ფორმულა 1. ავსტრალიის გრანპრი: ეს უკვე საინტერესოა!

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში ახალი სეზონის სტარტი დაძაბული და მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა. რბოლის პირობებში ახალი მანქანები კარგად გამოიყურებოდა და, მართალია, გასწრებები ბევრი არ იყო, ცხადი გახდა მთავარი: "ფერარის" შეუძლია "მერსედესთან" ბრძოლა და მოგება.

ჯერ კიდევ სტარტის წინ, პელოტონმა დაკარგა პოდიუმის ერთ-ერთი პრეტენდენტი: "რედ ბულის" წევრმა დანიელ რიკარდომ სასტარტო ბილიკამდე ვერ მიაღწია, რისი მიზეზიც ტექნიკური პრობლემა იყო. ავსტრალიელის მანქანა სასწრაფოდ დააბრუნეს პიტ-ლეინზე, სადაც მექანიკოსები მის გარემონტებას შეეცადნენ.

სტარტზე ლუის ჰემილტონმა დამაჯერებლად შეინ
არჩუნა პირველი ადგილი და თავიდანვე დაბლოკა სებასტიან ფეტელი. უკან კი ვალტერი ბოტასმა არ მისცა შანსი აქტიურ კიმი რაიკონენს. უფრო მეტიც, ფინელს კინაღამ მაქს ფერსტაპენმა გაუსწრო.

ჰემილტონმა და ფეტელმა ძალიან მალე ჩამოიტოვეს კონკურენტები. ლიდერებს შორის წამის რამდენიმე მეათედი იყო სხვაობა, იმ დროს, როცა ბოტასი ორი წამით ჩამორჩა, რაიკონენი - თითქმის ხუთი წამით. კიმისთან ახლოს იყვნენ ფერსტაპენი და მეექვსე ადგილზე გადასული ფელიპე მასა. მაგრამ, "რედ ბულსა" და "უილიამსს" სიჩქარე არ ჰყოფნიდათ იმისთვის, რომ "ფერარის" დაწეოდნენ და შეტევაზე გადასულიყვნენ.

* * *
თანდათან ლიდერთა ბრძოლა სულ უფრო დაძაბული ხდებოდა: ჰემილტონის უპირატესობა ფეტელთან ცხრა მეათედ წამამდე დავიდა, ამასობაში, პიტ-სტოპების დროც დადგა. პირველი ბოქსებში ლუისმა შეუხვია და ახალი "სოფტით" პელოტონის სიღრმეში აღმოჩნდა. ის ფეტელს ყოველ წრეზე ნახევარ წამს უგებდა. თითქოს, "ფერარი" პიტ-სტოპის გადავადებით კარგავდა "მერსედესთან" ბრძოლის შანსს. მაგრამ, როგორც კი ჰემილტონი ფერსტაპენს დაეწია, სტატუს-ქვო შეიცვალა.

მაქსი აშკარად აყოვნებდა ლუისს, რომელიც ვერ ახერხებდა ჰოლანდიელის გასწრებას. ფეტელი კი თავისი ტემპით მოძრაობდა და "მერსედესთან" სხვაობამ ზრდა დაიწყო. როცა სებასტიანი ბოქსებში შევიდა, 23 წამით უგებდა ჰემილტონს, და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა "ფერარის" პილოტი ტრასაზე მეტოქის წინ დაბრუნებულიყო.

პიტსტოპების ტალღა 26-ე წრეზე დასრულდა. ამ მომენტისთვის, ფეტელის უპირატესობა ჰემილტონზე უკვე ექვს წამს უდრიდა.

სებასტიან ფეტელისთვის ბოლო 10 წრე ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი იყო მის კარიერაში. გერმანელი დამაჯერებლად ინარჩუნებდა უპირატესობას შვიდი წამის ფარგლებში და "ფერარის" 225-ე გამარჯვება მოუტანა. და ეს არის "სკუდერიას" პირველი მოგება 2015 წლის სინგაპურის გრანპრის შემდეგ.

რბოლის მეორე ნახევარში ჰემილტონი მანქანის მოქმედებით უკმაყოფილო იყო, მაგრამ მაინც მივიდა მეორე ადგილზე. მხოლოდ წამნახევარი ჩამორჩა ლუისს ვალტერი ბოტასი. ბოლო წრეებზე ფინელი აშკარად უფრო სწრაფი იყო, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო, სიტუაცია არ გაართულა და თანაგუნდელს არ შეუტია.

რაიკონენი ბოლო წრეებზე ასევე მოხვდა პრესინგში - ფინელს სწრაფად ეწეოდა ფერსტაპენი, მაგრამ ამ წყვილშიც არ მისულა საქმე შეტევამდე და პილოტებმა შეინარჩუნეს პოზიციები: კიმი მეოთხე იყო, მაქსი - მეხუთე.

უნდა აღინიშნოს ერთი მომენტი. 2017 წელს, ტრასაზე სრულიად ახალი მანქანები ვიხილეთ და როგორც ხშირად ხდება ახალ ტექნიკასთან მიმართებაში, ბევრი იყო ხარვეზი. საკმარისია აღინიშნოს, რომ ფინიშამდე მხოლოდ 13-მა მანქანამ მიაღწია.
სეზონის მეორე ეტაპი - ჩინეთის გრანპრი 9 აპრილს, შანხაიში გაიმართება.

ავსტრალიის გრანპრი
მელბურნი. 58 წრე, 307.574 კმ
1(2). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) 1:24.11,670
2(1). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +9,975
3(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) +11,250
4(4). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +22,393
5(5). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) +28,827
6(7). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) +1.23,386
7(10). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) 1 წრე
8(8). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 1 წრე
9(9). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 1 წრე
10(13). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) 1 წრე

11(11). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) 1 წრე
12(16). ანტონიო ჯოვინაცი (იტა, ზაუბერი) 2 წრე
13(18). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ
14(12). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 50 წრე
15(17). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 46 წრე
16(20). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 40 წრე
17(15). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) 25 წრე
18(14). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 21 წრე
19(19). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 15 წრე
20(6). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 13 წრე

რატომ წააგო "მერსედესმა"?
"მერსედესში" განაცხადეს, რომ ავსტრალიის გრანპრიზე გამარჯვება ხელიდან გაუშვეს არა ტაქტიკაში შეცდომის, არამედ, ""ფერარის" კარგი ტემპის გამო.

"ფერარის" უსწრაფესი მანქანა ჰყავდა და ისინი თავიდანვე ძალიან გვავიწროებდნენ, - განაცხადა გერმანული საჯინიბოს შეფმა ტოტო ვოლფმა. - ვშიშობდით, რომ უფრო ადრეული პიტსტოპის წყალობით გაგვასწრებდნენ. ვიცოდით, რომ ჩვენი პიტ-სტოპის შემდეგ, ლუისი ფერსტაპენისა და რაიკონენის უკან აღმოჩნდებოდა. რაც, საბოლოოდ, მოხდა კიდეც. "ფერარიში" კარგად იმუშავეს".

"მერსედესის" არააღმასრულებელმა დირექტორმა ნიკი ლაუდამ დაამატა: "ყველაფერი მარტივია: "ფერარი" უფრო სწრაფი იყო. ისინი დომინირებდნენ სტარტიდან ფინიშამდე. არ აქვს მნიშვნელობა, ჰემილტონი ადრე შევიდოდა ბოქსებში თუ გვიან".

თუმცა, "ფერარის" მთავარი ინჟინერი ჯოკ კლია მიიჩნევს, რომ პიტ-სტოპამდე სულაც არ იყო ცხადი იტალიელების უპირატესობა.

"გვესმოდა, რომ კარგი ტემპი გვქონდა და შეგვეძლო გვეცადა წინ გასვლა ბოქსებში უფრო ადრე გაჩერების ხარჯზე, - თქვა მან. - ფეტელი ძალიან მოუახლოვდა ჰემილტონს და პიტ-სტოპზე შესვლა მოამზადა, მაგრამ ლუისი პიტ-ლეინზე უფრო ადრე წავიდა.

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ტრასაზე რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩენილიყავით და ჰემილტონისთვის რბოლის ბოლოს შეგვეტია, მაგრამ ის ტრაფიკში მოხვდა და ჩვენ წინ გასვლა შევძელით. უნდა ვაღიაროთ, რომ გაგვიმართლა, როცა ჰემილტონი ფერსტაპენის უკან აღმოჩნდა".

ფეტელი პირველ მოგებაზე
რბოლის შემდეგ, სებასტიან ფეტელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს გამარჯვება "ფერარის" ძალიან სჭირდებოდა.

"ვფიქრობ, ძალიან სწრაფად გავაცნობიერეთ, რომ დღეს კარგი ტემპი გვქონდა. მოვახერხე და კვალში ჩავუდექი ლუისს. სადღაც მეათე წრიდან, მან ზღვარზე შეტევა დაიწყო და კომფორტული უპირატესობის შექმნა სცადა. და ნაწილობრივ, მიაღწია წარმატებას, რადგან ჩემთვის რთული იყო ასეთივე სიჩქარის ჩვენება. თუმცა, ახლოს მაინც ვრჩებოდი.

ვიცოდი, რომ თუ პირველ პიტ-სტოპზე რამე მოხდებოდა, ლუისთან ახლოს უნდა ვყოფილიყავი - ან ზეწოლა მომეხდინა მასზე ან გამესწრო მისთვის ნაადრევი პიტ-სტოპის წყალობით. როგორც კი "მერსედესის" ტაქტიკა ცნობილი გახდა, აზრი დაეკარგა ამგვარ სცენარს. ამიტომაც, დავრჩით ტრასაზე, საბურავები კარგ მდგომარებაში იყო და ტემპიც კარგი გვქონდა.

ამის შემდეგ, დავიჭირეთ მომენტი, როცა ლუისთან უპირატესობა საკმარისი იყო ბოქსებში წასასვლელად. ამან გაამართლა. ტრასაზე მაქსის წინ დავბრუნდი, რომელსაც უკან მოყვებოდა ლუისი. მეგონა, რომ მაქსი შემიტევდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ცხადია, რომ ეს იყო რბოლის გადამწყვეტი მომენტი", - განაცხადა გუშინდელი ეტაპის ტრიუმფატორმა ფეტელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული