ფორმულა 1: 6 პრეზენტაცია და პირველი ვარჯიში

AutoSharing Option
ესპანეთის ხერესში 2015 წლის სეზონის წინ ტესტების პირველი სერია დაიწყო, მანამდე კი გუნდებმა ახალი ბოლიდების მოკრძალებული პრეზენტაციები მოაწყვეს.

თუმცა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ "რედ ბულს" ფორმალური პრეზენტაციაც არ ჰქონია - დილით ჟურნალისტებს ახალ მანქანასთან დაკავშირებით პრესრელიზები დაურიგეს.

მთავარი სიურპრიზი გახდა ბოლიდ RB11-ის უნიკალური შავ-თეთრი გაფორმება. "რედ ბულმა" ეს სპეციალურად გააკეთა - რათა კონკურენტებმა ვერ შეძლონ კომუფლაჟის ქვეშ დაფარული აეროდინამიკური მიგნებების გარჩევა.

"რედ ბულის" პილოტმა დანიელ რიკარდომ უკვე აღნიშნა, რომ მოხიბლულია ბოლიდის "მისტიკური" გარეგნობით, გუნდის ერთ-ერთმა შეფმა ჰელმუტ მარკომ კი განმარტა, რომ
ასეთი ფერები შემთხვევით არ არის შერჩეული.

"ეს კომუფლაჟური ფერია, რომელიც ინგლისელებმა მოიფიქრეს მეორე მსოფლიო ომის დროს იმისთვის, რომ დაებნიათ გერმანიის საზღვაო ფლოტი", - განაცხადა მარკომ და ამით მიანიშნა "მერსედესთან" მომავალ ბრძოლაზე.

* * *
გუშინ პრეზენტაცია თავად "მერსედესმაც" მოაწყო. ცერემონია მეტად მოკრძალებული გამოვიდა. ტესტების დაწყებამდე 40 წუთით ადრე ლუის ჰემილტონმა და ნიკო როსბერგმა დამცავი შალითა გადააძვრეს Mercedes F1 W06 Hybrid-ს და მოკლე ფოტოსესია გამართეს, ჟურნალისტებმა კი წერილობით მიიღეს მანქანის შესახებ ინფორმაცია.

* * *
იტალიურ საჯინიბო "ფერარის" ვირტუალური პრეზენტაცია ჰქონდა. ავტომობილმა მიიღო ინდექსი - SF15 T. რა თქმა უნდა, "სკუდერიას" ბოლიდი წითელი ფერისაა, მაგრამ დაემატა შავი ფერებიც. მანქანის "ცხვირი" უფრო ბრტყელი გახდა, თუმცა ეს ტენდენცია სხვა გუნდების ბოლიდებშიც შეიმჩნევა.

* * *
ასევე უჩვეულო შეფერილობით გააოცა ავტოსპორტის მოყვარულები "ზაუბერმა". შვეიცარიულმა საჯინიბომ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე მოაწყო ახალი ბოლიდის - C34-ის პრეზენტაცია. "ზაუბერმა" უარი თქვა ტრადიციულ ფერებზე და ლურჯ-ყვითელი შეფერილობა აირჩია. ეს შემთხვევით არ მომხდარა და მიანიშნებს გუნდში ახალი სპონსორის - "ბრაზილიის ბანკის" მისვლას. ეს ორგანიზაცია ფინანსურად ეხმარება ბრაზილიელ პილოტ ფელიპე ნასრს, რომელსაც დებიუტი ექნება ფორმულა 1-ში სწორედ "ზაუბერის" რიგებში.

ასევე გუშინ საკუთარი ბოლიდები წარმოადგინეს "უილიამსმა" და "ტორო როსომ".

პირველი ტესტი ფეტელმა მოიგო
მაშ ასე, ტესტების პირველ დღეს ხერესის ტრასაზე შვიდმა გუნდმა გაიყვანა თავისი ახალი მანქანა. ორი გუნდი არ მუშაობდა - "ლოტუსში" ელოდნენ ახალი E23-ის ჩასვლას, "ფორს ინდიამ" კი უარი განაცხადა ტესტების პირველ სერიაზე და ეს საჯინიბო მეტოქეებს ბარსელონაში შეუერთდება.

ისევე, როგორც შარშან, პირველმა ბოქსები "მერსედესის" პილოტმა დატოვა, კერძოდ, ნიკო როსბერგმა, თუმცა მას უკვე პიტ-ლეინზე გაუსწრო სებასტიან ფეტელმა "ფერარით" - ბრძოლა ტრასაზე გასვლამდე დაიწყო!

ყველა მოუთმენლად ელოდა "მაკლარენ ჰონდას" ტრასაზე გასვლას და მეორე საათის ბოლოს ფერნანდო ალონსომ დატოვა ბოქსები - მრავალრიცხოვანი ესპანელი გულშემატკივრების გასახარად. რამდენიმე ტრიბუნა ბოლომდე იყო შევსებული. მათთვის სამწუხაროდ, ალონსომ დიდი დრო ბოქსებში გაატარა. ბევრი აღნიშნავდა, რომ "ჰონდას" ძრავა ჯერ სრულ წესრიგში არ არის. "მაკლარენი" მხოლოდ ახლა ითვისებს ახალ ძალისმიერ აგრეგატს, მაგრამ უკვე ტესტების პირველ დღეს უფრო მეტი შეძლო, ვიდრე შემოდგომაზე აბუ დაბიში, როცა ორი დღის განმავლობაში გუნდმა "ჰონდას" ძრავით ერთი სრული წრეც ვერ გაიარა.

"მაკლარენისგან" განსხვავებით, სხვა გუნდებს აღარ ჰქონიათ პრობლემები ტურბოძრავებთან დაკავშირებით, როგორც ეს 2014 წელს იყო. ერთი წლის წინ რვა გუნდმა ერთად პირველ დღეს 93 წრე გაიარა, 2015-ში კი მარტო ნიკო როსბერგი 100 წრეს გადასცდა.

დარწმუნდა რა, რომ საიმედოობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდა, "მერსედესმა" დაიწყო აეროდინამიკის ელემენტების ეფექტურობის შესწავლა - როსბერგი ტრასაზე წინა ანტიფრთაზე მწვანე აეროდინამიკური საღებავით გავიდა, დღის შედეგების მიხედვით კი ორი გრანპრის ტოლი დისტანცია გაიარა - შესანიშნავი მაჩვენებელია.

დღის პირველ ნახევარში ნიკო სათავეში ჩაუდგა ოქმს - წრე წუთსა და 23.106 წამში გაიარა, მეორე ნახევარში კი მას გაუსწრო სებასტიან ფეტელმა. "სკუდერიამ" თავიდან ვერ აიცილა მცირე პრობლემები. დილით მათ სამუშაოს შეწყვეტა მოუწიათ, მაგრამ შემდეგ გერმანელი დაბრუნდა ტრასაზე და ოთხწრიანი მოკლე სერიის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა - წუთი და 22.958 წამი.

ბევრ გუნდში მუშაობდნენ მანქანის საშუალედო ვერსიით - 2015 წლის შასის შარშანდელი ელემენტები ჰქონდა. აეროდინამიკასთან მუშაობა კიდევ გრძელდება და მანქანების საბოლოო ვერსიებს ტესტების ბოლო სერიაში ვნახავთ - ეს თებერვლის ბოლოს მოხდება. ახლა კი მთავარია, გადაწყვიტონ საიმედოობის სავარაუდო პრობლემები და მაქსიმალურად გრძელი დისტანცია გაიარონ.

რაც შეეხება "რედ ბულს", მის პილოტს, დანიელ რიკარდოს მოუწია წრეების სერიის შეწყვეტა - მანქანის უკანა ნაწილს ბოლი აუვიდა.

"უილიამსში" გამოტოვეს ტესტების პირველი ორი საათი, რათა დამატებით შეემოწმებინათ სისტემები. ამის შემდეგ ვალტერი ბოტასი შეუდგა სამუშაოს და სოლიდური მანძილიც გაიარა.

დილით წითელი დროშებიც აფრიალდა ერიქსონის ავარიის გამო, თუმცა მარკუსი დამოუკიდებლად მივიდა ბოქსებამდე და სესია გაგრძელდა. ტესტების დასრულებამდე ერთი საათით ადრე სესია გააჩერეს უმცროსი საინსის პრობლემების გამო - საჭირო გახდა მანქანის ევაკუაცია.

საბოლოო ოქმს სათავეში ფეტელი ჩაუდგა - 1.22,620. პირველ ორ ადგილზეა მანქანები "ფერარის" ძრავით, ყველაზე გრძელი დისტანცია კი როსბერგმა დაფარა - 157 წრე.

დღეს ტესტები გაგრძელდება.

I დღე
1. ფეტელი (Ferrari) 1:22.620 (59 წრე)
2. ერიქსონი (Sauber) +0.157 (73)
3. როსბერგი (Mercedes) +0.486 (157)
4. რიკარდო (Red Bull) +0.718 (35)
5. ბოტასი (Williams) +1.286 (72)
6. საინსი (Toro Rosso) +2.707 (46)
7. ალონსო (McLaren) +18.118 (6)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული