თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ჩაკეტილი თამაშები

AutoSharing Option
ჯერჯერობით ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება ზამთრის მიმდინარე ოლიმპიადასთან დაკავშირებით და ისეთი პირი უჩანს, სასიკეთოდ დიდად, ალბათ, არც არაფერი შეიცვლება.

საზოგადოდ ვამბობთ, თორემ ლოკალური კულტურული პროგრამები ვერანაირად ვერ შექმნიან იმ საერთო განწყობას, რომელიც ტრადიციულად ყველგან და ყოველთვის ახლავს ოლიმპიურ თამაშებს.

თუ მოსახლეობასთან არ გაქვს კონტაქტი და თავს ის გარკვეულწილად არ გრძნობს ოლიმპიადის მასპინძლად, სტუმარმა რა უნდა აღიქვას?!

პარკშიც კი, სადაც ოლიმპიადის დღეებში, როგორც იტყვიან, სიცოცხლე დღედაღამ უნდა დუღდეს და გადმოდუღდეს, არანაირი ხალისი არ იგრძნობა.

მხოლოდ ორკესტრი უკრავს დროდადრო, და კიდევ, რიგები დგას
ოლიმპიურ რგოლებთან თამაშების ცეცხლის ფონზე სურათების გადასაღებად.

სხვა ოლიმპიადებზე გვინახავს უამრავი გასართობი, შეხვედრები ვეტერან და თანამედროვე სპორტსმენებთან, მათთან და ოლიმპიურ მოსიარულე თილისმასთან სურათების გადაღება, ავტოგრაფების ჩამორიგება, უამრავი ფირმის მიერ თავიანთი პროდუქციის სუვენირებად დარიგება-რეკლამირება, ხალხური ტრადიციების დემონსტრირება, შოუს ელემენტებით გაჯერებული სანახაობები, ოლიმპიური და სპორტული ატრიბუტიკის გაცვლა-გამოცვლა თუ შეძენა და სხვა უამრავი რამ, რასაც სრულად ვერც ჩამოვთვლი.

რაც მე ვიცი, ბოლო ნახევარი საუკუნეა, ხსენებული ტრადიცია, რომელიც ალამაზებდა და დაუვიწყარ მოგონებად აქცევდა ოლიმპიურ თამაშებს, პირველად სოჭის ოლიმპიადაზე დაირღვა და არა მხოლოდ ოლიმპიურ პარკში.

საასპარეზო ბაზებზე და მათთან მისასვლელებთან თუნდაც, უბრალოდ, ქუჩაშიც კი, თავს აღარ იწონებენ სპორტული ატრიბუტიკის კოლექციონერები.

ვიმეორებ, უხალისობა, ალბათ, იმის გამოცაა, რომ ოლიმპიადა არა ქალაქში, არამედ ჩაკეტილ ზონაში ტარდება. ისეთი განცდა რჩება, რომ მთავარი იყო თამაშების მასპინძლობა, რაც პრესტიჟის საქმეა და არა სხვა რამ, თუ უშუალოდ სპორტული ასპარეზობების ჩატარებას და მონაწილეთა ინტერესებს არ ეხება.

სხვები არავის ადარდებს, რამეს თუ მოითხოვ და დაგეხმარებიან, ზოგიერთი თითქოს გამადლის კიდეც. ბევრი რამ აფუჭებს ხასიათს - ინტერნეტის სისტემატური გაუმართაობა (ტელევიზორი როგორც იქნა, ჩაგვირთეს), ისიც, უკვე განვლილ ხუთ დღეში სასტუმროს ოთახს რომ ერთხელაც არ დაალაგებენ და იმის შიშიც, რომ სააბაზანოში შეიძლება ჩაიკეტო (ეს საშინელება ჩვენ უკვე გამოვცადეთ. ყველა ამერიკელი ბობსლეისტივით ჯანიანი ხომ არ იქნება, მხრით გამოანგრიოს კარი)...

პირდაპირი კავშირი: მკითხველი - ოლიმპიადა
სპორტული ჟურნალისტიკის უფროსმა თაობამ ის გზა გამოიარა, რომელიც "კავიდან კოსმოსამდე" განვლილ გზას შეიძლება შევადაროთ.

ოლიმპიური თამაშებიდან ვიდრე შინ არ დაბრუნდებოდა, მკითხველს პრესის ჟურნალისტი ხმას ვერ მიაწვდენდა. ასე იყო "ლელოშიც". მერე გაჩნდა ასპარეზობის პრესცენტრიდან მასალების ფაქსით და ტელეფონით რედაქციაში მიწოდების შანსი და აი, ბოლოს ინტერნეტი, რომლის შესაძლებლობები, მართლაც რომ უკიდეგანოა. რომ არა ინტერნეტი და მობილური კავშირგაბმულობა, აზრადაც არ მომივიდოდა მომესინჯა მკითხველთან ცოცხალი კავშირის შესაძლებლობა.

"ლელოს" ცხელი ხაზი მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე იმ იმედით შევქმენით, რომ უშუალოდ მოვლენების ეპიცენტრიდან მკითხველიც ჩაგვერთო პროცესში, მოგვეთხრო იმაზეც, მათაც რა სურთ იცოდნენ და არა მხოლოდ იმაზე, რასაც ჟურნალისტი მიიჩნევს საჭიროდ.

ამ სიახლემ, რაც "ლელოს" 80-წლიან ისტორიაში პირველია, ვფიქრობ, გაამართლა. ათეულობით ზარი შემოდის "ლელოს" ცხელ ხაზზე ნებისმიერ დროს. ზოგიერთის თხოვნებს და შეკითხვებს ოლიმპიადიდან გადმოგზავნილ პუბლიკაციებში ვითვალისწინებთ, ზოგსაც ცალკე გამოვყოფთ და კითხვა-პასუხის სტილში გავასაჯაროებთ.

აქვე გეტყვით, რომ მკითხველის მხრიდან რეაქცია, მიმდინარე თამაშებთან დაკავშირებით, ჩვენს საზოგადოებაში ორად გაყოფილი აზრის ადეკვატურია.

მაშ ასე, დავიწყოთ...
შეკითხვა: თამაშების გახსნისას ბევრი რამ იყო ჩემთვის გაუგებარი. მაგალითად, ძალიან მაინტერესებს ვიცოდე, რას ნიშნავდა, რეჟისორის ჩანაფიქრით, სასცენო ბატალიებში საბჭოთა კავშირის სიმბოლოს - ნამგლის და უროს ჩართვა, რა დატვირთვა ჰქონდა ამ სცენარს?
მამუკა ლაცაბიძე, თბილისი (ლოტკინი)

პასუხი: რომ არა თქვენი თხოვნა, ამ თემაზე ყურადღებას ცალკე, ალბათ, არც გავამახვილებდით. ცერემონიალის ცნობარებში ბევრი ვერაფერი, მით უფრო, პირდაპირი პასუხი ვერ ამოვიკითხე.

ეტყობა, აქცენტი იმაზეა გადატანილი, თუ რას შეიცნობს და ამოიკითხავს მაყურებელი. სცენარი ხალხს შეახსენებს სსრ კავშირს, რომლის სიმბოლო მუშურ-გლეხური კავშირი, ერთმანეთზე გადაჭდობილი ნამგალი და ურო იყო.

ეს სიმბოლო მაშინ სახელმწიფო გერბზეც იყო გამოსახული, მოსკოვში და საბჭოთა რესპუბლიკების მთავარ ქალაქებში კი გადაჭდობილი ნამგლით და უროთი ხელაღმართული ქალისა და მამაკაცის მონუმენტი იდგა. და აი, მონუმენტს წაცლილი თავები, ერთმანეთს დაშორებული ნამგალიც და უროც, მაყურებლის თვალწინ, სტადიონის მინდვრის თავზე გადაჭიმული ბაგირების მეშვეობით საპირისპიროდ მოდიან. მოდიან, მაგრამ აღარ ერთდებიან, გვერდით ჩაუვლიან ერთმანეთს.

ძალიანაც კარგი... მაგრამ უცებ ქვესკნელიდან ამოიზიდება მთავარი საბჭოთა სამთავრობო ნაგებობა, წვერზე ნამგლით და უროთი, შენობის შესასვლელის თავზე კედელზე დამაგრებული გერბით და გერბში ნაცნობი ემბლემით... ვფიქრობთ, ძნელი მისახვედრი არ არის "რეჟისორის" ჩანაფიქრი.

შეკითხვა: ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ დააზუსტეთ, ოლიმპიადის დღეებში ჩაკეტილია თუ არა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ფსოუზე.
როდამ მათიაშვილი, თბილისი

პასუხი: მთავარ პრესცენტრში მუშაობს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ცნობათა ბიუროები. თქვენი შეკითხვა თავად მოვირგე და ვიკითხე, მქონდა თუ არა უფლება, შევსულიყავი, ვთქვათ, გაგრაში. ქალბატონმა სადღაც დარეკა და უთხრეს, რომ პასუხს რამდენიმე წუთში აცნობებდნენ. დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. შეტყობინება ასეთი იყო: საზღვარი ყველასთვის ღიაა, გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, ვისაც აქვს პირადობის მოწმობა, მაგრამ არა უცხოური პასპორტი. თუმცა, ამ ქალბატონმა ისიც მითხრა, რომ საკითხი დიდი ხანია განსჯის პროცესშია და მთხოვა, კიდევ შევხმიანებოდი რამდენიმე დღეში.

შეკითხვა: ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ოლიმპიადა ტარდება, ახლოსაა საქართველოს საზღვართან, აფხაზეთის მხრიდან.
გონერი ხომასურიძე, ქუთაისი

პასუხი: ბატონო გონერი, რასაც ამბობენ, მართალია, ოღონდ დავაზუსტებ: დაშორება სულ რაღაც 2800 მეტრია იმ ადგილიდან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით - სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე. ასე აჩვენებს მანძილს და დროს (იმ ადგილიდან, სადაც იმყოფები. ჩვენ ოლიმპიური პარკიდან შევეხმიანეთ კოსმოსს) თანამედროვე მობილურ ტელეფონში დაფიქსირებული პროგრამა. შეგიძლიათ სცადოთ თავადაც.

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები


ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე

მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული