სნუკერი. მსოფლიოს ჩემპიონატი: ფინალს რონი ო'სალივანი იგებს

AutoSharing Option
ამ დღეებში კიდევ ერთი სპორტული მოვლენა იპყრობს საყოველთაო ყურადღებას - შეფილდში დაიწყო მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც რონი ო'სალივანი და ბარი ჰოუკინსი ხვდებიან ერთმანეთს. პირველივე სესია ფანტასტიკური გამოვიდა - 104 წუთის განმავლობაში მეტოქეებმა ორი "სენჩური" და ექვსი 50-ქულიანი ბრეიკი შემოგვთავაზეს.

შეხვედრა უკეთ ო'სალივანმა დაიწყო, რომელმაც 74 და 92-ქულიანი სერიებით გამოიჩინა თავი. მაგრამ ჰოუკინსი, რომელიც კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მდევრის როლს არ შეეგუა და ამ ჩემპიონატში პირველად რონი აღმოჩნდა ჩამორჩენილი. ბარის დაეხმარა 88, 81, 45 და 50-იანი ბრეიკები და მან
წაიყვანა ანგარიში - 3:2!

ამან ჩემპიონი ძალიან გააბრაზა და სამი ფრეიმის განმავლობაში მეტოქეს ერთი ბურთულაც არ ჩააგდებინა - ო'სალივანს ბრწყინვალე სერიები გამოუვიდა: 76, 113 და 100 ქულა და ანგარიში გახდა 5:3!

საღამოს სესიის პირველ ორ ფრეიმში ფინალისტებმა ქულები გაცვალეს. ასევე შენარჩუნდა სტატუს-ქვო მომდევნო ორი პარტიის შემდეგ - 7:5.

და კვლავ, ჰოუკინსმა ისევ გაიბრწყინა და მაგიდასთან არ მიუშვა მეტოქე. ჯერ მას 83-ქულიანი ეფექტური სერია ჰქონდა, რის შემდეგაც არანაკლებ ეფექტურად გაათანაბრა ანგარიში 133-ქულიანი (იმ დღეს მაქსიმალური ბრეიკი) ტოტალ-კლირენსით - 7:7!

ო'სალივანი ისევ გამძვინვარდა და მორიგი "სენჩური" (103 ქულა) შეასრულა. საინტერესოა, რომ ეს იყო რონის 128-ე ასიანი სერია მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რითაც მან დაამხო ლეგენდარული სტივენ ჰენდრის რეკორდი.

ჰოუკინსი ანერვიულდა, ააცილა შორეული წითელი ბურთი და ო'სალივანმა მორიგი "სენჩური" (106 ქულა) შეასრულა - 9:7.

მეტოქეებს კარგად ესმოდათ დღის ბოლო პარტიის მნიშვნელობა, რადგან დიდი სხვაობაა 9:8-სა და 10:7-ს შორის. შესაბამისად, პარტია 33 წუთი გაიწელა. ფრეიმის ბედი ფერადმა ბურთულებმა გადაწყვიტეს. ო'სალივანი მეტოქის სნუკერის ხაფანგში მოქცევას ცდილობდა, მაგრამ ჰოუკინსმა არა მარტო აიცილა ეს საფრთხე თავიდან, არამედ მწვანე ბურთიც ჩააგდო.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს ყავისფერი ერგო, რასაც ბარიმ ცისფერ და ვარდისფერ ბურთებზე დარტყმებით უპასუხა, მაგრამ ცუდად ითამაშა შავზე. რონის ისღა
რჩებოდა, ეს ბურთი ჩაეგდო, რაც მოჭრილი დარტყმით მოახერხა - 10:7.

ფინალი
რონი ო'სალივანი-ბარი ჰოუკინსი 10:7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რონი ო'სალივანი შვილების განათლებისთვის თამაშობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული