19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ნაკრების მეტოქეთა ვინაობა დღეს გაირკვევა

AutoSharing Option
ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში (ვენა) დღეს გაიმართება 2017 წლის ცხრამეტწლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა. ამ შეჯიბრებაში საქართველოს გოგონათა ნაკრებიც მონაწილეობს.

გადამწყვეტ ასპარეზობას გაისად, 27 ივლისიდან 5 აგვისტომდე სლოვენიური ცელიე უმასპინძლებს.

ფინალში პირდაპირ არიან დაშვებული სლოვენია, ასევე, დანია და რუსეთი, როგორც ჩვიდმეტწლამდელთა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული და ფინალისტი. დანარჩენი 13 საგზურისთვის 30 ქვეყნის წარმომადგენლები იბრძოლებენ. შეიქმნება 8 ჯგუფი - ექვსი ოთხგუნდიანი და 2 სამგუნდიანი. პირველი-მეხუთე ჯგუფებიდან ფინალის საგზურებს 2-2 ნაკრები მოიპოვებს, ხოლო VI-VIII ჯგუფებიდან მხოლოდ გამარჯვებული გავა.

საქართველო
მეოთხე კალათაშია და წინასწარაა ცნობილი, რომ ოთხგუნდა ჯგუფში მოხვდება.

I კალათა: უნგრეთი, რუმინეთი, ხორვატია, საფრანგეთი, შვედეთი
II კალათა: გერმანია, ესპანეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, პორტუგალია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, მაკედონია
III კალათა: ბელორუსი, პოლონეთი, თურქეთი, ავსტრია, ფარერები, ფინეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიტვა, ჩერნოგორია, შვეიცარია
IV კალათა: საქართველო, ისლანდია, მოლდოვა, სერბეთი, უკრაინა, ბელგია

შესარჩევი ტურნირები 2017 წლის 17-19 მარტს გაიმართება. რაც შეეხება მასპინძლობას, იმ ქვეყნებს, რომლებშიც 2015 წლის ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაციები გაიმართა (მათ შორის - საქართველო), ეს უფლება ჩამორთმეული აქვთ. ასე რომ, საკვალიფიკაციო ტურნირი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდება საქართველოში, თუ ჩვენი სამივე მეტოქე მასპინძლობაზე უარს იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული