თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე

AutoSharing Option
მე რა ვიცი, შენ რომ გასწავლოო
სამწუხაროდ, ისევ ნაკლოვანებებზე გვიწევს ყურადღების გამახვილება. ისე ნუ გავიგებთ, რომ მოსაწონი არაფერი აქვს ამ ოლიმპიადას; კარგი რაც არის, კარგია თავისთავად, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენც და სხვა სტუმრებსაც ის ხარვეზები გვადარდებს, რაც დღემდე ამ დიდი სპორტული ასპარეზობის თანამდევია, ხელს გვიშლის მუშაობაში და აფუჭებს გუნება-განწყობას.

პირველ რეპორტაჟში სოჭიდან (ადლერიდან) იმის იმედით, რომ მდგომარეობა გამოსწორდებოდა, ზოგი რამ არ დავწერე.

მაგალითად, ცუდად კი არა, შეიძლება ითქვას, ძალიან ცუდად მუშაობს ინტერნეტი. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღ
ეს ეს თანამედროვე საკონტაქტო საშუალება ყველასთვის, განსაკუთრებით კი, ჟურნალისტებისთვის.

პირველი დღის პრობლემებმა თავი იჩინა მეორე, მესამე და მეოთხე დღესაც კი. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან გაგვიჭირდება. პირველი მასალის გადმოგზავნამ დიდი დრო და ნერვები შეიწირა, მხოლოდ ნაწილ-ნაწილ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გადავტვირთე "ლელოს" ელექტრონულ ფოსტაზე და ზედმეტი თავსატეხი გავუჩინე რედაქციას.

არ გვინდა დავიჯეროთ, რომ რაც უფასოა, მდარეცაა. თუ ჩაირთო ინტერნეტი და დაიწყე მუშაობა, უცებ, მოულოდნელად ჩაგაკვდება ხელში; მერე, როდის-როდის, ისევ გამოცოცხლდება და კვლავ ნივთად იქცევა და ასე გაუთავებლად.

დიახ, ვანკუვერისგან განსხვავებით, ამ ოლიმპიადაზე უფასოა ინტერნეტი, მაგრამ რად გინდა. ან სასტუმროს ნომერში ისეთ ტელევიზორს რა ფასი აქვს, რომელიც ჩართვისთანავე გაფრთხილებს, რომ "სიგნალი მიუწვდომელია" (მრავალი თხოვნის მიუხედავად, გასწორებას საშველი დღემდე არ დაადგა). ცუდ დღეში ვართ.

ჟურნალისტი ყველგან ვერ წახვალ, ერთდროულად რამდენიმე ასპარეზობას თვალს ვერ მიადევნებ, თან სამუშაო გაქვს. ეს პრობლემა, ნაწილობრივ მაინც, ტელევიზორმა უნდა მოგიგვაროს, მისი ეკრანიდან კი ისევ და ისევ ნაცნობი ორი სიტყვა შემოგანათებს მხოლოდ: "სიგნალი მიუწვდომელია".

შეიძლება აქ მიმდინარე ოლიმპიადის პერიპეტიებზე თქვენ, ძვირფასო მკითხველო, გაცილებით მეტი იცით ტელევიზიის საშუალებით, ვიდრე აქ ჩვენ.

თუნდაც ისეთ მომსახურებას რა ფასი აქვს, მოხალისე მძღოლი, რომელიც ვინ იცის, საიდანაა ოლიმპიადაზე ჩაყვანილი, ოლიმპიური სოფლიდან ფეხით 10 წუთში გასავლელ გზას, სასტუმროს ძებნაში მანქანით იმაზე მეტ დროს მოანდომებს, ვიდრე თბილისიდან ოლიმპიადაზე ჩასასვლელად დაგვჭირდა ფრენისას.

უსაფრთხოების მუშაკებისგან განსხვავებით, მოხალისეების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც სტუმრებს უნდა აკვალიანებდნენ, ახალგაზრდები არიან. მომსახურე პერსონალის ამ კატეგორიის, ანუ "ვოლონტიორების" პრობლემას სხვა ოლიმპიადებზეც გადავყრივართ, მაგრამ ასეთს ნამდვილად არა. არავინ არაფერი იცის, დარბიან და შენს შეკითხვაზე სხვებისგან ელიან პასუხს, რასაც ან მიიღებენ (შენც, შესაბამისად), ან არა.

"მე რა ვიცი, შენ რომ გასწავლოო", - მართლაც რომ ასე გამოდის...

"უზომო ნდომა საქმესა წაახდენს, გააცუდებსა"...
ახალ სასტუმრო კომპლექსში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მარჯვენა მხარეს, აკი ზემოთაც ვთქვით, საერთოდ არ შემოდის სატელევიზიო სიგნალი და პირველ დღესვე სურვილი სურვილად დაგვრჩა, განმეორებით ტელეეკრანზე გვეხილა ცერემონიის ჩანაწერი.

იმის შესახებ კი, რაც გვაინტერესებდა, მარცხენაფლანგელი კოლეგა მეზობლებიდან დავიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა. ისინი გაოცებას ვერ ფარავდნენ ტელევიზიით ჩანაწერის ნანახის გამო.

სცენარის მიხედვით, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, ტრიბუნების თვალწინ, თოვლის ვეებერთელა ფიფქები ერთმანეთთან გადაჭდობილ ხუთრგოლიან ოლიმპიურ სიმბოლოდ უნდა გარდასახულიყო, მაგრამ შეერთდა მხოლოდ ოთხი რგოლი, მეხუთე ფიფქი კი განზე დარჩა.

არადა, აქ თავსაც იწონებდნენ და წინასწარაც აცხადებდნენ, რომ ტელეეკრანებს მიყურადებული მთელი მსოფლიო გაოცებული დარჩებოდა ამ "საოცრებით", ზეიმის კულმინაციად ჩანაფიქრის უზადოდ შესრულებით. რა ჰქვია ამას? ალბათ, კარგად ცნობილი სიუჟეტი გაგახსენდათ ერთი ქართული ფილმიდან...

სხვებისგან გამორჩეულად თავის გამოჩენის წადილმა ასე იცის. როგორც ჩვენმა დიდმა წინაპარმა სულხან-საბა ორბელიანმა თქვა: "უზომო ნდომა საქმესა წაახდენს, გააცუდებსა"...

ძაღლები - ოლიმპიადის თავის ტკივილი
მკითხველებს შევახსენებთ, რომ ზამთრის XXII ოლიმპიადას სოჭის კი ჰქვია, მაგრამ ძირითადად ყველაფერი ადლერის ტერიტორიაზეა. შედარებისთვის ვიტყვი: თბილისი, რომელიც ემზადება 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, საფესტივალო სოფელს და რამდენიმე სპორტულ ობიექტს აშენებს თბილისის ზღვაზე - დაუსახლებელ ტერიტორიაზე. ადლერშიც ოლიმპიური ობიექტები იზოლირებულია, თუმცა შორს არ არის დასახლებული პუნქტებიდან.

როგორც ჩანს, ძაღლებმა (ამბობენ, ოლიმპიადამდე მაწანწალები მასობრივად გაანადგურესო, მაგრამ აი, ნაწილი გადარჩენილა კიდეც) იყნოსეს, სად სჯობს საკვების მოპოვება და ახლა მათ აქ შეხვდებით თითქმის ყველგან. ისინი გამოჩნდნენ ჟურნალისტების სასტუმროს კორპუსებთანაც და, რაც დრო გადის, მათი რიცხვი იზრდება.

უსაფრთხოების ზომები ისეა დაცული, რომ ზონაში არათუ ვინმე უცხო შეაღწევს, როგორც იტყვიან, ჩიტიც ვერ შემოფრინდება (სხვათა შორის, ძაღლებისგან განსხვავებით, აქ ფრინველი საერთოდ არ შეგვინიშნავს), მაგრამ ძაღლები გაუთვალისწინებელ თავის ტკივილად იქცნენ.

რა ზომებს მიიღებენ, ჯერ არავინ არაფერს ამბობს. უკვე ყური მოვკარით, რომ ძაღლები, რაკი ასე ადვილად შედიან აკრძალულ ზონაში, შეიძლება ბოროტი ზრახვით გამოიყენოს ვინმემ გარედან.

შეიძლება ეს მოსაზრება ღიმილის მომგვრელია, მაგრამ, როგორც ნათქვამია, სიფრთხილეს თავი არ სტკივა...

გწყურია? აი, დარდი...
რას არ მოესწრება კაცი. აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის მეთორმეტე ოლიმპიურ თამაშებზე, XXI საუკუნეში, სასტუმროში და მის გარეთაც ობიექტებზე სპორტულ ჩანთაში წყლის დასალევი ჭიქით თუ ვივლიდი.

მოკლედ, ამ ოლიმპიადაზე წყლის გამჭვირვალე ბალონები კი დგას, მაგრამ ჭიქების გარეშე. კითხვაზე, თუ რატომ, მოკლედ და კონკრეტულად გვპასუხობენ - "არ გვაქვს".

სპორტული შეჯიბრებების ნაწილი ჩატარდება "იმერეთის ველზე". ეს ადგილი საქართველოს იმ დალოცვილი კუთხის ხალხის სახელთანაა დაკავშირებული, სადაც წყალს რომ მოითხოვს სტუმარი, ღვინოს სთავაზობენ.

მოკლედ, შენი პრობლემა არავის არაფრად ეჭაშნიკება. გწყურია? აი, დარდი...

ცინიზმია, აბა, სხვა რა უნდა თქვა, როცა აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის გამოყოფილ საჩუქარში - ოლიმპიადის სამახსოვრო ზურგჩანთაში - კალმისტართან, ბლოკნოტთან და სამკერდე ნიშნებთან ერთად, თითო ნახევარლიტრიან წყალს და "კოკა-კოლას" აღმოაჩენ. რეკლამისთვის? თუ ასეა, მისამართი ნამდვილად შეეშალა, ვის ტვინშიც ეს დამამცირებელი იდეა თუ სისულელე იშვა.

სხვათა შორის, ჟურნალისტებისთვის სასაუზმე, რომელსაც "სპორტული ბარი" ჰქვია, მხოლოდ 8 თებერვალს ამოქმედდა, სამუშაოების დამთავრების შემდეგ. მანამდე, რიგში დგომით, სასტუმროს ბუფეტი გვემსახურებოდა.

სოჭის ოლიმპიადაზე
"ლელოს" ცხელი ხაზის
ტელეფონია: +7938 43 99 565.


ასევე იხილეთ:
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული