, რომ მედლების ანგარიში გოგონებმაც გახსნეს. არადა, გუშინდელი სამეულიდან სპეციალისტები მთავარ იმედს ბიჭებზე ამყარებდნენ და მათგან უმაღლესი სინჯის მედლებსაც ელოდნენ, ყიფშიძეზე კი ასე თამამ გათვლებს ვერ აკეთებდნენ.

თუმცა ერთი კია - გოგონების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ფესტივალზე საჭიდაოდ მხოლოდ ისეთები შეარჩია, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ
მედლისთვის ბრძოლა, თორემ გამოცდილების მისაღებად გუნდში არავინ დაუყენებია. გუმანმა არც უმტყუნა, ყიფშიძის გუშინდელმა წარმატებამ კი კარგი სტიმული უნდა მისცეს დღეს მოჭიდავეებს - ეთერ ლიპარტელიანს (57) და, განსაკუთრებით, ევროპის წლევანდელ ჩემპიონ მზია ბებოშვილს (52).

ფესტივალზე ქართული დელეგაცია ჯერჯერობით, ტრადიციულად, კვლავაც ძიუდოისტების იმედად რჩება - ჩვენი დელეგაციის ანგარიშზე უკვე 5 მედალია (1 ოქრო, 4 ბრინჯაო) და ყველა მათი ნადავლია.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეს მესამეპრიზიორები ზურაბ კახნიაშვილი (50) და თემურ ნოზაძე (55) გახდნენ.

ნახევარფინალური დუეტი
ჩვენმა ბიჭებმა კარგად დაიწყეს ასპარეზობა და ნახევარფინალში ორივე უპრობლემოდ, ძალთა ზედმეტი დაძაბვის გარეშე გავიდა.

თუმცა ბეგლარაშვილი მაინც უფრო დამაჯერებელი იყო, უფრო ტექნიკურად და ოსტატურად ჭიდაობდა. მან სომეხი ტიგრან ბადალიანი ბრუნით დააიპონა და ნაკლები დღე არც აზერბაიჯანელ ისმაილ იბრაჰიმოვს აყარა, ისიც ბეჭებზე დააგდო.

ნინიაშვილს პირველ შეხვედრაში თითქოს "გახსნა" გაუჭირდა, მოლდოველ კონსტანტინ გაბუნთან ერთი გაფრთხილებით მოიგო. სამაგიეროდ, ებრაელ ოფეკ შანის დაასხა რეტი ეფექტური გდებით...

ნახევარფინალში ბეგლარაშვილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ჰოლანდიელი ლარს კამპხუისი ვაზარზე გაისროლა და იქვე შებოჭა; აი, ნინიაშვილის წაგებაში კი მსაჯს შეგვიძლია დავემდუროთ.

გაფრთხილებების მსხვერპლი
იტალიელი ჯოვანი ესპოზიტო არაა ცუდი მოჭიდავე - ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორია და რაც ჩვენთვის ყველაზე საყურადღებოა, იქაც მოუგო ნინიაშვილს. ეტყობა, ჩვენმა მწვრთნელებმა მას გასაღები ვერ მოუძებნეს - ნინიაშვილი აქტიური კი იყო, განსაკუთრებით - დასაწყისში, თუმცა მაინც წააგო.

ქართველმა აქტიურად დაიწყო შეხვედრა და მასირებული იერიში მიიტანა იტალიელზე, თუმცა ერთი კია - ეტყობა, ჩვენი ფალავანი ტექნიკურად ცოტა მოიკოჭლებს და ილეთების გაკეთება უჭირს ან, შესაძლოა, ამ მომენტში ეს გადაღლითაც იყოს გამოწვეული - ნინიაშვილმა ხომ ევროპაზე თვის დასაწყისში იჭიდავა და იქნებ დასვენება აკლდა, რაც მოძრაობასა და ილეთების გაკეთებაში უშლიდა ხელს.

მცდელობები კი ჰქონდა - არ ვიტყვით, რომ არ ცდილობდა, მაგრამ შედეგიანად ვერ დაასრულა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბაგრატ ნინიაშვილი

შეხვედრის მეორე ნახევარში დაღლაც დაეტყო, თუმცა მანამდე ერთი გაფრთხილება მიაღებინა ესპოზიტოს, მაგრამ, ვფიქრობთ, მსაჯს ბევრად მეტის მიცემაც შეეძლო - იტალიელთა მომავალი ჩემპიონი დაბლაც რამდენჯერმე ჩავარდა და ცრუ-შეტევის მსგავსი შესვლაც არაერთხელ გააკეთა. ამის მიუხედავად, მსაჯმა მისთვის მეტი გაფრთხილება ვერ გაიმეტა. სამაგიეროდ, ნინიაშვილი გააფრთხილა ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე დაღლა დაეტყობოდა.

ძირითადი დრო მეტოქეებმა ასე თითო გაფრთხილებით დაასრულეს და შეხვედრა დამატებითში გაგრძელდა. სცენარი დიდად არც იქ შეცვლილა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ნინიაშვილი ისე აქტიურად ვეღარ უტევდა, თუმცა ვარსკვლავებს ვერც ესპოზიტო წყვეტდა.

დამატებითი დროის მეორე წუთი იწურებოდა, როცა მთავარ არბიტრს მსაჯთა მაგიდასთან უხმეს და ნინიაშვილის გაფრთხილება დაავალეს... შეიძლება იმ მომენტისთვის ჩვენებური დაღლილი იყო და გარკვეულ მომენტებში მართლაც პასიურობდა, თუმცა არც მეტოქე იყო მასზე აქტიური და რაც მთავარია - იტალიელი ძირითადში უნდა გაეფრთხილებინათ.

მოგებული ფინალები
ბეგლარაშვილმა ფინალიც ძველებური შემართებით ჩაატარა. საინტერესოა, რომ ქართულ-იტალიური დაპირისპირება აქაც გაგრძელდა - ქართველის მეტოქე იტალიელი მანუელ ლომბარდო იყო, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი.

ბეგლარაშვილმა მას ორი წლის წინ, ასევე ჭაბუკთა ევროპირველობაზე აჯობა და ტრადიცია ახლაც გააგრძელა - მშვიდად აუღო ვაზარი და შეხვედრა უმტკივნეულოდ მიიყვანა გამარჯვებამდე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნინიაშვილმაც თავისუფლად მოუგო დამამშვიდებლის ფინალი აზერბაიჯანელ პაშა ალიევს. მართალია, გდება ვერც მას გაუკეთა, მაგრამ ტაქტიკური მოქმედებით და ჩავლებებით სავსებით დამსახურებულად გააფრთხილებინა ორჯერ და ბრინჯაოს დაეუფლა.

ყიფშიძის გავეშება
ეტყობა, ტურნირში ჩართვა და პირველი შეხვედრის ჩატარება ყიფშიძესაც გაუჭირდა. ყოველ შემთხვევაში, თურქ ტუგცე ბედერთან თითქოს აქტიურობა არ აკლდა, მაგრამ საქმე ილეთამდე მაინც ვერ მიიყვანა. სამაგიეროდ, ორი გაფრთხილება მიიღო და დამარცხდა.

დამამშვიდებელში სულ სხვა ყიფშიძე ვიხილეთ - რუს დარია ხარლაპანოვასთან ბევრად აქტიური იყო და გაფრთხილებით მოუგო. თუმცა შეხვედრის ბოლოს რუსი "მატეს" შემდეგ მტკივნეულს უკეთებდა და დროზე კი შეაჩერეს, მაგრამ ყიფშიძეს ხელი მაინც ატკინა და ჩვენებურმაც ტირილით დატოვა ტატამი.

Sportall.Ge
ფოტოზე: ნატალია ყიფშიძე (მარჯვნივ)

ტკივილი ტკივილად, მაგრამ იმ მომენტში უფრო იმას დარდობდა, ვინძლო, ჭიდაობა ვერ გაეგრძელებინა, მაგრამ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და მომდევნო შეხვედრაში ჩეხი დენისა ბარანოვა ისე დაახეთქა, ტატამიდან ხელით გაიტანეს (მახრჩობელა ილეთი გაუკეთა).

ბრინჯაოსთვის პაექრობაში ჩვენებურმა ბრიტანელ კირა ბატემანს ორი გაფრთხილებით მოუგო და კარიერაში პირველი მედალი მოიპოვა.

ტკივილიც კი დამავიწყდა, იმდენად გახარებული ვარო, გვითხრა დაჯილდოების შემდეგ.

დღეს იჭიდავებენ
დღესაც სამი წონის ფალავნები გავლენ საასპარეზოდ, მაგრამ ამჯერად ორი გოგონების წონა იქნება, ბიჭები კი მხოლოდ ერთში გამოვლენ.

ჩვენ მონაწილე სამივეში გვეყოლება და რაც მთავარია, ამ სამიდან ორი ევროპის მოქმედი ჩემპიონია - მზია ბებოშვილი (52) და ლაშა დუდაშვილი (73).

ბებოშვილი პირველ შეხვედრას ბრიტანელ აიმეე გრანტთან ჩაატარებს, მეოთხედფინალში კი მისი მეტოქე მაკედონიელ ბერნა შერიფოვსკას, მოლდოველ ანა როტარის და პოლონელ ვანესა მაჩნიცკას სამეულში უძლიერესი იქნება.

ეთერ ლიპარტელიანი (57) პირველ წრეში ჩეხ ვერა ზამანოვას ხვდება, ხოლო შემდეგ წრეში გასვლის შემთხვევაში მაკედონიელი ამრა ფეიზულა ელოდება.

დუდაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ფრანგი ენიელ კაროლისა და ლატვიელი ნიკიტა დუინოვსის შეხვედრაში გაირკვევა. მის ჯგუფშია ბერძენი ვასილ ბალამპანაშვილი, ხოლო პოლონელი მაციეჟ კროგულსკი, რომელსაც წლეულს ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოუგო, ბადის ქვედა მხარესაა და ფინალამდე არ ხვდება.

პოლონელის ჯგუფშია იტალიელი ჯაკომო გამბა - რუსთა იტალიელი მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიურ ჩემპიონ ეციო გამბას შვილი. სხვათა შორის, თავად მამაც თბილისშია ჩამოსული და შვილის გამოსვლას ელოდება, მერე კი მიემგზავრება. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში დუდაშვილის ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე ფინელი არტურ თვაურია.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ
1. რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)
2. მანუელ ლომბარდო (იტალია)
3. ისმაილ იბრაჰიმოვი (აზერბაიჯანი), ლარს კამპხუისი (ჰოლანდია).

66 კგ
1. ჯოვანი ესპოზიტო (იტალია)
2. გევორქ მანუკიანი (უკრაინა)
3. ბაგრატ ნინიაშვილი (საქართველო), იორის ბოესი (ჰოლანდია).

გოგონები
48 კგ
1. კორალინ ტაბელიონ მარკუსი (საფრანგეთი)
2. სარა ჰერმანი (გერმანია)
3. ნატალია ყიფშიძე (საქართველო), ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი).

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული