არის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი!

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, მოტოგრანპრიში მსოფლიოს ახალი ჩემპიონი გახდა ესპანელი მარკ მარკესი, რომელსაც წელს დებიუტი ჰქონდა მთავარ მოტოსერიაში. შეგახსენებთ, რომ “ჰონდას” პილოტს ჩემპიონატის ბოლო რბოლაში (ვალენსიას გრანპრი) მეოთხე ადგილი სჭირდებოდა ტიტულის გასაფორმებლად. ამ შემთხვევაში მისთვის მნიშვნელობა არ ექნებოდა კონკურენტ ხორხე ლორენსოს შედეგს.

მარკმა ტიტულისკენ სერიოზული ნაბიჯი უკვე შაბათს გადადგა, როცა პოული მოიპოვა, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა, რადგან ამ სეზონში ხშირად ვნახეთ, რომ მარკესმა კვალიფიკაციაში მოპოვებული უპირატესობა რბოლის სტარტზე ვერ გამოიყენა.
ასე მოხდა ამჯერადაც - ლორენსომ და დანი პედროსამ შეძლეს დებიუტანტის
გასწრება, პირველი წრის ბოლოს კი პედროსამ ლორენსო ჩამოიტოვა უკან. პირველი წრე დაწინაურებულმა პილოტებმა შემდეგი თანმიმდევრობით დაასრულეს პირველი წრე: პედროსა, ლორენსო, მარკესი, როსი, კრატჩლოუ, სმიტი...

მეორე წრის დასაწყისში ლორენსოს წარმატებული კონტრშეტევა გამოუვიდა და დაიბრუნა ლიდერობა. პირველ წრეებზე ამ პილოტებს ძალიან დაძაბული ბრძოლა ჰქონდათ, მარკესი კი მშვიდად მოძრაობდა მათ უკან. პედროსას მხრიდან რამდენიმე თამამი შეტევა ვიხილეთ, მაგრამ ლორენსო ყოველ ჯერზე ახერხებდა პასუხის გაცემას.

მეათე წრეზე დაწინაურებულთა დუეტი ძალიან გაერთო ამ ბრძოლით და წინ მარკესი გავიდა! ლორენსო მეორე ადგილზე აღმოჩნდა, პედროსა კი მეხუთე პოზიციამდე ჩამოქვეითდა - წინ გაუშვა ბაუტისტა და როსი. ერთი წრის შემდეგ, ლორენსომ დაიბრუნა ლიდერობა და ამის შემდეგ, ყველაფერი დამშვიდდა. ფინიშამდე ხუთი წრით ადრე, მარკესმა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო არ რისკავდა, სპეციალურად გაუშვა წინ პედროსა, რომელმაც იმ მომენტისთვის როსისა და ბაუტისტას გაუსწრო - ეს იყო ბოლო მნიშვნელოვანი მომენტი რბოლაში.

მაშ ასე, ლორენსო პირველ ადგილზე გავიდა, მეორე იყო პედროსა, ხოლო პოდიუმი შეავსო მარკესმა, რომელმაც ოთხქულიანი უპირატესობით დაასრულა ჩემპიონატი და ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა - 20 წლისა და 266 დღის ასაკში.

ლორენსომ კი ჩემპიონის ტიტული დაკარგა, მაგრამ შეუძლია თავი იმით ინუგეშოს, რომ სეზონში რვა რბოლა მოუგი და ორით გაუსწრო მარკესს.

ვალენსიას გრანპრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 30 წრე; 2. დანი პედროსა (ესპ, Honda) - +3,934; 3. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - +7,357; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - +10,579; 5. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - +14,965; 6. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - +24,399; 7. ბრედლი სმიტი (ბრიტ, Yamaha) - +29,043; 8. ნიკი ჰეიდენი (აშშ, Ducati) - +39,893...

საერთო ჩათვლა
1. მარკ მარკესი (ესპ, Honda) - 334 ქულა; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, Yamaha) - 330; 3. დანი პედროსა (ესპ, Honda) - 300; 4. ვალენტინო როსი (იტა, Yamaha) - 237; 5. კელ კრატჩლოუ (ბრიტ, Yamaha) - 188; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, Honda) - 171; 7. შტეფან ბრადლი (გერ, Honda) - 156; 8. ანდრეა დოვიციოზო (იტა, Ducati) - 141...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი: მარკესმა წააგო, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული