ექვსბურთიანი სნუკერის მეფე

AutoSharing Option
მინი-სნუკერი შედარებით ახალი სახეობაა - მას ექვსი წითელი ბურთით თამაშობენ. ამ დღეებში ქალაქ ბანგკოკში მხოლოდ მესამედ ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი და მესამედ (!) ტურნირი ერთი და იგივე მოთამაშემ მოიგო - 41 წლის მარკ დეივისმა.

ფინალის ფავორიტად ნილ რობერტსონი მიიჩნეოდა - მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი, რომლის თამაშში არ არსებობს სუსტი ადგილები. თუმცა ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც მარკ დეივისის სჯეროდათ, რადგან ეს მოთამაშე სწორედ სნუკერის ამ ნაირსახეობაში სპეციალიზდება.

პირველმა ორმა ფრეიმმა რთულ ტაქტიკურ ბრძოლაში ჩაიარა და გამოჩნდა, რომ ფინალში სერიოზული დუელი იქნებოდა. ამის შემდეგ ორი
პარტია ავსტრალიელმა მოიგო და სწორედ ამ დროს დეივისს შთამბეჭდავი გაქცევა გამოუვიდა - ზედიზედ ექვსი ფრეიმი აიღო და 1:3 7:3-ად აქცია. მას ერთი პარტიის აღება სჭირდებოდა საბოლოო გამარჯვებამდე. ფრეიმების გაცვლის შემდეგ დეივისმა საჭირო მერვე ქულა აიღო და ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მარკ დეივისი ყველაზე სნუკერული გვარის ღირსეული გამგრძელებელია, ისევე, როგორც მისი მოგვარეები - ჯო, ფრედი და სტივი. ახლა ისიც მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია. მას გადასცეს ძალიან ლამაზი თასი და 40 ათასი ფუნტი სტერლინგი. თავის სამივე ფინალში ის ორმაგი უპირატესობით იგებდა: 6:3 მარკ უილიამსთან, 8:4 შონ მერფისთან და 8:4 ნილ რობერტსონთან. როგორც ჩანს, მინი-სნუკერის მეფის ტიტული მას დიდი ხნით ექნება დასაკუთრებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა პირველი ფრეიმის დასაწყისში ორჯერ სნუკერიდან ვერ გამოვიდა დევისი და ვიფიქრე რობერტსონი მოუგებს უეჭველი თქო მარა მოხუცმა მაგრად აკრიფა მეხუთე ფრეიმიდან და მოუგო კიდეც საბოლოოდ ავსტრალიელს
jimmy jump
02:17 10-09-2013
0

სიახლეები პოპულარული