სოჭი 2014: ყველაზე პოპულარულები

AutoSharing Option
მიკრობლოგების ერთ-ერთმა პოპულარულმა სერვისმა Twitter-მა შეადგინა სპორტსმენების, სპორტის სახეობების, "ტვიტებისა" და ფოტოების ტოპ-რეიტინგი, რომლებმაც ყველაზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვიეს სოჭის ოლიმპიადის დროს.

6 თებერვლიდან 23 თებერვლამდე Twitter-ში სპორტსმენებს შორის ყველაზე ხშირად ორ სპორტსმენს ახსენებდნენ: მოციგურავეებს - მაო ასადასა (იაპონია) და იუნა კიმს (კორეა). მესამე ადგილზე აღმოჩნდა აშშ-ის ჰოკეის ნაკრების წევრი ტი ჯეი ოში, რომლის ბულიტების წყალობითაც ამერიკამ ჯგუფურ ეტაპზე რუსეთის ნაკრები დაამარცხა.

ყველაზე პოპულარული სახეობა გახდა ჰოკეი. ის პირველ ადგილზე გავიდა. შემდეგ მოდის - ქიორლინგი, ფიგურული სრიალი, ბობსლეი და სნოუბორდი.

მომღერალ
ჯასტინ ბიბერის "ტვიტი", რომელშიც მან კანადის ნაკრებს მსოფლიოში უდიადესი გუნდი უწოდა, ყველაზე პოპულარული იყო 2014 წლის ოლიმპიადის დროს. სოჭში კანადის მამაკაცთა და ქალთა ნაკრებებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

შეტყობინებების პიკი დაფიქსირდა ჰოკეიში აშშ-ისა და რუსეთის ნაკრებთა მატჩის დროს - მომხმარებლები წამში 72.5 ათას "ტვიტს" აქვეყნებდნენ.

"ოლიმპიური ტვიტების" რაოდენობით ყველაზე წინ აღმოჩნდა სამხრეთი კორეა, მეორეზე გავიდა რუსეთი, მესამეზე - იაპონია.

ინჰალაციით მოგებული მედლები
სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებისას ბევრმა რუსმა სპორტსმენმა გამოიყენა განსაკუთრებული მეთოდი შედეგების ასამაღლებლად, - ამტკიცებენ გერმანელი ჟურნალისტები.

როგორც გერმანული Der Spiegel-ი და ბრიტანული Economist-ი წერენ, სპორტული შედეგების გაუმჯობესებისთვის ვანკუვერისა და სოჭის ოლიმპიადების წინ რუსი სპორტსმენები იყენებდნენ ქსენონის ინჰალაციებს. მეცნიერული კვლევების თანახმად, ქსენონის ინჰალაცია ადამიანის ორგანიზმში ერითროპოეტინის წარმოშობას უწყობს ხელს, რომელიც, თავის მხრივ, სისხლის ნაწილაკების საერთო რაოდენობას ზრდის. ეს ფაქტორი კი პასუხისმგებელია ჟანგბადის მიწოდებაზე, რაც, შესაბამისად, ამაღლებს ფიზიკურ კონდიციებს.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს წესებიდან გამომდინარე, ერითროპოეტინის დონის ამაღლება, აგრეთვე, არათერაპიული მიზნებით ფარმაკოლოგიური ნივთიერებების გამოყენება აკრძალულია და დოპინგად არის მიჩნეული.

კვლევების თანახმად, რუსეთში ქსენონი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ Economist-ი იტყობინება, რომ რუსი ათლეტები ამ მეთოდს ჯერ კიდევ 2008 წელს, ათენის ოლიმპიადაზე იყენებდნენ. გარდა ამისა, Der Spiegel-ი წერს, რომ თითქოს სახელმწიფო უკვეთავდა კვლევებს ცენტრ "ატომედში". იქ არსებობს დოკუმენტები იმის შესახებ, რომ რუსი სპორტსმენების 70 პროცენტი, რომლებმაც ათენში და ტურნირის ზამთრის თამაშებზე მედლები მოიპოვეს, ქსენონის ინჰალაციებს იყენებდნენ.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ გამოაცხადა, რომ ამ პრობლემას აუცილებლად შეისწავლის. ხოლო ამ ორგანიზაციის ყოფილმა შეფმა რიჩარდ პაუნდმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პირადად მისთვის ყველაფერი, რაც სპორტული შედეგების ასამაღლებლად არის მოფიქრებული, დოპინგს წარმოადგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული