"ოლიმპიკის" აუზში თბილისის თასი მეოთხედ გათამაშდა

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკის" აუზში მეოთხედ გათამაშდა თბილისის თასი. საასპარეზოდ წყალბურთელ ვაჟთა ოთხმა გუნდმა მოიყარა თავი.

ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში თურქებსაც უნდა ეასპარეზათ, მაგრამ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ჩემპიონატი, რომელშიც ჩვენი სამხრეთელი მეზობლებიც მონაწილეობდნენ, გვიან დამთავრდა და თურქმა სპორტსმენებმა თბილისში ჩამოსვლა ვერ შეძლეს.

მათ ნაცვლად საქართველოს სტუდენტ წყალბურთელთა ნაკრები დაუშვეს, რომელიც 5 ივლისიდან ყაზანში მსოფლიო უნივერსიადაზე მოსინჯავს ძალებს.

თბილისის თასის გათამაშების პირველი დღის შედეგები უკვე გაუწყეთ. მაინც შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველმა ნაკრებმა ბელორუსებს სძლია (18:5), უკრაინამ კი ჩვენს სტუდენტთა გუნდს მოუგო (16:7).

საქართველო-უკრაინა
11:9
2:1, 0:1, 5:4, 4:3
საქართველო: ჭუმბურიძე, ჯახაია, ჩიკვაიძე, იმნაიშვილი, ლაითაძე (1), ბითაძე, ხვედელიანი (1), ბაღათურია (2), რურუა, გეგელაშვილი (3), ნიკოლეიშვილი (4), ქავთარაძე, რუსიშვილი. მწვრთნელები - ისელიძე, პოპოვიჩი.
უკრაინა: პეტროვი, ცვირკუნი, შილინი (2), რატკოვი (1), დიადიურა (1), ფედორიშინი, აბრამოვი, ალექსეევი, სიტნიკი (1), ვოიტენკო (2), ობედინსკი (1), ბაბაიენკო (1), ვოლონჩუკი. მწვრთნელები - ზავიზიონი, ცუფრიკი.

ასპარეზობის მე-2 დღეს საქართველოს პირველი ნაკრებისა და უკრაინის გუნდების შეხვედრა დაძაბული გამოდგა.

ანგარიში მხოლოდ მესამე წუთზე გაიხსნა - ბურთი ხვედელიანმა გაიტანა. ოციოდე წამში სიტნიკმა წონასწორობა აღადგინა.

პირველი პერიოდის დამთავრებამდე ბაღათურიამ თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი სტუმრებმა მოიგეს - 1:0. შესვენების შემდეგ ისელიძე-პოპოვიჩის შეგირდებმა მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა შეძლეს და შეხვედრა ორი ბურთის სხვაობით მოიგეს - 11:9.

ბელრუსი - საქართველო-2 9:8
2:2, 3:2, 1:1, 3:2
ბელორუსი: შანტური, ხრიპაჩოვი, საიუკი, რადჩკო, შაპურაუ, მინუტსკი (2), ივანოვი, კავალიოვი, ტუმასი, ჩუპრინა (3), ჩარბაშანი (3), ფეპარუკი (1), ველიჩკა, მწვრთნელი ფრალოვი.
საქართველო-2: ფავლენიშვილი, ჩიქვინიძე (1), ქარჩილაძე, ტუკვაძე (1), ბაქრაძე, ყავლაშვილი (1), ქართველიშვილი (2), გელაშვილი, ურუშაძე (2), სულაძე, გიორგაძე (1), კაკულია, შუბლაძე. მწვრთნელები - გიორგაძე, კალანდაძე.

საქართველოს მე-2 ნაკრებმა, რომელიც მსოფლიოს უნივერსიადისთვის ემზადება, გამოუცდელობის მიუხედავად, მედგარი წინააღმდეგობა გაუწია სლავებს, მაგრამ მაინც დამარცხებულმა დატოვა სარბიელი.

უკრაინა -ბელრუსი 14:10
2:1, 2:2, 6:4, 4:3
უკრაინა: პეტროვი, ცვირკუნი, შილინი (2), რატკოვი (2), დიადიურა (2), ფედორიშინი, აბრამოვი, ალექსეევი, სიტნიკი (1), ვოიტენკო (3), ობედინსკი (2), ბაბაიენკო (2), ვოლონჩუკი. მწვრთნელები - ზავიზიონი, ცუფრიკი.
ბელორუსი: შანტური, ხრიპაჩოვი (1), საიუკი, რადჩკო (1), შაპურაუ, მინუტსკი (1), ივანოვი (1), კავალიოვი, ტუმასი (1), ჩუპრინა (1), ჩარბაშანი (2), ფედარუკი (2), ველიჩკა. მწვრთნელი ფრალოვი.

პირველი ორი დღის ასპარეზობის შემდეგ თითო მოგებით მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობას ორი გუნდი ინარჩუნებდა.

შანსი უკრაინელებმა გამოიყენეს - 14:10 მოუგეს ბელორუსებს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ბრინჯაო ამ მატჩში დამარცხებულებს ერგოთ.

საქართველო - საქართველო-2 15:11
2:2, 6:2, 3:3, 4:4
საქართველო: ჭუმბურიძე, ჯახაია (1), ჩიკვაიძე (2), იმნაიშვილი, ლაითაძე (2), ბითაძე, ხვედელიანი, ბაღათურია (2), რურუა (5), გეგელაშვილი (2), ნიკოლეიშვილი, ქავთარაძე (1), კაპანაძე. მწვრთნელები - ისელიძე, პოპოვიჩი.
საქართველო-2: ფავლენიშვილი, ჩიკვაიძე (3), ქარჩილაძე (3), ტუკვაძე, ბაქრაძე (1), ყავლაშვილი, ქართველიშვილი (1), გელაშვილი, ურუშაძე (1), სულაძე (1), გიორგაძე (1), კაკულია, შუბლაძე. მწვრთნელები - გიორგაძე, კალანდაძე.

ბოლო შეხვედრის შედეგის მიუხედავად, "თბილისის თასის" ბედი გადაწყვეტილი იყო - ისევ საქართველოში რომ დარჩებოდა, არავის ეეჭვებოდა, რადგან იმთავითვე ცხადი იყო, რომ სტუდენტები ეროვნულ გუნდს სათანადო წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ.

ასეც მოხდა - პირველმა ნაკრებმა 15:11 გაიმარჯვა და მთავარი პრიზიც მოიპოვა.

ოლეგ ცუფრიკი, უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "მადლობა შეჯიბრების ორგანიზატორებს ტრადიციული გულთბილი მასპინძლობისათვის. საქართველოს ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას, თუმცა ჩვენი პაექრობა ამით არ დასრულებულა.

ორიოდე კვირაში ისევ დავუპირისპირდებით ერთმანეთს, ამჯერად მალტაში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში და ვეცდებით, რევანში ავიღოთ. მანამდე საწვრთნელ შეკრებას ჩავატარებთ და ძირითადის 4 მოთამაშეც შემოგვიერთდება".

ვლადიმერ ისელიძე: "თბილისის თასის" გათამაშებაც ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 რაუნდისთვის უკეთ მოსამზადებლად იყო გამიზნული. საგულისხმოა, ქვეყნის მთავარ ნაკრებში ახალგაზრდული გუნდის ოთხი მოთამაშეც გამოვცადეთ.

ესენი არიან: ანდრია ბითაძე, ხვიჩა ჯახაია, ზურაბ ჩიკვაიძე და რეზი იმნაიშვილი. უნდა ითქვას, რომ მათ თავი არ შეურცხვენიათ.

ორ ივლისს ჩერნოგორიაში გავემგზავრებით საწვრთნელ შეკრებაზე. ბუდვაში ვივარჯიშებთ და ტესტ-მატჩებსაც გავმართავთ. 10 ივლისს კი მალტაში ჩავალთ, იქ კი 11 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 რაუნდში მასპინძლებს, ისრაელს, უკრაინას და ბელორუსს გავუწევთ მეტოქეობას.

ყველა გუნდს ვიცნობთ. ფავორიტად, საკუთარი კედლების ფაქტორის გათვალისწინებით, მალტას მივიჩნევთ, რომელიც უმთავრესად იტალიელი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.

კუნძულელებთან 2009-10 წლებში ორი შეხვედრა წავაგეთ და ვეცდებით, რევანში ავიღოთ. მით უმეტეს, რომ ბუდვაში ნატურალიზებული წყალბურთელები - მარკო ელაჩა, მარკო ელეზი, დამირ ცრეპულია და მარინო ფრანიჩევიჩიც შემოგვიერთდებიან.

- იმ ოთხ წყალბურთელთან ერთად ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას დაიცავენ ზურაბ ჭუმბურიძე, ბექა კაპანაძე, გალაქტიონ ლაითაძე, გიორგი ხვედელიანი, ზურაბ რურუა, მიხეილ ბაღათურია, კონსტანტინე გეგელაშვილი, ტატო ნიკოლეიშვილი და ბექა ქავთარაძე, - ჩაერია საუბარში საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა. - მალტისთვის აქტიური მზადება თურქეთის ტურნირით დავიწყეთ.

სტამბულში, მოგეხსენებათ, მასპინძლებს, რუმინელებსა და სლოვაკებს ვძლიეთ და პირველი ადგილი დავიკავეთ, არადა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ რაუნდში სლოვაკეთთან შინ 7:7 ვითამაშეთ.

ბუდვაში, ჩერნოგორიელების გარდა, მეტოქეობას გავუწევთ ავსტრალიისა და სერბეთის ნაკრებ გუნდებსაც, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.

საგულისხმოა ისიც, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც სექტემბერში ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე გამოვა, ხუთი ივლისიდან იტალიაში ხმელთაშუა ზღვის თასზე მასპინძლებს, ფრანგებს, ჩერნოგორიელებსა და სერბებს გაუწევს მეტოქეობას.

სტუდენტური ნაკრები კი ყაზანში მსოფლიო უნივერსიადაზე ითამაშებს. ასე რომ, სამ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა და ვეცდებით, თავი არ შევირცხვინოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული