სებასტიან ფეტელი და "რედ ბული": არის ახალი კონტრაქტი!

AutoSharing Option
ავსტრიულმა საჯინიბო "რედ ბულმა" ოფიციალურად დაადასტურა კონტრაქტის გაგრძელება სებასტიან ფეტელთან. ახალი ხელშეკრულების თანახმად, გერმანელი თავის ამჟამინდელ გუნდში, მინიმუმ, 2015 წლის ბოლომდე დარჩება.

"რედ ბული" მოხარულია დაადასტუროს, რომ მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა გაახანგრძლივა თავისი მრავალწლიანი ხელშეკრულება გუნდთან 2015 წლის ბოლომდე.

სებასტიანი, რომელიც ადრე "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის წევრი იყო, პირველად გუნდში 2009 წელს გამოჩნდა. 25 წლის პილოტმა კარიერაში 29 გამარჯვება, 51 პოდიუმი და 39 პოული მოიპოვა. ის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ტიტულის სამგზის მფლობელია", - წერია ავსტრიული საჯინიბოს მოკლე განცხადებაში.

სებასტიანის
თანაგუნდელის ვინაობა მომდევნო სეზონისთვის ჯერ არ არის ცნობილი - "რედ ბული" ამ საკითხში სიცხადეს ზაფხულის პაუზის დროს შეიტანს.

შუმახერი: კორინას პირადი კომენტატორი ვარ
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მიხაელ შუმახერმა ინტერვიუ მისცა გაზეთ "ბილდს" და განაცხადა იმის შესახებ, რომ არ ნანობს ფორმულა 1-ში კარიერის საბოლოოდ დასრულებას. ამავდროულად, მან აღიარა, რომ თუ შეამჩნევდა გუნდში ტიტულისთვის ბრძოლის პერსპექტივას, კონტრაქტს აუცილებლად გააგრძელებდა.

მიხაელ შუმახერი: "გუნდს ტიტულისთვის ბრძოლის იმედი რომ ჰქონოდა, მე ამას ვიგრძნობდი და ამ შემთხვევაში, სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი. მაგრამ, ახლა კმაყოფილი ვარ. შინ იმაზე იშვიათად ვარ, ვიდრე წინა წლებში, სამაგიეროდ,ახლა მთელს ოჯახთან ერთად ვმოგზაურობ. კარგია, რომ ერთად ამდენ დროს ვატარებთ. სასიამოვნოა კორინასთან ერთად რბოლების ტელევიზორში ყურება და მის პირად კომენტატორად ყოფნა. მე მას ყველა ეპიზოდს 3-4 წრით ადრე ვუხსნი, სანამ ეს ფაქტობრივად მოხდება".

ამასწინ, შუმახერმა ცნობილ "ჩრდილოეთის მარყუჟზე" სახელდახელო რბოლაში მიიღო მონაწილეობა. ის გახდა პირველი პილოტი ხუან-მანუელ ფანხიოს (1954 წელი) შემდეგ, რომელიც იქ ფორმულა 1-ის მანქანით გამოვიდა. გერმანელის სიტყვებით, ეს გასვლა ტრასაზე, სავარადოდ, ბოლო არ იქნება მისთვის.

მიხაელ შუმახერი: "ეს არის ახალი შეგრძნებების მიღების იშვიათი შესაძლებლობა. ბრწყინვალე ტრასა - ერთი წრე 25 კილომეტრი, აღმართები, დაშვებები... არ მგონია, რომ ბოლოჯერ დავჯექი "მერსედესის" ბოლიდის საჭესთან.

ფორმულა 1-თან კავშირი არ გამიწყვეტია, არის რამდენიმე ადამიანი "მერსედესსა" და "ფერარიში", რომლებიც მუდმივად არიან ჩემთან კავშირში. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამით დიდად ვარ დაინტერესებული. 3-4 კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ ეს ზედმეტი კვების ბრალი არ არის, უბრალოდ, აღარ ვატარებ ვარჯიშებს ამტანობაზე".

ახლა, შუმახერს არ შეუძლია ძველებურად კალორიების დაწვა ფეხბურთის დახმარებით. გაზაფხულზე მან ბარძაყი დაიზიანა მოტოციკლით სეირნობის დროს და საქველმოქმედო მატჩებში უკვე იშვიათად ჩნდება. თუმცა გერმანელი ქველმოქმედებას მაინც არ ივიწყებს - მან გადაწყვიტა თავისი ერთ-ერთი სარბოლო კომბინეზონის აუქციონზე გაყიდვა, რათა გერმანიაში წყალდიდობით დაზარალებულებს დაეხმაროს.

მიხაელ შუმახერი: "საშინელებაა, რომ ამ ადამიანებმა "საუკუნის წყალდიდობიდან" 10 წლის თავზე, მეორედ დაკარგეს ქონება. იმედია, აუქციონზე კარგ თანხას მივიღებთ, რასაც საკუთარ ფულს დავუმატებ. თუ ჩვენ მივიღებთ 100 ათას ევროს, ამ თანხას გავაათმაგებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"რედ ბულის" პირველი კანადური ტრიუმფი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული