დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ციხეს შევეჩვიე და სერიოზულად დავიწყე ფიქრი რინგზე დაბრუნებაზე. დამთრგუნველი მოსასმენი იყო ახალი ამბები მათზე, ვინც ჩემპიონის ტიტულს იგებდა. საჩემპიონო ქამარი ხელიდან ხელში გადადიოდა, როგორც ფრენბურთის ბურთი.

ციხიდან გასვლის შემდეგ ჩემპიონობის დაბრუნებას ვაპირებდი. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ უიღბლო და წარუმატებელი არ ვიყავი, როგორც ეს ყველას ეგონა. არა, დავიბრუნებ სამეფო ტახტს, რომელიც ღმერთმა ზემოდან განსაზღვრა.

ჩემს ავადმყოფურ წარმოდგენაში საკუთარ თავს ძველ კეთილშობილ გმირად ვხატავდი და თუ მაინც წაგება მეწერა საჩემპიონო ტიტულის დასაბრუნებელი მისიის შესრულებისას, მაშინ ცივილიზაცია, თავისთავად, დაიღუპება. საკუთარ თავზე შეყვარებულმა, ჩემი
მისია მთელ სამყაროზე გადავიტანე.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აუცილებელი იყო ოცნება. სტიმული მჭირდებოდა გასაძლებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ციხეში დავლპებოდი. ამიტომაც შევიმუშავე გეგმა. ვიცოდი, წინ რაც მელოდა. ვიცოდი, როგორც მომეხდინა ნამდვილი საქმისთვის საკუთარი სულის მობილიზება. მაგრამ არ მინდოდა, მორჩილი ვყოფილიყავი.

ადმინისტრაციამ, თავდაპირველად, სპორტდარბაზში დამნიშნა, რადგან უნდოდა, ფორმა შემენარჩუნებინა, მაგრამ შემდეგ იქიდან გამაგდეს - გადაწყვიტეს, რომ ციხეში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ვმონაწილეობდი. მაგრამ მე არაფერ შუაში ვიყავი.

კონტრაბანდას მხოლოდ იმისთვის მივდევდი, რომ ჩემთვის ბრიოლინი მეშოვა. უარს არ ვიტყოდი ციხეში ნარკოტიკების მიღებაზე, მაგრამ არ გავაკეთე ეს, რადგან მისია მქონდა - დამებრუნებინა საკუთარი თავისთვის საჩემპიონო ქამარი.

ასე რომ, ფორმაში შესასვლელად, ძირითადად, დავრბოდი და ფიზიკური მომზადებით ვიყავი დაკავებული. დილაობით ეზოში დავრბოდი, შემდეგ გულზე მქონდა დატვირთვა: სახტუნაოს ვიყენებდი, აზიდვებსა და ბუქნებს ვაკეთებდი. წერილი მივიღე ორი ყოფილი მოკრივისგან, რომლებმაც ციხეში სასჯელი მოიხადეს - რუბინ კარტერისგან (აფროამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, საშუალოწონოსანი; ციხეში 19 წელი გაატარა სამმაგი მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია) და ჯეიმს სკოტისგან (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე ნახევრადმძიმე წონაში; ცხოვრების დიდი ნაწილი (13 წლის ასაკიდან) ციხეში გაატარა), რომელმაც თავისი ბრძოლების უმრავლესობა ნიუ ჯერსის შტატის ციხეში ყოფნისას გამართა.

სკოტი მწერდა, რომ არ გადავიქცევი ნეხვად, თუ ერთ მისვლაზე 100 მიზიდვას შევასრულებ. თავდაპირველად, ამდენს ვერ ვაკეთებდი, მაგრამ პრაქტიკის შემდეგ მას მივწერე: "გამოვიდა 100 მიზიდვა".

საღამოობით უაინოს ჩემი ფეხები ეჭირა და ტანის ხუთას აზიდვას ვაკეთებდი ერთ მისვლაზე. იქამდე ვაკეთებდი, სანამ უკანალზე სისხლჩაქცევები არ გამიჩნდებოდა. კამერაში კედელზე რადიო გვქონდა, შეიძლებოდა ყურსასმენის შეერთება და მუსიკის მოსმენა ისე, რომ მეზობისთვის ხელი არ შეგეშალა. ღამის ორ საათზე ვდგებოდი, ყურსასმენებს ვიცვამდი და კამერაში რამდენიმე საათი დავრბოდი. როცა უაინო იღვიძებდა, კედლები ჩემი ოფლისგან იყო სველი.

ხანდახან კამერაში მთელი დღე დავრბოდი და ზედამხედველები და პატიმრები ჩემ სანახავად მოდიოდნენ. უარესად იყო საქმე, როცა ჩრდილთან ვჩხუბობდი. ამის კეთება პატიმრების, ზედამხედველებისა და ციხის ადმინისტრაციის თანდასწრებით მიწევდა და თითოეული მათგანი მწვრთნელობას იჩემებდა.

- იმოძრავე, ზანგო! თავი ჩაწიე! - ყვიროდნენ ისინი. თითოეულს რაღაც შენიშვნა ჰქონდა.
- ჯანდაბა, მე პროფესიონალი ვარ, - ვპასუხობდი მე. - თქვენ კი მხოლოდ მაყურებლები.

ვარჯიშების დაწყებისას 272 ფუნტს (123.5 კილოგრამი) ვიწონიდი, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ 216 ფუნტამდე (100 კილოგრამი) ჩამოვედი. გავიარე გზა პატარა გორილადან რელიეფულ ადონისამდე.

ციხეში ყოფნისას ისლამის შესწავლა დავიწყე. სინამდვილეში, ამ რელიგიის პრინციპები ჯერ კიდევ ციხემდე გამაცნეს. დონ კინგის მზარეული, კაპიტანი იუსუფ შაჰი მუსულმანი იყო. ის მალკოლმ იქსის მასწავლებელი და ელაიჯა მუჰამედის (ამერიკელი საზოგადო და რელიგიური მოღვაწე; აფროამერიკელთა ორგანიზაციის "ისლამის ერის" ლიდერი 1934-75 წლებში) მარჯვენა ხელი გახლდათ.

კაპიტანი ჯო, როგორც ჩვენ მას ვეძახდით, მეტად პატივსაცემი ადამიანი იყო. ჩემს მძღოლად მუშაობდა, მაგრამ ჩემი პირადი მცველიც უნდა ყოფილიყო: არ არსებობდა პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც მას არ შეეძლო.

დონმა ის გაათავისუფლა, რადგან აგრესიული იყო პატრონის მიმართ. კინგი მუდმივად ამცირებდა კაპიტან ჯოს, სჯიდა მას ღორის ხორცისგან კერძების მომზადებით. კაპიტანი ჯო ამისთვის რკინის ხელთათმანებს იყენებდა. ერთხელ ისიც კი ვნახე, როგორ ტიროდა, როცა ღორის ხორცს ამუშავებდა.

ლოს ანჯელესში ვიყავი და იქ გავიგე, რომ დონმა კაპიტანი ჯო გაათავისუფლა, მაგრამ ნიუ იორკში დავბრუნდი და ჯო აეროპორტში დამხვდა.

- გავიგე, გაუთავისუფლებიხარ, - ვთქვი მე.
- არა, ძმაო, არაფერი მომხდარა, - მიპასუხა კაპიტანმა. - გაუგებრობა იყო. მისტერ კინგი გავაბრაზე. ჩემი ბრალი იყო, ეს არ უნდა გამეკეთებინა, რადგან ეს მისი საკვებია. უბრალოდ, სულელი ადამიანი ვარ. ალაჰმა ისევ მომანიჭა მაღალი პატივი - ვიმუშაო მისტერ კინგთან.

- კაპიტანო ჯო, თუ არ მომიყვები რა მოხდა, მე გაგიშვებ, - დავემუქრე მე. - გავიგე, დონთან ვიღაცები მისულან. რა მოხდა? რამდენიმე ადამიანი იყო?

- 75. ყველა იარაღით, - განაცხადა კაპიტანმა ჯომ თვინიერად, მაგრამ ისეთი ძალით, რომ ცხადი იყო - კვლავ ფლობდა ძალაუფლებას.

როგორც ჩანს, როცა ჰარლემში დაბრუნდა და "ისლამის ერში" თავის ძმებს გათავისუფლების შესახებ მოუყვა, 75 შეიარაღებული ადამიანი დონთან ოფისში მივიდა, რამდენიმე ადამიანი სცემა და აიძულა კინგს, ისევ მიეღო სამუშაოზე კაპიტანი ჯო. მე ეს ისტორია მოვისმინე.

- თქვენ არ შეგიძლიათ კაპიტანი ჯოს გათავისუფლება. ეს კაპიტანი ჯო გაგათავისუფლებთ ყველას, - უთხრეს მათ დონის თანამშრომლებს.

ასე რომ, ის დაბრუნდა და დონმა ჩემს მძღოლად დანიშნა. მას კვლავაც ბევრი რამ შეეძლო. შესახედავად ასაკოვანი ადამიანი იყო, სავსებით უწყინარი, მაგრამ შეეძლო ერთი სატელეფონო ზარით ყველაფრის გადაწყვეტა, რაც გჭირდებოდა. ვამაყობდი იმით, რომ ჩემთან მუშაობდა. კაპიტანი ჯო ჩემთვის შესანიშნავი დამრიგებელი იყო - კეთილგანწყობილი, დიდსულოვანი, კეთილშობილი.

მუდმივად ვლაპარაკობდით სულიერ საკითხებზე. მიაჩნდა, რომ ნებისმიერ სულიერ საწყისს უნდა მიესალმო. ბედნიერი იყო ჩემი ნათლობისას, გულწრფელად ხარობდა, რომ სერიოზულად ვუყურებდი ამ რიტუალს. არასოდეს მყოფნიდა სითამამე მეღიარებინა მასთან, რომ ცერემონიის შემდეგ გუნდის მომღერალი გოგონა სასტუმროს ნომერში სექსისთვის წავიყვანე.

ასე რომ, ციხეში მოხვედრის შემდეგ უკვე მზად ვიყავი, აღმექვა ისლამი. ჩვენ შორის იყო პატიმარი დეტროიტიდან, რომელსაც ჩაკი ერქვა. ის გაიზარდა, როგორც მუსულმანი. მას მეჩეთში შევხვდი. არასწორად არ გამიგოთ - მეჩეთში მხოლოდ ლოცვისთვის არ დადიან. იქ აგვარებენ ყველანაირ საქმეს. ეს არის სხვადასხვა კამერიდან მეგობრების შეხვედრის ადგილი. იქ ვსწავლობდი ლოცვებს და ამავდროულად, ვიღებდი ინფორმაციას.

ვლოცულობდი და თან შემეძლო იარაღი მეშოვა. საქმე სწორედ ასე იყო. მიყვარს ალაჰი, მაგრამ არ შემიძლია იმის დავიწყება, რომ მე - მაიკ ტაისონი ვარ და ღმერთისგან ბოძებული მაქვს ინტრიგანის, საქმოსნისა და ყალთაბანდის გზა.

ჩაკი ლოცვებს მასწავლიდა. საშინელი მასწავლებელი იყო: ზედმეტად მონდომებული, უხეში და არც ისე მეგობრულად განწყობილი. სამაგიეროდ, ლაპარაკობდა არაბულად. ჩვენ ვიმეორებდით ლოცვას, შემდეგ ის ყვირილს იწყებდა:

- ჯერ ვერ ისწავლე?
- ახლახან არ წარმოთქვი? როგორ მოვასწრებდი? რაზე მელაპარაკები? - ვპასუხობდი მე.

ისეთი სისწრაფით წარმოთქვამდა ლოცვებს, თითქოს ნარკომანი იყო, რომელიც ამფეტამინზე იჯდა. გამორიცხული არ არის, რიტალინით (პრეპარატი ფსიქოსტიმულატორების ჯგუფიდან; წარმოშობს კოკაინისა და ამფეტამინის ეფექტს) ერთობოდა.

შევისწავლე "გამხსნელი ლოცვა" ("გამხსნელი ლოცვა", ანუ "ფატიჰა" - სურა (ყურანის თავი), რომლითაც იწყება ლოცვებში ყურანის კითხვა) და ამის შემდეგ მეცადინეობებზე უაინოსთან ერთად დავიწყე სიარული. მისი ისლამური სახელი იყო ფარიდი.

თავდაპირველად, უხეშად და შეურაცხმყოფელად ვიქცეოდი. ძმა სიდიკი წინ დამისვამდა და ისლამზე მელაპარაკებოდა, მაგრამ ვღიზიანდებოდი და არ მინდოდა არაფრის მოსმენა.

მაგრამ ერთხელ, როცა ასე თუ ისე გავიცანით ერთმანეთი, სიდიკმა მკითხა - ხომ არ მსურდა სხვა მლოცველებთან შეერთება. მაშინ დავწყნარდი. ლოცვა ჩვევაში გადავიდა და შემდეგ მე და ფარიდმა ერთად დავიწყეთ ყურანის კითხვა. არ მქონდა ღმერთის აღმოჩენის მომენტები. ეს უბრალოდ ასე ხდებოდა და ახლა მე ვარ ის, ვინც ვარ.

იმ დროს მე არ მესმოდა ისლამის სულიერი მხარე. ეს საკმაოდ გვიან მოვიდა ჩემთან. სინამდვილეში, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად რელიგიის ჭეშმარიტ აღქმასთან. იმ დროს, ისლამი ჩემთვის დროის გატარების შესაძლებლობა იყო და ეს ძალიან დამეხმარა. რაღაცის რწმენა მჭირდებოდა. ეს იყო ჩემი ზრდის, სიყვარულისა და პატიების აღიარების ნაწილი. ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ნამდვილ სიყვარულთან და პატიებასთან.

ამასობაში, გაჩნდა ჩემი ციხიდან გაშვების შანსი. ამბობდნენ, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობას მომცემდნენ. პრესის ბევრი წარმომადგენელი, მაგალითად, გრეტა ვან სუსტერენი (ტელეარხ Fox News-ის კომენტატორი და ტელეწამყვანი; სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების ყოფილი ადვოკატი) კითხვას სვამდა - რამდენად სამართლიანი იყო ჩემი განაჩენი.

ჩემი იურისტები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მოსამართლეებთან და ვაშინგტონების ოჯახთან. როგორც ჩანს, მათ მიაღწიეს შეთანხმებას. გარიგების თანახმად, უნდა გადამეხადა 1.5 მილიონი დოლარი ვაშინგტონის ოჯახისთვის და ბოდიში მომეხადა დეზირესთვის და ამ შემთხვევაში, მაშინვე დავტოვებდი ციხეს. გაუპატიურების აღიარებაც კი არ იყო საჭირო, მხოლოდ ბოდიშის მოხდა. ზოგიერთი ჩემი მეგობარი, მაგალითად, ჯეფ ვალდი იწონებდა ბოდიშის იდეას.

- მაიკ, იმისთვის, რომ ციხეს დავაღწიო თავი, იმასაც კი ვაღიარებ, რომ დედა ტერეზა გავაუპატიურე, - მითხრა მან.

- თუ ბოდიშს მოვიხდი, ჩემს თავში ციხე იმ საპატიმროზე უარესი იქნება, რომელშიც ახლა ვიმყოფები, - ვუპასუხე მე.

1994 წლის ივნისში მოსამართლე გიფორდის კაბინეტში მიმიყვანეს, სადაც სასჯელის ვადის შემცირება უნდა განეხილათ. ახალმა პროკურორმა მკითხა - რამის თქმა ხომ არ მინდოდა.

- არ ჩამიდენია არანაირი დანაშაული. ამას სიკვდილამდე გავიმეორებ.
ეს ის არ იყო, რისი გაგებაც სურდათ და უკან ციხეში დამაბრუნეს. დაბრუნებულს ყველა მეხვეოდა და მკოცნიდა.

- მაგათი დედაც... - ამბობდნენ ისინი.
- მოდუნდით, - ვუპასუხე მე. - მაგარი ბიჭი ვარ. აქ კიდევ ერთი წლით ვრჩები. ერთად გავაგრძელებთ ცხოვრებას ამ ნეხვში.

მესმოდა, რომ ეს არ იყო ჩემთვის ყველაფრის დასასრული. სულ რაღაც 28 წლის ვიყავი და ვიცოდი - სასჯელის მოხდის შემდეგ აუცილებლად ჯილდო მელოდა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული